როდესაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) განაკვეთების შემცირების ციკლს დიდი ნაბიჯით იწყებს, ეს ეკონომიკისთვის ყოველთვის კარგად არ სრულდება.
ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტმა (FOMC) საპროცენტო განაკვეთების 50 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათამდე Fed 14 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზე.
ზოგიერთ უახლეს შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთების დიდ შემცირებას რეცესია მოჰყვა. თუმცა ზოგი ეკონომისტი და ფედერალური ბანკის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც ამჯერად ეს არ მოხდება.
მომხდარა ეს წარსულში?
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Fed-მა საპროცენტო განაკვეთების შემცირების ციკლის დასაწყებად დიდი ნაბიჯი გადადგა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი 2001 და 2007 წლებშიც მსგავსი სიტუაციების წინაშე აღმოჩნდა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების შემდეგ, ცენტრალურმა ბანკებმა ეს მაჩვენებელი სწრაფად შეამცირეს 50 საბაზისო პუნქტით. ამ შემთხვევებში, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი დაწევა რეცესიის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ბოლო დროს, ყველა შემთხვევაში, როდესაც Fed-მა საპროცენტო განაკვეთების დაწევა 50-პუნქტიანი კლებით დააჩქარა, ცუდი რამ მოხდა“ — წერს Deutsche Bank-ის ანალიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც კვლევის სტრატეგი, ჯიმ რეიდი ხელმძღვანელობდა.
თუმცა Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განაკვეთების შემცირებამ ეკონომიკის შენელებას ხელი ვერ შეუშალა, შეიძლება Fed-ის ეს ნაბიჯი სულაც არ იყო პრობლემატური. „კორელაცია არ არის მიზეზ–შედეგობრივი კავშირი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი ფინანსური კრიზისი მხოლოდ Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების 50 საბაზისო პუნქტით შემცირებამ გამოიწვია“ — ნათქვამია შენიშვნაში.
ამჯერად რა მოხდება?
უმეტესი ანგარიშების მიხედვით, ეკონომისტები ჯერ კიდევ ვარაუდობენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მიაღწევს „რბილ დაშვებას“, რომლის დროსაც ეკონომიკა საკმარისად გრილდება ინფლაციის შესამცირებლად, მაგრამ არა იმდენად, რომ რეცესიაში გადავიდეს.
„რეცესიის განგაშის ზარს ფარავს დასაქმების გამამხნევებელი ანგარიში, სოლიდური მიღწევები საცალო გაყიდვებში და წარმოების აღდგენა, რაც მთლიანობაში ეკონომიკის დაღმასვლის შიშს ამცირებს“ — დაწერა ოთხშაბათს Oxford Economics-ის ამერიკელმა ეკონომისტმა, მეთიუ მარტინმა.
Deutsche Bank-ში განაცხადეს, რომ 2001 და 2007 წლებისგან განსხვავებით, ფედერალური სარეზერვო სისტემა მუშაობს შეტევაზე და არა — დაცვაზე. ეკონომისტების თქმით, ორივე ისტორიულ მაგალითში Fed წყვეტდა ისედაც არასტაბილური ეკონომიკის სტაბილიზაციის მცდელობას. დღეს კი ცენტრალური ბანკის მენეჯერები ცდილობენ ნავიგაციას ეკონომიკაში, რომელიც, პანდემიის გამო, ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებულია.
„2024 წლის საპროცენტო განაკვეთების შემცირება ასახავს უფრო კომპლექსურ დაბალანსების აქტს“ — წერენ Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები. „Fed, ოპერირებს რა პოსტპანდემიურ სამყაროში, ებრძვის მუდმივ ინფლაციას და ცდილობს ეკონომიკისთვის „რბილ დაშვებას“ მიაღწიოს“.