Amazon-ის აქციონერებს ფანტასტიკური 2023 წელი ჰქონდათ, რადგან ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი გასულ წელს 80%-ით გაიზარდა, რამაც საგრძნობლად გადააჭარბა როგორც S&P 500-ის (24%), ასევე ტექნოლოგიური აქციებით დატვირთული Nasdaq ინდექსის (43%) წარმადობას. მიუხედავად ამისა, ეს შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციების ფასი რეკორდულ მაქსიმუმებს დაჰბრუნებოდა. თუმცა წლის ბოლოს Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1.5 ტრილიონს გადააჭარბა. Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი ($155) ჩამოუვარდება იმ მაქსიმალურ ნიშნულს ($180-ზე მეტი), რომელიც 2021 წლის ბოლოს მზარდი ბაზრის პერიოდში დაფიქსირდა.
2023 წელს Amazon-ის აქციების ფასის ზრდა განპირობებული იყო რამდენიმე წამახალისებელი ტენდენციით, რაც მომავალში ამ ბიზნესისთვის გაცილებით მაღალი წლიური შემოსავლის მანიშნებელია.
გაყიდვების ზრდის დაჩქარება
Amazon წლის განმავლობაში გაყიდვების დაჩქარებულ ტენდენციებს აქვეყნებდა, რამაც ინვესტორებს კომპანიის აქციებით დაინტერესების მეტი მიზეზი მისცა. ბოლო კვარტალში გაყიდვები წლიდან წლამდე 13%-ით გაიზარდა. შედარებისთვის ეს მაჩვენებელი ფისკალურ მეორე კვარტალში 11%-ით გაუმჯობესდა, ხოლო პირველში — 9%-ით. უოლ სტრიტი სიხარულით ხვდება შემოსავლების აჩქარებას, განსაკუთრებით ისეთი ბიზნესის შემთხვევაში, რომლის გაყიდვებიც ყოველწლიურად $500 მილიარდს აღწევს.
ამ აღდგენის ნაწილი გამოწვეული იყო 2022 წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში პოსტპანდემიური შენელების შემდეგ ელექტრონული კომერციის მიმართულებაში დაფიქსირებული ზრდით. თუმცა ინვესტორები კიდევ უფრო მეტად Amazon-ის სერვისების სეგმენტის სწრაფად გაფართოებამ გაახარა. ეს განყოფილება, რომელიც მხარს უჭერს Amazon Web Services (AWS) პლატფორმას, გასულ კვარტალში 18%-იანი ტემპით გაიზარდა და ახლა მთლიანი ბიზნესის 50%-ზე მეტს შეადგენს. ეს შესანიშნავი სიახლეა, რადგან სერვისების გაყიდვების მუდმივი ზრდა, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში მომგებიანობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, Amazon-მა ასევე აჩვენა სოლიდური პროგრესი ზრდასა და მოგებას შორის უფრო მეტი ბალანსის დამყარების მიმართულებით. ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში საოპერაციო ფულადი ნაკადები გაიზარდა და ეს მაჩვენებელი, 2022 წელს შემცირების შემდეგ, მყარად დადებით ტერიტორიაზეა. მოგების ტრაექტორიაც გაცილებით ძლიერია.
თუ Amazon-ის საოპერაციო და ფინანსური იმპულსი 2024 წელსაც შენარჩუნდება, შესაძლოა, საოპერაციო მოგების მარჟამ ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლებით ზრდა განაგრძოს. ამ მიმართულებით წარმატება გულისხმობს გაცილებით მაღალ მოგებას და აქციონერთა პოზიტიურ შემოსავალს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ანალიტიკოსების შეფასებები
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $155.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19 %-იან ზრდას გულისხმობს.