რა მოხდა?
კონტეინერების ლიზინგის სპეციალისტი — Triton International დათანხმდა Brookfield Infrastructure Partners-ისგან $13.3 მილიარდად შეძენის წინადადებას (ვალის ჩათვლით). სამშაბათის დახურვის ფასთან შედარებით ეს დიდი პრემიაა, შედეგად კი გუშინ Triton-ის აქციების ფასი 32%-ზე მეტით გაიზარდა.
და რა?
Triton ინტერმოდალური სატვირთო კონტეინერების მსოფლიოში ყველაზე დიდი მეიჯარეა. ეს კონტეინერები შექმნილია ტვირთების გემების, სარკინიგზო და სატვირთო მანქანების საშუალებით ადვილად გადასატანად. კომპანია 7 მილიონზე მეტ კონტეინერს ფლობს და უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვის ლიკვიდობას მსხვილი მომხმარებლებისთვის, რომლებიც მუდმივად ცდილობენ თავიანთი სიმძლავრის ოპტიმიზაციას.
ოთხშაბათს, Brookfield-ის მენეჯმენტმა გამოაცხადა Triton-ის შეძენის გეგმა, რომელიც სამიზნეს თითო აქციაზე $85-ად აფასებს ($68.50 ნაღდი ფულით და $16.50 Brookfield-ის აქციებით). შესყიდვის ფასი 11 აპრილს Triton-ის დახურვის ფასზე 35%-იან პრემიას წარმოადგენს.
თუ გარიგება დაიხურება ისე, როგორც დაგეგმილია, ინვესტორები, რომლებიც Triton-ის აქციებს 2016 წელს შერწყმის შედეგად კომპანიის დაარსების დღიდან ფლობენ, 700%-იან ანაზღაურებას მიიღებენ.
ახლა რა?
Triton გლობალური გადაზიდვების ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. თუმცა ეს არის ციკლური ბიზნესი, რომელსაც ზედმეტად ბევრი მარაგის შენახვის საშიშროება ახლავს თან. ამის გათვალისწინებით, ძალიან ლოგიკურია, რომ კომპანია ძალებს Brookfield-თან აერთიანებს. ამ უკანასკნელის პერსპექტივიდან Triton კომპანიას სთავაზობს სტაბილურ ფულად ნაკადებს, პროგნოზირებად მარჟებს და ძლიერ შემოსავალს. იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელობებს არ ექნება ადგილი, გარიგება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიხურება.