რა მოხდა?
Tripadvisor-ის აქციების ფასი სამშაბათს 17%-ით დაეცა მას შემდეგ რაც მოგზაურობის ვებგვერდის ოპერატორის კვარტალურმა ანგარიშმა ინვესტორების მოლოდინი ვერ გაამართლა.
და რა?
მესამე კვარტალში Tripadvisor-ის შემოსავალი 51%-ით გაიზარდა და $459 მილიონი შეადგინა. მოგება ნაწილობრივ განპირობებული იყო Viator-ით, კომპანიის ღირსშესანიშნაობების ტურებისა და ერთდღიანი მოგზაურობების მიმართულებით, რომლის შემოსავალი 138%-ით — $174 მილიონამდე გაიზარდა.
Tripadvisor-ის ბრენდირებული ვებგვერდების საშუალო ყოველთვიური უნიკალური მომხმარებლების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა. ეს წარმოადგენდა იმ მომხმარებლების დაახლოებით 82%-ს, რომლებიც სამოგზაურო პლატფორმას 2019 წლის პანდემიამდელ მესამე კვარტალში ჰყავდა.
„Tripadvisor-ის ბრენდებისა და შეთავაზებების ჯგუფი აგრძელებს მოგზაურობისა და გამოცდილების სანდო წყაროს უზრუნველყოფას, ღირებულების მიწოდებას იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ დაუკავშირდნენ მსოფლიოს, რადგან მოგზაურობის ინდუსტრიის აღდგენა გრძელდება”, — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — მეტ გოლდბერგმა პრესრელიზში.
შემოსავლის მატებამ Tripadvisor-ის კორექტირებული წმინდა შემოსავლის 78%-ით — $41 მილიონამდე, (ანუ EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0,28 შეადგინა) ზრდას შეუწყო ხელი. მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდისა, კომპანიის მოგება, უოლ სტრიტის შეფასებით, დაბალი იყო. ანალიტიკოსების პროგნოზი იყო $0.39-ის ტოლი EPS.
ახლა რა?
მომხმარებელთა მოთხოვნის აღდგენიდან გამომდინარე ონლაინ მოგზაურობის ინდუსტრიაში კონკურენცია ძლიერდება. ეს Tripadvisor-ის მენეჯმენტს, ბაზრის წილის დასაცავად და ვებგვერდის ტრაფიკის გასაზრდელად, აგრესიული ხარჯვისკენ უბიძგებს. მესამე კვარტალში კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯები 58%-ით გაიზარდა. ეს ინვესტიციები Tripadvisor-ის უახლოეს მომგებიანობაზე ნეგატიურად ზემოქმედებს.
გარდა ამისა, აშშ დოლარის სიმყარე უარყოფითად მოქმედებს Tripadvisor-ის საერთაშორისო შედეგებზე. სავალუტო კურსის ცვლილებებმა ტურისტული პლატფორმის შემოსავალი $34 მილიონით შეამცირა.
მიუხედავად ამისა, მენეჯმენტი Tripadvisor-ის გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი. „ჩვენი ბრენდი, წვდომა და საზოგადოება, ისევე როგორც სხვა მდგრადი აქტივები, როგორიცაა მონაცემები და კონტენტი, არის ძლიერი მხარე, რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ“, – ნათქვამია კომპანიის მმართველების აქციონერებისადმი მიწერილ წერილში.