რა მოხდა?
გუშინ Target-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა, რადგან ნოემბრის საცალო გაყიდვების ანგარიში სუსტი იყო. ამასთან, როგორც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed), ისე ინგლისის ბანკმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 0.5%-ით გაზარდა, რაც გლობალური ეკონომიკის რეცესიაში გადასვლის შანსებს ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ Target-თან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული სიახლე არ გავრცელებულა, საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციები ზოგადად საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ გაყიდვის ტენდენციას გამოეხმაურა.
და რა?
გუშინ დილით, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში საცალო ინდუსტრიის გაყიდვები ნოემბერში (ოქტომბერთან შედარებით) 0,6%-ით დაეცა, რაც 0,3%-ით შემცირების მოლოდინზე უარესი იყო. წლიდან წლამდე, საცალო გაყიდვები ყველა კატეგორიაში 6.5%-ით გაიზარდა.
Target-ის მენეჯმენტმა წელს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი სუსტ მოთხოვნას, ნოემბრის მონაცემებმა კი სადღესასწაულო სეზონის წინ ინვესტორების განწყობა შეარყია. გაყიდვები განსაკუთრებით სუსტი იყო დისკრეციული საქონლის კატეგორიებში, რომლებზეც Target-ის ზრდა დიდწილად არის დამოკიდებული.
კომპანია ყიდის ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებსაც, როგორიც არის სასურსათო პროდუქტები, თავის მოვლის საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები, თუმცა დისკრეციული საქონელს უფრო მაღალი მარჟები გააჩნია, შესაბამისად, მოგების თვალსაზრისით ისინი უფრო მნიშვნელოვანია.
უნდა აღინიშნოს, რომ ოქტომბერში საცალო გაყიდვები, წინა თვესთან შედარებით, 1.3%-ით გაიზარდა. ეს იმან განაპირობა, რომ ამერიკელებმა სადღესასწაულოდ საჭირო პროდუქციის შეძენა ადრე დაიწყეს, რადგან კომპანიები ჭარბი მარაგებისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ და საქონელს ფასდაკლებით ყიდდნენ.
ახლა რა?
მესამე კვარტლის ანგარიშში, რომელიც Target-მა ერთი თვის წინ წარადგინა, ნოემბრამდე არსებული მოთხოვნის შესუსტების ტენდენციები გამოვლინდა, ასე რომ, ეს რიცხვები გასაკვირი არ არის.
ამ წინაღობის გამო, მენეჯმენტი მეოთხე კვარტალში გაყიდვების დაბალ, ერთნიშნა პროცენტულ კლებას ელის. საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, შესაძლოა, Target-ის პრობლემები კიდევ რამდენიმე კვარტლის განმავლობაში გაგრძელდეს.