რა მოხდა?
გუშინ Spotify-ს აქციების ფასი დაეცა მას შემდეგ, რაც აუდიო პლატფორმის მზარდმა ზარალმა ინვესტორები შეაშფოთა. აღმოსავლეთის დროით 15:25 საათისთვის კომპანიის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა.
და რა?
მესამე კვარტალში Spotify-ს ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) რაოდენობა წლიდან წლამდე 20%-ით — 456 მილიონამდე გაიზარდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ძლიერი ზრდით არის გამოწვეული. ეს აღემატებოდა მენეჯმენტის პროგნოზს — 450 მილიონს და უოლ სტრიტის მოლოდინს — 448.6 მილიონს.
გადამხდელი მომხმარებლების რაოდენობაც ასევე მყარი, თუმცა უფრო ნელი ტემპით გაიზარდა. წახალისებები და სიახლეები კომპანიას თავისი პრემიუმ აბონენტების ბაზის 13%-ით — 195 მილიონამდე გაზრდაში დაეხმარა. ამან ასევე გააუმჯობესა მენეჯმენტისა და ანალიტიკოსების მოლოდინები — მათი საერთო პროგნოზი 194 მილიონი აბონენტია.
Spotify თავისი სარეკლამო ინიციატივებით პროგრესირებას განაგრძობს. კომპანიის რეკლამით მხარდაჭერილი სერვისებისგან მიღებული შემოსავალი 19%-ით — €385 მილიონამდე ($388 მილიონი) გაიზარდა, რაც Spotify-ს პოდკასტის სტაბილურად მზარდი ბიზნესით არის გამოწვეული. საერთო ჯამში, მთლიანი შემოსავალი 21%-ით — €3 მილიარდამდე ($3 მილიარდი) გაიზარდა.
თუმცა კონტენტზე გაწეული მაღალი ხარჯები და ზრდის მიმართულებით განხორციელებული სხვა ინვესტიციები Spotify-ს მოგების მარჟაზე უარყოფითად აისახებოდა. წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით მისი მთლიანი მარჟა 26.7%-დან 24.7%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, Spotify-მ დააფიქსირა საოპერაციო ზარალი €228 მილიონის ($230 მილიონი) ოდენობით საოპერაციო შემოსავალთან შედარებით, რომელმაც ერთი წლის წინ €75 მილიონი ($76 მილიონი) შეადგინა.
ახლა რა?
მომგებიანობის გასაუმჯობესებლად Spotify-ს მენეჯმენტი გეგმავს მომავალ წელს კომპანიის სააბონენტო სერვისებზე ფასები გაზარდოს. აღმასრულებელმა დირექტორმა — დანიელ ეკმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ ფასები, სავარაუდოდ, 2023 წელს გაიზრდება.
მიუხედავად ამისა, Spotify-ს წარმომადგენლები თვლიან, რომ სტრიმინგ კომპანიის აბონენტთა ბაზას შეუძლია ზრდა შთამბეჭდავი ტემპით განაგრძოს. მენეჯმენტი მეოთხე კვარტალში დაახლოებით 23 მილიონი მომხმარებლის და 7 მილიონი გამომწერის დამატებას ელის.