ბევრი ახალგაზრდა ზრდასრული ადამიანი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ინვესტირება გადადოს იქამდე, სანამ მისი ფინანსური მდგომარეობა, თეორიულად, უფრო სტაბილური გახდება. თუმცა, ცხოვრების ადრეულ ეტაპზე საინვესტიციო სამყაროში შებიჯებას მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნია და დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.
დრო
მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, 25 წლის ადამიანს შეიძლება არც ისე დიდი შემოსავალი გააჩნდეს, მის განკარგულებაში ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი აქტივია — დრო. რაც უფრო მეტი დრო გექნებათ ინვესტირებისთვის, მით უფრო მეტად შეძლებთ რთული პროცენტის ეფექტით სარგებლობას. ამას კი უფრო თვალსაჩინოდ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნახავთ.
მეტი რისკის აღების შესაძლებლობა
ინვესტორის ასაკი გავლენას ახდენს იმ რისკის მოცულობაზე, რომლის გაწევაც მას შეუძლია. ახალგაზრდა ადამიანებს დროის გრძელი ჰორიზონტი გააჩნიათ, რადგან საპენსიო ასაკი შორსაა, ამიტომ მათ შეუძლიათ, შექმნან უფრო „აგრესიული“ საინვესტიციო პორტფელი, რომელიც უფრო მეტ რისკსა და, შესაბამისად, მეტ პოტენციურ ანაზღაურებას გულისხმობს. ის ინვესტორები კი, რომლებიც საპენსიო ასაკთან ახლოს არიან, კონცენტრირდებიან უფრო დაბალრისკიან ინვესტიციებზე, როგორიც არის ობლიგაციები ან სადეპოზიტო სერტიფიკატები.
მეტი დრო პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად
ახალგაზრდა ინვესტორებს აქვთ მოქნილობა და დრო, რომ ინვესტირების შესახებ საკუთარი წარმატებებსა და წარუმატებლობებზე დაყრდნობით ისწავლონ. მათ გააჩნიათ საკმაოდ დიდი დრო, რათა ბაზარი სიღრმისეულად შეისწავლონ, საინვესტიციო სტრატეგიები დახვეწონ და ა. შ. გარდა ამისა, ახალგაზრდა ინვესტორებს აქვთ მეტი დრო, რათა საკუთარი საინვესტიციო შეცდომები გამოასწორონ და გრძელვადიან პერსპექტივაში სიმდიდრის დაგროვება შეძლონ.
ტექნოლოგია
ახალგაზრდა თაობა თანამედროვე ტექნოლოგიებში კარგად ერკვევა, მას შეუძლია საჭირო ინფორმაცია მარტივად და სწრაფად მოიძიოს, ჩაატაროს კვლევა და ონლაინ ინვესტირების ინსტრუმენტები გამოიყენოს. ინტერნეტი დიდ შესაძლებლობებს იძლევა როგორც ფუნდამენტური, ასევე ტექნიკური ანალიზისთვის, ინვესტირებისთვის საჭირო ცოდნის დასაგროვებლად. ტექნოლოგიას, მათ შორის სოციალურ მედიას და აპლიკაციებს, შეუძლია ახალგაზრდა ინვესტორის ცოდნის ბაზისა და გამოცდილების ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
ადამიანური კაპიტალი
იქიდან გამომდინარე, რომ ხელფასის გამომუშავების უნარი ინვესტიციებისთვის და პენსიაზე გასვლისთვის ფუნდამენტურია, განათლების მიღება და მაღალანაზღაურებადი უნარების ათვისება ძალიან ღირებული ინვესტიციაა, რომელსაც თქვენთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. არსებობს მრავალი გზა, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი შესაძლებლობები გაზარდონ, მიიღონ უფრო მაღალი ხელფასი, ეს ყველაფერი კი ინვესტირების ერთ-ერთ ფორმად ითვლება.