რა მოხდა?
გუშინ Pinterest-ის აქციების ფასი გაიზარდა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ Google-ის მშობელმა – Alphabet-მა მეორე კვარტალში მოსალოდნელზე უკეთესი სარეკლამო შემოსავალი დააფიქსირა, რამაც გასულ კვირას Snap-ის სავალალო შედეგების შემდეგ ციფრული რეკლამის კოლაფსით გამოწვეული შეშფოთება, გარკვეულწილად გაანეიტრალა. შუადღის ვაჭრობაში Alphabet-ის აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, რამდენიმე საინფორმაციო გამოცემამ განაცხადა, რომ აქტივისტმა ინვესტორმა – Elliot Management-მა Pinterest-ის წილის შეძენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ PayPal-ის აქციებიც შეიძინა, რაც, შეიძლება, მიგვანიშნებდეს, რომ PayPal კვლავ შეეცდება Pinterest-ის შეძენას. ამ გარიგების შესახებ ჭორები ერთი წლის წინ გავრცელდა.
გუშინ, როდესაც Nasdaq თითქმის 3%-ით გაიზარდა, Pinterest-ის აქციების ფასმა, აღმოსავლეთის დროით 14:14 საათისთვის 8.7%-ით მოიმატა.
და რა?
გუშინ Pinterest-ის შესახებ პირდაპირი სიახლეები არ ყოფილა, მაგრამ ეს ორი ელემენტი საკმარისი აღმოჩნდა კომპანიის აქციების ფასის თითქმის 10%-ით გასაზრდელად. Alphabet-ის მეორე კვარტლის ზრდა ვარსკვლავური არ ყოფილა, მაგრამ მან მოახერხა ინვესტორების იმაში დარწმუნება, რომ სარეკლამო ბაზარი ჯერ კიდევ ჯანსაღია.
საძიებო გიგანტის მთლიანი შემოსავალი 13%-ით გაიზარდა, ანუ მუდმივ ვალუტაში 16%-ით – $69.7 მილიარდამდე, რაც მოლოდინებს არსებითად ემთხვევა. Google-ის სარეკლამო შემოსავალი 11.6%-ით – $56.3 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო საძიებო შემოსავალმა 14%-ით მოიმატა. Youtube სუსტი რგოლი აღმოჩნდა, მისი შემოსავალი მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, სარეკლამო შემოსავალმა, ერთი წლის წინა კვარტალში ძლიერი ზრდის შემდეგ მოლოდინებს გადააჭარბა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ისეთი სოციალური მედიის აქციების ფასები, როგორიც არის Pinterest და Meta Platforms, კვარტალური ანგარიშების წარდგენამდე გაზრდილიყო.
გარდა ამისა, PayPal-ში Elliott-ის მიერ ჩადებული ინვესტიციის ახალი ამბის გავრცელების შედეგად, ფინტექ კომპანიის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ Elliot, ხარჯების შემცირების მიზნით, PayPal-ზე ზეწოლას განახორციელებს, თუმცა ციფრული გადახდების კომპანიის მიერ Pinterest-ის შეძენის შესახებ არაფერია ნახსენები.
ახლა რა?
Pinterest-ის აქციების ფასის ზრდის გუშინ დაფიქსირებული მატება საკმარისი არ არის, რადგან ინვესტორები, კომპანიის მეორე კვარტლის წარმადობის შესაფასებლად, უნდა დაელოდონ კომპანიის კვარტალურ ანგარიშს, რომელიც 1 აგვისტოს არის ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, სარეკლამო ბაზარზე გარკვეული შენელება იგრძნობა, Pinterest გვთავაზობს როგორც Snap-ისგან, ასევე, Google-სგან განსხვავებული ღირებულების შეთავაზებას. გარდა ამისა, ინვესტორების წინაშე პირველად წარდგება ახალი აღმასრულებელი დირექტორი – ბილ რედი და საინტერესო იქნება მისი აზრები კომპანიის შემოსავლების ზრდის მკვეთრი შენელების შემდეგ მდგომარეობის შემობრუნების შესახებ.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ შემოსავლები მხოლოდ 9%-ით – $667 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) $0.25-დან $0.28-მდე შემცირდება.