რა მოხდა?
ელექტრომობილების (EV) მწარმოებელი ჩინური კომპანიის — Nio-ს აქციების ფასი პარასკევს დაახლოებით 1.5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი.
და რა?
კლება დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ იანვრის მიწოდების მონაცემები გამოავლინა. თუმცა Nio-მ ასევე გამოაცხადა რამდენიმე დადებითი სიახლე, რომელიც ხაზს უსვამს კომპანიის სტრატეგიას, გახდეს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ელექტრომობილების გამყიდველი. სექტორის ლიდერის — Tesla-ს მსგავსად, Nio-საც მზარდი ენერგეტიკული ბიზნესი აქვს.
Nio სხვა გლობალური ელექტრო მწარმოებლებისგან გამოირჩევა BaaS (ბატარეა როგორც სერვისი) ოფციით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ Nio-ს მანქანების საწყისი ღირებულება და, სანაცვლოდ, Nio-ს ელექტროენერგიის გადაცვლის სადგურის ქსელის გამოსაყენებლად გამოწერის საფასური გადაიხადონ. ამ ენერგეტიკული პროდუქტებისა და გადაწყვეტების სეგმენტის გამოყენებით ახლა კომპანია ევროპაში თავისი ბიზნესის გაზრდას ცდილობს.

ახლა რა?
გასულ წელს Nio-მ დააჩქარა მანქანების მიწოდება ევროპაში, რათა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ექსპანსიის მიზანი განეხორციელებინა. მაგრამ კომპანიის მენეჯმენტმა ამ კვირაში ასევე განაცხადა, რომ Nio European Union’s Horizon Europe-ის კვლევით პროგრამას შეუერთდა. ეს პროგრამა უზრუნველყოფს კომპანიის დაფინანსებას ენერგიის შენახვის სისტემების კვლევისა და განვითარების ექსპანსიისთვის. Nio გამოიყენებს ბატარეის გადაცვლის სადგურებს, რათა ენერგეტიკული სისტემები უფრო ელასტიკური, საიმედო და ეფექტური გახდეს.
თუმცა, კომპანიის ევროპული ბიზნესის გაფართოებას დრო დასჭირდება. როგორც ჩანს, ინვესტორები უფრო მეტ მოკლევადიან სიახლეებზე არიან ორიენტირებულნი, როგორიცაა იანვარში Nio-ს ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემები. 2022 წლის მაისის შემდეგ, გასულ თვეში Nio-ს ელექტრომობილების მიწოდება ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა.
თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, Nio-ს მზარდი ბიზნესი ევროპაში, ელექტროენერგიის გაცვლის უნიკალურ ტექნოლოგიასთან ერთად, პოზიტიურ განვითარებას წარმოადგენს.