რა მოხდა?
Markel-მა 2022 წელს ძლიერი პირველი ნახევარი დააფიქსირა და S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, მისი აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 30 ივნისამდე 4.8%-ით გაიზარდა.
ფინანსურმა ფირმამ აჯობა S&P 500-ს, რომელიც 2022 წლის პირველ ექვს თვეში 21.6%-ით დაეცა, ისევე როგორც, Dow Jones Industrial Average-ს, რომელიც 30 ივნისამდე 15.3%-ით შემცირდა. 11 ივლისის მდგომარეობით Markel-ის აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით გაზრდილი რჩება.
და რა?
Markel-ს ბევრი ინვესტორი მოიხსენიებს, როგორც „პატარა Berkshire-ს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბიზნეს მოდელი ძალიან ჰგავს Berkshire Hathaway-სას. რეალურად, Markel არის ჰოლდინგი სამი ბიზნესისთვის: სადაზღვევო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია გადაზღვევასა და სპეციალურ დაზღვევაში; საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც საჯარო კომპანიების პორტფელში ინვესტირებას ახორციელებს; და Markel Ventures, რომელიც ინვესტიციებს კერძო კომპანიებში დებს.
სადაზღვევო ინდუსტრია იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელმაც წლის პირველ ნახევარში შედარებით უკეთ იმოქმედა, რამაც Markel გააძლიერა, რადგან უფრო მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა მისი ობლიგაციების პორტფელის ღირებულება გაზარდა და ინფლაციამ კომპანიას სადაზღვევო განაკვეთების გაზრდის უფლება მისცა.
მაღალმა განაკვეთებმა ბიზნესის დაკარგვა არ გამოიწვია, რადგან Markel-ს ანდერრაიტინგის მიმართ ძალიან მკაცრი მიდგომა და სპეციალურ სადაზღვევო ბიზნესში დიდი ხნის დამკვიდრებული ბრენდი აქვს. ფაქტობრივად, Markel-მა წლის პირველ კვარტალში კომბინირებული კოეფიციენტის 94%-დან 89%-მდე შემცირება მოახერხა. 100%-ზე რაც უფრო დაბალია კომბინირებული კოეფიციენტი, პრეტენზიების დაკმაყოფილებასთან შედარებით, მით უფრო მეტს გამოიმუშავებს კომპანია პრემიებში.
მიუხედავად იმისა, რომ bear market-ის გამო კომპანიის საინვესტიციო პორტფელმა წმინდა ზარალი განიცადა, Markel Ventures-მა დააფიქსირა შემოსავლის 35%-იანი ზრდა პირველ კვარტალში იმ ბიზნესების ზრდის გამო, რომელშიც ინვესტიციას ახორციელებს, განსაკუთრებით ეს არის სამშენებლო და საკონსულტაციო ბიზნესები. მთლიანობაში, Markel ეძებს მომგებიან კომპანიებს, რომლებიც სათანადოდ დაფასებული არ არის.
ახლა რა?
Markel-ს შესანიშნავი გრძელვადიანი წარმადობა ჰქონდა და, როგორც თანააღმასრულებელმა დირექტორმა – ტომ გეინერმა პირველი კვარტლის ანგარიშის წარდგენისას თქვა, კომპანია „შექმნილია წარმატებისთვის, თუნდაც სამივე ბიზნესი არ ყვაოდეს.“ წლის პირველ ნახევარში სამიდან ორი საკმაოდ კარგი წარმადობით ხასიათდებოდა, რამაც შედეგი გამოიღო.
Markel-მა გარკვეული სტიმული მაშინაც მიიღო, როდესაც ეს კომპანია თავის საინვესტიციო პორტფელში თავად უორენ ბაფეტმა დაამატა. თუ ომაჰას ორაკულის ყურადღებას მიიპყრობ, ალბათ რაღაცას სწორად აკეთებ. ბაზრის არასტაბილურობის დროს, Markel, ისევე როგორც Berkshire Hathaway, ქარიშხლის შესაჩერებლად არის შექმნილი.