რა მოხდა?
სამშაბათს საფონდო ბირჟაზე დიდი 4%-იანი ერთდღიანი კლება დაფიქსირდა, მაგრამ გუშინ აქციებმა აღდგენა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ზარალი არ აღმოფხვრილა, სამშაბათის დახურვის ფასის შემდეგ, გუშინ S&P 500 დაახლოებით პროცენტის ერთი მესამედით გაიზარდა, ხოლო Nasdaq – 0.5%-ით.
თუმცა, ყველა სიახლე დადებითი არ ყოფილა. ინდუსტრიის წამყვანი General Electric-ის აქციების ფასი ზედიზედ მეორე დღეს კვლავ შემცირდა და გუშინ დილის 10:10-სთვის (აღმოსავლეთის დროით) კომპანიის აქციების ფასი 2.1%-ით იყო დაკლებული.
და რა?
რამ გამოიწვია ეს? პასუხი აშკარა არ არის, მაგრამ არის ერთი შესაძლებლობა: GE-ს პროფკავშირი უფრო მაღალ ხელფასებს ითხოვს და, როგორც ჩანს, კომპანია ცვლილებების განსახორციელებლად მზად არის. Boston Business Journal-ში გუშინ შუადღისას დაიწერა, რომ GE Aviation-მა IUE-CWA Local 201 მუშათა კავშირთან, ქარხანაში, რომელიც ბოსტონის ლინნის გარეუბანში მდებარეობს, „სავარაუდო“ შეთანხმებას მიაღწია, რამაც შეიძლება მუშების ხელფასების ზრდა გამოიწვიოს.
თუ 21 სექტემბერს ახალი შეთანხმება დამტკიცდება, ლინნის პროფკავშირის წევრებს GE-ს სახელფასო სკალის საწყისიდან საბოლოო – უმაღლეს წერტილამდე მისაღწევად 10-ის ნაცვლად მხოლოდ 6 წელი დასჭირდებათ – ქარხანაში ხელფასები გაიზრდება. რა თქმა უნდა, ახლა ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ 2600 მუშაკს, მაგრამ პროფკავშირის ადგილობრივი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ IUE-CWA „აქ არ ჩერდება“, არამედ იმედოვნებს, რომ ლინნის შეთანხმებას გამოიყენებს, როგორც საფუძველს მთელს მსოფლიოში არსებული GE-ს მუშაკებისთვის.
ახლა რა?
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, თუ რომელ GE-ს შესახებ ვსაუბრობთ. General Electric სამ სხვადასხვა კომპანიად დაყოფის პროცესშია. ის, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, არის GE Aviation, რომელიც მალე გახდება ცნობილი, როგორც GE Aerospace და ეს არის წელიწადში $21.3 მილიარდიანი ბიზნესი, დაახლოებით 40,000 თანამშრომლით. ასე რომ, ეს შრომითი ხელშეკრულება იმოქმედებს სამუშაო ძალის მხოლოდ 6.5%-ზე, მაგრამ რაოდენობა შეიძლება დროთა განმავლობაში გაიზარდოს.
GE Aviation-ში ხელფასების მატებასთან ერთად, განყოფილების ამჟამინდელი 18.2%-ის ტოლი საოპერაციო მარჟა, რომელიც S&P 500 Global Market Intelligence-ის მონაცემებით, ამჟამად არის ერთიან კომპანიაში ყველაზე ჯანსაღი, შეიძლება დაირღვეს და ეს შეამცირებს დამოუკიდებელი კომპანიის – GE Aerospace-ის ღირებულებას.
თუ ეს მოხდება, ინვესტორებისთვის GE Aerospace და ამჟამად მთლიანად GE ნაკლებად ღირებული გახდება. სავარაუდოდ, ეს არის კომპანიის აქციების გაყიდვის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ეს დანაყოფი GE-სთვის ყველაზე მომგებიანია და შემოსავლების თვალსაზრისითაც ყველაზე დიდია.
ალბათ, საუკეთესო ვარიანტია დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ შეიცვლება მდგომარეობა, როდესაც GE Aerospace დამოუკიდებელი გახდება. საინტერესოა, რამდენად მომგებიანი იქნება ახალი კომპანია გამოყოფისა და სახელფასო ცვლილებების შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მიიღოთ ნამდვილად ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, ღირს თუ არა GE Aerospace-ში ინვესტირება.