რა მოხდა?
ოთხშაბათი [27 აპრილი] ჩინური ტექნოლოგიური აქციებისთვის წარმატებულად გათენდა. აღმოსავლეთის დროით 10:15 საათზე ელექტრონული კომერციის კომპანიის – Pinduoduo-ის აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა. ონლაინ სტრიმერის – iQIYI-ის და თამაშების პროვაიდერის – Bilibili-ის აქციების ფასები, შესაბამისად, 6.6%-ით და 8%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი კი ჩინეთის პრეზიდენტის – სი ძინპინის დამსახურებაა.
და რა?
2022 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგად ჟღერს, მაგრამ 2021 წლის განმავლობაში ნაჩვენებ 8.1%-იან მაჩვენებელთან შედარებით, არც ისე მომხიბვლელია. ამან კი ჩინეთის მთავრობაში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს გასული წლის წარმატების გამეორება მოსალოდნელი არ იყო, მთავრობა იმედოვნებდა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წელს მინიმუმ 5.5%-ით გაზრდიდა. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 4.8%-იან ზრდა შეინარჩუნებდა, შემდეგ კი ეს პროგნოზი 4.4%-მდე შეამცირა.
აქედან გამომდინარე, სამშაბათს [26 აპრილი] ჩინეთის პრეზიდენტმა დააანონსა ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების პროგრამა, ეკონომიკაში ფულის გადატანისა და მისი გაზრდის მიზნით.
ახლა რა?
ალბათ იფიქრებთ: რა კავშირშია ინფრასტრუქტურული ხარჯვა ელექტრონულ კომერციასთან, თამაშებთან და ინტერნეტში ვიდეოების ყურებასთან? ამ ახალი ამბის შედეგად რატომ იზრდება Pinduoduo-ის, iQIYI-ისა და Bilibili-ის აქციების ფასები?
როგორც ჩანს, ჩინეთის პრეზიდენტს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების შესახებ საკმაოდ ფართო ინტერპრეტაცია გააჩნია. CNN იუწყება, რომ ისეთი მოსალოდნელი მიზნების გარდა, როგორიც არის ტრანსპორტირებისა და კომუნალური სექტორები, სი ძინპინი აპირებს თანხების გამოყოფას სუპერკომპიუტერის, ქლაუდ გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) ახალი მოწყობილობების შესაქმნელად.
ელექტრონულ კომერციასა და ვიდეო სტრიმინგში, ალგორითმები (სუპერ გამოთვლები და ხელოვნური ინტელექტი) არის მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებების რეკომენდების გასაღები. რა თქმა უნდა, ქლაუდ გამოთვლები არის საფუძველი იმისა, რაც დღეს ინტერნეტში ხდება. ამგვარად, არსებობს მინიმუმ პოტენციალი, რომ Pinduoduo-მ, iQIYI-მა და Bilibili-მა ამ დაგეგმილი ინვესტიციებით ისარგებლონ. გარდა ამისა, მთავრობის მიერ ეკონომიკაში მეტი ფულის შემოტანა ნიშნავს, რომ ჩინელ მომხმარებლებს მეტი ფული ექნებათ ამ კომპანიების პროდუქტების შესაძენად.
მიუხედავად ყველაფრისა, შესაძლოა, ფასების გუშინდელი ზრდა გადაჭარბებული რეაქცია იყოს და ეს შედეგი საკმაოდ სწრაფად აორთქლდეს. საინვესტიციო ბანკის – Citigroup-ის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში წელს სახელმწიფო ხარჯები 8%-ით გაიზრდება. CNN-ის თანახმად კი, 2022 წლის პირველ კვარტალში ხარჯები უკვე 8.5%-ით გაიზარდა.