რა მოხდა?
გუშინ, Designer Brands-ის აქციების ფასი მას შემდეგ შემცირდა, რაც კომპანიის კვარტალურმა ანგარიშმა მოლოდინები ვერ გაამართლა და მენეჯმენტმა, მაკროეკონომიკური წინაღობების გამო, მთელი წლის პროგნოზი შეამცირა. მთლიანობაში გუშინ, სავაჭრო დღის განმავლობაში, კომპანიის აქციების ფასი 25%-ზე მეტით დაეცა.
და რა?
მესამე კვარტალში Designer Brands-ის (ყველაზე ცნობილი DSW-ის მფლობელობით) ერთი და იმავე მაღაზიის გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 3%-ით, მთლიანი შემოსავალი კი 1,4%-ით — $865 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა ეს მაჩვენებელი მოლოდინს — $871,5 მილიონს ჩამორჩებოდა.
მარაგების მაღალმა დონემ გამოიწვია მთლიანი მარჟის 370 საბაზისო პუნქტით — 33%-მდე დაცემა და, შესაბამისად, კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $0,86-დან $0,67-მდე შემცირდა. მარაგების დონე 12%-ით — $681 მილიონამდე გაიზარდა.
კომპანიის საკუთრებაში არსებული ბრენდებიდან შემოსული გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი 21.5%-დან 26.5%-მდე გაიზარდა, თუმცა კომპანია მაკროეკონომიკურ წინააღმდეგობებს კვლავ ებრძვის.
Designer Brands-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — როჯერ როულინსმა განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ხარჯვიდან გამომდინარე ჩვენ ისეთივე ზეწოლას განვიცდით, როგორც საცალო ვაჭრობის ინდუსტრიის უმეტესი ნაწილი, მოქნილი ბიზნეს მოდელი დინამიკური მაკრო გარემოში ნავიგაციის საშუალებას გვაძლევს“.
ახლა რა?
ამასთან მენეჯმენტმა მთელი წლისთვის მოგების მოლოდინი შეამცირა და ამჟამად საპროგნოზო EPS $1,75-$1,85-ს შეადგენს, რაც როგორც წინა პროგნოზს — $2,05-$2,15-ს, ასევე ანალიტიკოსების მოლოდინს — $2,06-ს ჩამორჩება.
შემოსავლის თვალსაზრისით მენეჯმენტმა პროგნოზები შეინარჩუნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთლიანი მარჟა, ჭარბი მარაგებისა და სარეკლამო გარემოს გამო, კვლავ სუსტი იქნება.