რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში Apple-ის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ისარგებლა ანალიტიკოსების დადებითი შეფასებებით, შერეული რეალობის ჩაფხუტის შესახებ სიახლეებით და იმის ნიშნებით, რომ კომპანია ხარჯების შემცირებაზე მუშაობას აგრძელებს. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ვხედავთ, მარტში Apple-ის აქციების ფასი უფრო მკვეთრად გაიზარდა, ვიდრე Nasdaq Composite.
და რა?
მარტის დასაწყისში კომპანიამ ანალიტიკოსებისგან არაერთი დადებითი შეფასება მიიღო. JPMorgan-ის აზრით, iPhone-ზე მოთხოვნა, Apple-ის კონკურენტებთან შედარებით, მაღალია. ძლიერ მოთხოვნას ხაზი Jefferies-მაც გაუსვა.
ამავდროულად, Morgan Stanley-მ Apple-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა და სამიზნე ფასი $175-დან $180-მდე გაზარდა, მიზეზად კი iPhone-ზე მოთხოვნა და კომპანიის სერვისების მიმართულების ხელახალი აჩქარება დაასახელა. ამის შემდეგ მალევე, Goldman Sachs-მა Apple-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $199-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა.
მარტის შუა რიცხვებში, ფასმა კვლავ დაიწყო მატება, რადგან ტექნოლოგიური აქციები აღდგა მას შემდეგ, რაც Silicon Valley Bank გაკოტრდა და, ამასთან, ანგარიშებმა დაადასტურა, რომ კომპანია გეგმავდა შერეული რეალობის ჩაფხუტის გამოშვებას 2023 წელს, რადგან, Financial Times-ის ცნობით, აღმასრულებელი დირექტორი — ტიმ კუკი უბიძგებს კომპანიას, რომ ეს მოწყობილობა მიმდინარე წელს გამოუშვას.
გარდა ამისა, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple აფერხებდა ბონუსების ნაწილის გაცემას და განაგრძობდა ახალი თანამშრომლების აყვანაზე უარის თქმას, რაც იმის ნიშანია, რომ კომპანია ხარჯების შემცირებისკენ მიმართულ მოქმედებას განაგრძობს.
მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის Apple ერთადერთია, რომელსაც თანამშრომლები მასიურად არ გაუთავისუფლებია, თუმცა მისი ბიზნესი მაინც ციკლურია.
ამასთან, თვის ბოლოს კომპანიამ “Apple Pay Later” (იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით) წარადგინა. ეს სერვისი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავიანთი Apple შესყიდვები ოთხ ნაწილად დაყონ. გადახდის პერიოდმა შეიძლება ექვსი კვირა მოიცვას ყოველგვარი პროცენტებისა და საკომისიოს გარეშე. როგორც კომპანიის ბრენდირებული Apple Card საკრედიტო პროდუქტის შემთხვევაში, Apple Pay Later-ის მომხმარებლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ, მართონ და, რა თქმა უნდა, დაფარონ სესხები კომპანიის Apple Wallet-ის საშუალებით. სერვისი, რომელიც თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის მხოლოდ აშშ-ში, ითვალისწინებს $50-დან $1000-მდე სესხებს. ნასესხები თანხები, ბუნებრივია, შეიძლება დაიხარჯოს ონლაინ და აპლიკაციის შიდა შესყიდვებით Apple-ის ეკოსისტემაში. ამასთან, სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს Apple Pay-ს, როგორც ტრანზაქციის ვარიანტს. ამ დროისთვის მხოლოდ წინასწარი ვერსიაა ხელმისაწვდომი (მოწვევით). Apple-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მომხმარებლებს Apple Pay Later-ზე წვდომა მომდევნო რამდენიმე თვეში ექნებათ.
გარდა ამისა, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple დაიწყებს ფილმების წარმოებას, რომლებიც დიდი ეკრანისთვის არის განკუთვნილი. Bloomberg-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მენეჯმენტი გეგმავს, ყოველწლიურად $1 მილიარდი დახარჯოს ფილმების წარმოებისთვის, რომლებიც კინოთეატრებში გამოვა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Apple არა მხოლოდ ჰოლივუდში მიაღწევს წარმატებას, არამედ მოიზიდავს უფრო მეტ აბონენტს თავისი სტრიმინგ ვიდეო სერვისისთვის — Apple TV+.
ახლა რა?
აპრილის დასაწყისისთვის, Bloomberg იტყობინება, რომ კომპანია კორპორატიულ პოზიციებს მცირე რაოდენობით ამცირებს, რაც ხარჯების შემცირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. გარდა ამისა, UBS-ის ინფორმაციით თებერვალში iPhone-ის გაყიდვები წლიდან წლამდე 3%-ით შემცირდა. ეს წინა თვეებთან შედარებით გაუმჯობესება, თუმცა მაინც კლებაა.
Apple-ის აქციები ძვირია, მაგრამ გასულ თვეში მისი ზრდა აჩვენებს, რომ ინვესტორები მზად არიან ხარისხისთვის მაღალი ფასი გადაიხადონ. როგორც ჩანს, რთულ პერიოდშიც კი, კომპანია თავის კონკურენტულ უპირატესობებს აძლიერებს.