Coca-Cola მსოფლიოს მასშტაბით ზოგიერთ ყველაზე პოპულარულ სასმელს ყიდის — კომპანიის პროდუქცია 200-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
Berkshire Hathaway-ის მეშვეობით ცნობილი ინვესტორი — უორენ ბაფეტი უკვე დიდი ხანია Coca-Cola-ს აქციონერია. მაგრამ საინტერესოა, სად იქნება ეს კომპანია ხუთ წელიწადში. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.
შეფერხების საფრთხე არ არსებობს
გასული 12 თვის განმავლობაში Coca-Cola-ს გაყიდვებმა $45 მილიარდს მიაღწია და ამით კომპანია უალკოჰოლო მზა სასმელების გლობალურ ბაზარზე წამყვან პოზიციას (დაახლოებით 44%-იანი წილი) იკავებს. თუ ჯერ კომპანიის ისტორიას, შემდეგ კი მომავალ 5 წლიან პერსპექტივას გადავხედავთ ვნახავთ, რომ ამ დომინანტური პოზიციის დაზარალების შანსი დაბალია.
Coca-Cola-ს მმართველი გუნდი აღნიშნავს, რომ ბიზნესი ფლობს 26 სხვადასხვა ბრენდს, რომელიც წლიურად მინიმუმ $1 მილიარდის მოცულობის შემოსავალს გამოიმუშავებს. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამხელა ძალაუფლება აქვს კომპანიას ეკონომიკის ამ ნაწილზე.
Coca-Cola-ს წარმატების გასაღები არის მისი ბრენდის მაღალი ცნობადობა, რომელიც ქმნის კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას. ამის მაგალითია მისი შესანიშნავი მთლიანი მარჟა, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში საშუალოდ 59.7%-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, კომპანიას შეფერხების საფრთხისგან კიდევ ერთი ფაქტორი იცავს — „მოსაწყენი“ ინდუსტრია. Coca-Cola არ ოპერირებს ტექნოლოგიურ სექტორში, რომელიც ყოველწლიურად დიდ კაპიტალს და მრავალ მეწარმეს იზიდავს. სასმელების ინდუსტრია საკმაოდ სტაბილურია.
ინვესტორებისთვის ფულის დაბრუნება
Coca-Cola მოღვაწეობს უკიდურესად მომწიფებულ ინდუსტრიაში, ზრდის შეზღუდული პერსპექტივით და ბიზნესში კაპიტალის რეინვესტირების მინიმალური შესაძლებლობებით. როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში კომპანიები წარმოქმნიან დიდ ფულად მოგებას და ეს Coca-Cola-ს შემთხვევაშიც ასეა.
ბიზნესმა 2023 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში $7.9 მილიარდის ოდენობით ფულადი ნაკადები გამოიმუშავა. ეს კი მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, აქციონერებისთვის ფულის დაბრუნება განაგრძოს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში Coca-Cola-მ დივიდენდების გადახდაზე და აქციების გამოსყიდვაზე მთლიანობაში $5.3 მილიარდი დახარჯა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არც მთლიანი და არც საოპერაციო მარჟა გაფართოების შესაძლებლობას არ აჩვენებდა, გამამხნევებელია ის, თუ რამდენად თანმიმდევრული იყო ეს მაჩვენებლები. Coca-Cola-მ ეს მოახერხა მიუხედავად გლობალური პანდემიისა, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებისა და მიმდინარე ეკონომიკური გაურკვევლობისა. ეს სტაბილურობა კარგია კომპანიის სამომავლო მომგებიანობისთვის.
ნუ გექნებათ არარეალური მოლოდინები
5 წლის წინ Coca-Cola-ში $1,000 რომ დაგებანდებინათ, დღეს თქვენი ინვესტიციის ღირებულება, დივიდენდების ჩათვლით, $1,500-მდე იქნებოდა გაზრდილი. შედარებისთვის SPY-ში ინვესტირებული იმავე ოდენობის თანხა თითქმის $2,000-მდე მოიმატებდა.
არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ასეთი წარმადობა არ შენარჩუნდება. ინვესტორებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ Coca-Cola, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მთლიანი ბაზრის წარმადობას აჯობებს, თავიანთი მოლოდინები უნდა შეამსუბუქონ.
თუმცა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია თავის საინვესტიციო პორტფელში სტაბილური დივიდენდ მეფის დამატებით, Coca-Cola შეიძლება შესანიშნავი ვარიანტი იყოს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $60.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $64.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Coca-Cola-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.