ბოლო 5 წლის განმავლობაში Advanced Micro Devices სწრაფად გაიზარდა. შესანიშნავი ზრდა დაფიქსირდა შემოსავლისა და მოგების თვალსაზრისით, რადგან კომპანიამ Intel-თან კონკურენციისას საბაზრო წილის გაზრდა მოახერხა კლიენტებისა და სერვერების პროცესორების ბაზრებზე, ასევე, მზარდ ნიშებში, როგორიც არის სათამაშო კონსოლები.
AMD-ის შემოსავლისა და მოგების შთამბეჭდავი ზრდა ინვესტორების სოლიდურ ანაზღაურებაში გადაიზარდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიის აქციებმა ფართო ბაზრის წარმადობის გადაჭარბება შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს აქციების ფასი 40%-ზე მეტით შემცირდა. მაგრამ, ნიშნავს თუ არა ფასების ეს შემცირება, რომ ინვესტორებმა AMD-ის აქციები უნდა შეიძინონ და ჩიპების მწარმოებელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში კვლავ მნიშვნელოვან ზრდას დააფიქსირებს?
მოდით გავიგოთ, სად შეიძლება იყოს AMD ხუთ წელიწადში და რამდენად ღირს მისი ფასდაკლებული აქციების შეძენა.
შესაძლოა, AMD ამ ბაზრებზე უფრო დიდი მოთამაშე გახდეს
AMD-ის ჩიპები პერსონალურ კომპიუტერებს და მონაცემთა ცენტრებს აძლიერებს. კომპანია ორივე ბაზარზე შესანიშნავი ზრდით სარგებლობს.
მეორე კვარტალში AMD-ის შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო კლიენტების სერვისი იყო. მან $2.2 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25%-იან ზრდას წარმოადგენს. აქ შთამბეჭდავი ის არის, რომ AMD-ის პროცესორების გაყიდვები, რომლებიც ნოუთბუქებსა და დესკტოპ კომპიუტერებს ამუშავებს, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ დროს, როდესაც კომპიუტერების ფართო ბაზარი საშინელ ფორმაშია.
IDC იტყობინება, რომ მეორე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კომპიუტერების მიწოდება 15.3%-ით შემცირდა, რადგან მოთხოვნა შესუსტდა. თუმცა, AMD-ის პროცესორების საშუალო გასაყიდი ფასი (ASP) გაიზარდა. ასევე მოიმატა მიწოდების მოცულობამ, Intel-თან შედარებით ბაზრის წილის კიდევ ერთი მეოთხედით გაზრდის წყალობით. AMD-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიამ ამ ბაზრის წილი ზედიზედ ცხრა კვარტლის განმავლობაში გაზარდა, რაც მისი პროდუქციის ძლიერი ხაზის გათვალისწინებით სულაც არ არის გასაკვირი.
Mercury Research-ის შეფასებით, AMD-მ მეორე კვარტალი დესკტოპ კომპიუტერების ბაზრის 20.6%-იანი, ხოლო ნოუთბუქების ბაზრის 24.8%-იანი წილით დაასრულა. ეს ციფრები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აჩვენებს – დესკტოპ კომპიუტერების ბაზრის წილი 17.1%-ს შეადგენდა, ხოლო ნოუთბუქების – 20%-ს. ბაზრის წილი მაჩვენებლები იმასაც გვიჩვენებს, რომ კომპიუტერების ბაზარზე ზრდისთვის AMD-ს ჯერ კიდევ დიდი სივრცე აქვს.
პერსონალური კომპიუტერების პროცესორების ბაზარმა 2020 წელს $88 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 2027 წელს $117 მილიარდს მიაღწევს.
სათამაშო კონსოლები საოცარ ზრდას გამოიწვევს
AMD ვიდეო თამაშების კონსოლების მწარმოებლებს, როგორიც არის Microsoft, Sony და Valve, ჩიპებს აწვდის. ეს არის მიზეზი, რის გამოც კომპანიის სათამაშო ბიზნესმა, მიუხედავად გრაფიკული ბარათის შემოსავლის შემცირებისა, მეორე კვარტალში $1.7 მილიარდამდე 32%-იანი წლიური ზრდა დააფიქსირა.
AMD-ის ურთიერთობა სათამაშო კონსოლების მწარმოებლებთან იქნება გრძელვადიანი კატალიზატორი შთამბეჭდავი ზრდისთვის მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. მაგალითად, Sony PlayStation 5 კონსოლების გაყიდვები 2024 წელს, სავარაუდოდ, 67.3 მილიონ ერთეულს მიაღწევს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 17.9-ს შეადგენდა. ანალოგიურად, Xbox Series X კონსოლების გაყიდვები შეიძლება 2024 წელს 37 მილიონამდე გაიზარდოს შარშანდელი 12 მილიონიდან. იმავდროულად, Valve წარმოებას ზრდის, რათა მოწყობილობებზე მზარდი რაოდენობის ჯავშნები დააკმაყოფილოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, AMD-ის კონსოლების ბიზნესი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჯანსაღ ფორმაში უნდა დარჩეს.
საერთო ჯამში, არის ნიშნები, რომ AMD-ს შეუძლია მომავალში შესანიშნავი ზრდა განაგრძოს. გასაკვირი არ არის, რომ ანალიტიკოსები კომპანიისგან მომდევნო 5 წლის განმავლობაში შემოსავლების 27%-იან ზრდას ელიან, რის გამოც, AMD-ის ფასდაკლებული აქციების შეძენა, შეიძლება, ძალიან კარგი იდეა იყოს.