ბოლო 12 თვის განმავლობაში Alphabet-ის აქციების ფასი დაახლოებით 12%-ით შემცირდა, რადგან ინვესტორები კომპანიის ძირითადი სარეკლამო ბიზნესის მაკროეკონომიკური გამოწვევების გამო წუხდნენ. მზარდი საპროცენტო განაკვეთები და მოსალოდნელი რეცესია ასევე აზარალებს აქციებს.
თუმცა, თუ ამ მოკლევადიან ხმაურს გამოვრიცხავთ, Alphabet-ის აქციები ისტორიულად იაფად გამოიყურება და მისი ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 21-ს შეადგენს. უახლოეს მომავალში კომპანიამ უნდა გააძლიეროს დომინირება ონლაინ საძიებო სისტემებში, ციფრულ რეკლამირებაში, ვიდეო სტრიმინგში, ასევე, ვებგვერდებისა და მობილური ოპერაციული სისტემის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქლაუდ ბიზნესი Amazon-ის ან Microsoft-ის ამავე მიმართულებაზე მცირეა, ამ სეგმენტმა ასევე შეიძლება განაგრძოს ზრდა.
ამიტომ, Alphabet-ის აქციების გაყიდვა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სარეკლამო ბიზნესი რამდენიმე რთული კვარტლის წინაშე დგას, შეიძლება, შეცდომა იყოს. მოდით სიტუაციას ჩავუღრმავდეთ, რათა გავიგოთ, თუ სად შეიძლება იყოს ტექნოლოგიური გიგანტის აქციები ერთ წელიწადში.
რამდენად შენელდა Google-ის რეკლამების ზრდა?
2022 წლის მეორე კვარტალში Alphabet-მა თავისი შემოსავლის 81% გამოიმუშავა Google-ის სარეკლამო ბიზნესიდან, რომელიც მის ძირითად საძიებო სისტემას, სარეკლამო ქსელს და YouTube-ის ვებგვერდს მოიცავს.
Google-ის რეკლამირების ბიზნესის ზრდა, რა თქმა უნდა, გასული წლის განმავლობაში შემცირდა, მაგრამ წლიდან წლამდე (YOY) ის მაინც იზრდება.
პერიოდი | 2021 წლის II კვარტალი | 2021 წლის III კვარტალი | 2021 წლის IV კვარტალი | 2022 წლის I კვარტალი | 2022 წლის II კვარტალი |
Google-ის სარეკლამო შემოსავალი | $50.44 მილიარდი | $53.13 მილიარდი | $61.24 მილიარდი | $54.67 მილიარდი | $56.29 მილიარდი |
ზრდა (YOY) | 69% | 43% | 33% | 22% | 12% |
თავდაპირველად ამ სეგმენტში YouTube უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე Google-ის საძიებო და სარეკლამო ბიზნესი. თუმცა, YouTube-ის ზრდა 2022 წლის პირველ ნახევარში შეფერხდა, რადგან ადგილი ჰქონდა მკაცრ შედარებას ერთი წლით ადრე რეკლამების გაყიდვების პოსტ-პანდემიური აღდგენის მაღალ მაჩვენებლებთან.
პერიოდი | 2021 წლის II კვარტალი | 2021 წლის III კვარტალი | 2021 წლის IV კვარტალი | 2022 წლის I კვარტალი | 2022 წლის II კვარტალი |
YouTube-ის სარეკლამო შემოსავალი | $7.00 მილიარდი | $7.21 მილიარდი | $8.63 მილიარდი | $6.87 მილიარდი | $7.34 მილიარდი |
ზრდა (YOY) | 84% | 43% | 25% | 14% | 5% |
გაიზრდება ქლაუდ ბიზნესი?
პანდემიის დაწყებისას, 2020 წლის პირველ ნახევარში, როდესაც Google-ის სარეკლამო ბიზნესი შენელდა, კომპანია დიდწილად Google Cloud-ის ზრდას ეყრდნობოდა, რომელმაც სახლში დარჩენის ტენდენციებით და ქლაუდზე დაფუძნებული სერვისების მზარდი გამოყენებით მნიშვნელოვნად ისარგებლა.
პერიოდი | 2021 წლის II კვარტალი | 2021 წლის III კვარტალი | 2021 წლის IV კვარტალი | 2022 წლის I კვარტალი | 2022 წლის II კვარტალი |
Google Cloud-ის სარეკლამო შემოსავალი | $4.63 მილიარდი | $4.99 მილიარდი | $5.54 მილიარდი | $5.82 მილიარდი | $6.28 მილიარდი |
ზრდა (YOY) | 54% | 45% | 45% | 44% | 36% |
Google Cloud აგრძელებს ზრდას უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე კომპანიის სარეკლამო ბიზნესი, მაგრამ ის ასევე კარგავს თავის იმპულსს და თავისი კონკურენტებივით სწრაფად ვერ იზრდება. Amazon-მა, რომელიც, Amazon Web Services-ის (AWS) საშუალებით, ქლაუდ რბოლის ლიდერია, ბოლო კვარტალში წლიდან წლამდე ქლაუდ შემოსავალი 33%-ით – $19.7 მილიარდამდე გაზარდა. Microsoft-ის მთლიანი ქლაუდ შემოსავალი, ქლაუდ პლატფორმის – Azure-ის ჩათვლით, ბოლო კვარტალში 28%-ით – $25 მილიარდამდე გაიზარდა.
ეს Alphabet-ისთვის აღელვების საფუძველს იძლევა, რადგან Google Cloud ჯერჯერობით მომგებიანი არ არის და მან, ამ ორ კომპანიასთან კონკურენციის გასაწევად, მომხმარებლებს დაბალი ფასები და აგრესიული აქციები უნდა შესთავაზოს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კომპანიის ქლაუდ მიმართულება არ განვითარდება Google-ის სარეკლამო ბიზნესის მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების შემთხვევაში, მას არ ექნება სხვა ძლიერი სეგმენტი, რომელსაც დაეყრდნობა.
შეუძლია თუ არა Alphabet-ს ამ პრობლემების ერთ წელიწადში მოგვარება?
Alphabet მოელის, რომ მისი სარეკლამო ბიზნესი 2022 წლის დანარჩენი პერიოდის განმავლობაში აღდგენას განაგრძობს. მენეჯმენტი ასევე ვარაუდობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში კომპანიის ქლაუდ მიმართულება ნელი ტემპებით გაიზრდება, რადგან მაკროეკონომიკური წინაღობები ზოგიერთ მომხმარებელს ნაკლები თანხის დახარჯვისკენ ან შესყიდვების გადადებისკენ უბიძგებს.
წლის დარჩენილი ნაწილისთვის Alphabet-ს ზუსტი მითითებები არ წარუდგენია, მაგრამ ბოლო საკონფერენციო შეხვედრაზე აღმასრულებელმა დირექტორმა – სუნდარ პიჩიმ თქვა, რომ კომპანია „სამუშაო ძალის დაქირავებას შეანელებს და ფოკუსს უფრო გაამწვავებს.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანია შენელებისთვის ემზადება, მაგრამ მაინც ელის, რომ 2022 წელს მთლიანი კაპიტალი გაიზრდება.
2021 წელს, პანდემიური მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, Alphabet-ის შემოსავალი და მოგება, შესაბამისად, 41%-ით და 91%-ით გაიზარდა. თუმცა, ანალიტიკოსები მოელიან, რომ წელს შემოსავალი 13%-ით გაიზრდება, ხოლო მოგება 8%-ით შემცირდება. 2023 წელს კი, თუ ვივარაუდებთ, რომ ამჟამინდელი წინაღობები შემცირდება, მოსალოდნელია შემოსავლისა და მოგების, შესაბამისად 12%-ით და 16%-ით მატება.
ეს პროგნოზები მიუთითებს, რომ Alphabet-ის შენელება, სავარაუდოდ, დროებითი იქნება და მისი ძირითადი ბიზნესი ზრდას განაგრძობს.