უორენ ბაფეტი საკუთარ თავს, დიდი ხნის მეგობართან და პარტნიორთან – ჩარლი მანგერთან ერთად, ბიზნესის ამომრჩევლად მიიჩნევს: „ჩარლი და მე არ ვირჩევთ აქციებს, ჩვენ ბიზნესს ვირჩევთ.“ მისი უნარი – შეარჩიოს შესანიშნავი ბიზნესები, უკვე მრავალი წელია ინვესტორებს დიდი წარმატებით უზრუნველყოფს. რომელია ბაფეტის მფლობელობაში არსებული საუკეთესო აქცია? ეს მარტივი კითხვა არ არის. ამ სტატიაში უდიდესი ინვესტორის ტოპ სამ აქციაზე ვისაუბრებთ.
1. Berkshire Hathaway
ცხადია, თუ რომელი აქციაა უორენ ბაფეტის პერსონალური ფავორიტი – Berkshire Hathaway. თუმცა, ეს ფაქტი Berkshire-ს ბაფეტის საუკეთესო აქციად ავტომატურად არ აქცევს. ეს კომპანია სიის სათავეში სამი მიზეზით მოექცა. პირველი: Berkshire ინვესტორებს მნიშვნელოვან დივერსიფიკაციას სთავაზობს. ეს დაახლოებით ETF-ს შეძენას ჰგავს. თავის მხრივ, Berkshire სრულიად ფლობს წარმატებული ბიზნესების ფართო დიაპაზონს, როგორებიც არის სადაზღვევო კომპანიები GEICO და General Re, სარკინიგზო ოპერატორი – BNSF და განახლებად ენერგიის ლიდერი – Berkshire Hathaway Energy. გარდა ამისა, კონგლომერატი 40-ზე მეტი საჯარო ბაზარზე მიმოქცევადი კომპანიის წილებს ფლობს.
მეორე: Berkshire-ს ფინანსურად ძალიან მტკიცე კომპანიაა. ბოლო 12 თვის განმავლობაში მან $69.5 მილიარდის მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაკადების წარმოება შეძლო. კომპანიამ პირველი კვარტალი $102.7 მილიარდის ტოლი ნაღდი ფულით, ნაღდი ფულის ეკვივალენტებით და მოკლევადიანი ინვესტიციებით დაასრულა. მესამე: Berkshire-მა ინვესტორებს გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სარგებელი მოუტანა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალიც ასეთივე გარანტირებულია. თუმცა, Berkshire-ის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმ კულტურაზე, რომელიც ბაფეტმა შექმნა და სავარაუდოა, რომ ეს კომპანიას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ სარგებელს მოუტანს.
2. Markel
უმეტესი ნაწილი იმისა, რაც Berkshire Hathaway-ის შესახებ ითქვა, Markel-საც შეესაბამება. ეს კომპანია Berkshire-ის საინვესტიციო პორტფელში ერთ-ერთი უახლესი დანამატია. შეიძლება ითქვას, რომ Markel „პატარა Berkshire-ია“. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც $17 მილიარდზე ნაკლებია, Berkshire Hathaway-ის 3%-ზე ნაკლებია. კომპანია ფოკუსირებულია დაზღვევაზე. გარდა ამისა, კომპანია, დაზღვევის გარდა, სხვადასხვა ბიზნესებს ფლობს. ამასთან, Markel ინვესტიციას დებს სხვა კომპანიების აქციებში, მათ შორის Berkshire Hathaway-შიც. მოკლედ რომ ვთქვათ, Markel-ის ბიზნეს მოდელი ძალიან ჰგავს Berkshire-ისას. მისი ძირითადი ბიზნესი ინფლაციისადმი გამძლეა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ აქციების ფართო ბაზრის წარმადობას აჯობოს.
3. Apple
აქციონერებისადმი მიძღვნილ თავის ბოლო წერილში ბაფეტმა Apple-ს Berkshire-ის „ოთხი გიგანტიდან“ ერთ-ერთი უწოდა. Berkshire ფლობს Apple-ის აქციების 5.6%-ს, მაგრამ ტექნოლოგიური კომპანიის აქცია Berkshire Hathaway-ის მთლიანი საინვესტიციო პორტფელის 41.8%-ს წარმოადგენს. Apple ინვესტორებს ვერ სთავაზობს იმ დონის დივერსიფიკაციას, როგორსაც ამ სიაში არსებული წინა ორი კომპანია. თუმცა, რთულია იპოვოთ ისეთი კომპანია, რომელიც მომხმარებლების მხრიდან მსგავსი ლოიალობით სარგებლობს. გარდა ამისა, კომპანიას კარგი მმართველი გუნდი ჰყავს. 2020 წელს ბაფეტმა განაცხადა: „ალბათ, Apple მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესია, რომლის შესახებაც გამიგია.“ წელს კი ინვესტორმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის – ტიმ კუკის შესახებ თქვა, რომ ის ბრწყინვალე მმართველია.
წლების განმავლობაში Apple-მა iPhone-ის ირგვლივ ძალიან მიმზიდველი ეკოსისტემა შექმნა. ამ ეკოსისტემაში გაერთიანებული პროდუქტებსა და მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნის წყალობით, კომპანია შემოსავალს სულ უფრო ზრდის. 2022 წლისთვის Apple-ის აქციების ფასი შემცირებულია. ეს ძირითადად მთლიანი საფონდო ბირჟის სისუსტით არის გამოწვეული და იმითაც, რომ კომპანია მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს აწყდება. თუმცა, ეს დროებითი პრობლემებია. გაფართოებულ რეალობაში (AR – Augmented Reality) ზრდის შესაძლებლობებისა და თვითმართვადი მანქანების წყალობით, Apple-მა ბაფეტის ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებულის ტიტული უნდა შეინარჩუნოს.