ყურადღება მიაქციეთ საკუთარ პერსონალურ ფინანსებს: ფულად ნაკადებს, ხარჯვის ჩვევებს, შემნახველ ანგარიშებს, მატერიალურ ქონებას და ზოგად ფილოსოფიას ფულის შესახებ. შემდეგ დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ ვლინდება ეს პრაქტიკა თქვენს კარიერაში. ამ აღმოჩენების ფონზე, ვითარდება თუ არა თქვენი კარიერა სწორად? როგორ შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ფინანსებში, ასევე კარიერაში, რათა შედეგად უკეთესი ცხოვრება მიიღოთ?
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, რისი თქმაც თქვენს პერსონალურ ფინანსებს თქვენი კარიერული პოტენციალის შესახებ შეუძლია.
- გრძელვადიან პერსპექტივაში აზროვნებთ, თუ — მოკლევადიანში
თქვენთვის პენსიაზე გასასვლელად ფულის დაზოგვა ნაკლებად პრიორიტეტულია? მიდრეკილნი ხართ ნივთების სურვილისამებრ ყიდვისკენ? ამ კითხვებზე დადებითი პასუხები შეიძლება იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ აზროვნებთ. სამუშაო სამყაროში ამან შეიძლება გამოიწვიოს ბევრი რამ, მაგალითად, სამსახურებრივი ამოცანების არასწორად პრიორიტეტიზაცია ან ბიზნეს გადაწყვეტილებების მხოლოდ პოტენციური მოკლევადიანი მოგების საფუძველზე მიღება.
როდესაც საქმე საკუთარ კარიერას ეხება, შედეგები შეიძლება უარესი იყოს. თუ მხოლოდ მოკლევადიან კმაყოფილებაზე ხართ ფოკუსირებული, შეიძლება თქვენი ოცნების საქმისკენ მიმავალ გზას გადაუხვიოთ. მაგალითად, შემდეგ ჯერზე, როდესაც დაწინაურებას ან ახალ სამსახურს შემოგთავაზებენ, დაფიქრდით, ამაზე მხოლოდ შემოსავლის გაზრდის მიზნით თანხმდებით, თუ ეს გზა თქვენს გრძელვადიან მიზნებს შეესაბამება.
- ხართ თუ არა ადამიანებზე ორიენტირებული ლიდერი
დაუფიქრებლად ხარჯავთ ფულს, თუ ფიქრობთ, როგორ მოქმედებს თქვენი ხარჯვის ჩვევები მათზე, ვინც გიყვართ? მოგწონთ ფულის დახარჯვა სხვა ადამიანების გასახარებლად? ამ კითხვებზე გაცემულმა პასუხებმა შეიძლება გამოავლინოს, ხართ თუ არა ადამიანებზე ორიენტირებული ლიდერი.
დაუფიქრებლად ხარჯვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ყოველთვის არ გადარდებთ, თუ რა გავლენა აქვს თქვენს ქმედებებს სხვებზე და ამან შეიძლება სამსახურში დაძაბულობა გამოიწვიოს. გახსოვდეთ, სამუშაოს კარგად შესასრულებლად საჭიროა პროცესში მაქსიმალურად ჩართული და შთაგონებული გუნდი. სხვების ბედნიერებასა და კმაყოფილებაზე ფოკუსირებით შეძლებთ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოთ თქვენი ბიზნესის შემოსავალსა და მოგებაზე.
- გაქვთ თუ არა გააზრებული თქვენი კარიერული გზა
კარგად აბალანსებთ ხარჯებს? ხართ ბიუჯეტირებით დაკავებული? რეგულარულად აკონტროლებთ თქვენს ფინანსებს?
ყველა ეს ჩვევა მიუთითებს ძლიერ, ჯანსაღ პრაქტიკაზე, აკონტროლოთ თქვენი საქმიანობა სამსახურში ან დაუთმოთ დრო საკუთარ კარიერულ ხედვაზე ფიქრს. სამსახურში თქვენი ჩართულობისა და გავლენის ასახვა ყოველკვირეულად ან რეგულარულად უნდა განხორციელდეს. ნუ დაელოდებით თქვენი საქმიანობის წლიურ შეფასებას, რომ სტრატეგიული ცვლილებების დანერგვა დაიწყოთ. თქვენი საოცნებო სამსახური შეიძლება იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე გგონიათ!