გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეები, რომლებმაც კომპანიების აქციების ფასებზე იმოქმედა. დღეს სწორედ მათ მიმოხილვას შემოგთავაზებთ და ვისაუბრებთ ისეთ კომპანიებზე, როგორებიც არის Visa, Microsoft, Tower Semiconductor, Snap და Teladoc.
Visa
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Visa-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 14%-ზე მეტით არის მომატებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში Visa-ს შემოსავალი წლიდან წლამდე 12%-ით — $8.12 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $8.06 მილიარდი), ხოლო მთლიანი გადახდების მოცულობამ ამ პერიოდში 9%-ით მოიმატა. საბოლოო ჯამში, საგადახდო ბარათების გიგანტის კორექტირებული მოგება 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა და $4.5 მილიარდი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $2.16 იყო (პროგნოზი — $2.11).
Visa-ს მენეჯმენტმა ეს გაუმჯობესებები მიაწერა სამომხმარებლო ხარჯებს, რომლებიც კვლავ მტკიცეა. მათ ასევე განაცხადეს, რომ ტრანსსასაზღვრო გადახდების მოცულობა იყო ძლიერი, რასაც განაპირობებს პანდემიის შემდეგ მდგომარეობის უწყვეტი აღდგენა და ზაფხულის ტურისტული სეზონი.
Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $237.10-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $282.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $338.00-ს, ხოლო მინიმალური — $240.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა — Microsoft-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 41%-ით არის მომატებული.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში Microsoft-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 8%-ით — $56.2 მილიარდამდე გაიზარდა. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების) მიხედვით გამოთვლილი წმინდა მოგება თითქმის 20%-ით გაიზარდა და $20 მილიარდს მიაღწია, ანუ EPS-მა $2.69 შეადგინა. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $55.4 მილიარდს და $2.55-ს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ძლიერი შემოსავალი და მოგება დააფიქსირა, მის შედეგებში გარკვეული სისუსტეებიც გამოვლინდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი გადამწყვეტი ქლაუდ განყოფილება, რომელიც Azure ქლაუდ სერვისს ოპერირებს. უკვე დიდი ხანია, რაც ეს მიმართულება კომპანიის ზრდის ძრავას წარმოადგენს, მაგრამ მისმა ზრდამ მხოლოდ 1% შეადგინა მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ის შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. თუ უფრო დიდ სურათს შევხედავთ ვნახავთ, რომ ეს ზრდის ტემპები თანმიმდევრულად იკლებს ზედიზედ რამდენიმე კვარტლის განმავლობაში.
ინვესტორებს არ მოსწონთ, როდესაც ყველაზე მზარდი განყოფილება შენელების რაიმე ნიშანს აჩვენებს, ამიტომ Microsoft-ის სიახლეებზე მათი რეაქცია სრულიად მოსალოდნელი იყო.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $338-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $389.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $425.00-ს, ხოლო მინიმალური — $232.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tower Semiconductor
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Tower Semiconductor-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 9%-ზე მეტით არის შემცირებული.
Tower Semiconductor-ის შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 16%-ით — $357 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $354.53 მილიონი), ხოლო EPS-მა 13%-ით დაიკლო და $0.46 შეადგინა (პროგნოზი — $0.43).
Tower-ის აქციების ფასზე ასევე იმოქმედა მარეგულირებელთან დაკავშირებულმა სიახლემ ჩინეთიდან. ისრაელში დაფუძნებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ანალოგური ნახევარგამტარების წარმოებაში, Intel-მა $5.2 მილიარდად უნდა შეიძინოს, მაგრამ კომპანიებს მარეგულირებელი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ MaxLinear-ის მიერ Silicon Motion-ის $3.8 მილიარდად შეძენა დაამტკიცა, ინვესტორები ახლა Tower-ისა და Intel-ის გარიგების მიმართაც უფრო ოპტიმისტურად განეწყვნენ.
Snap
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Snap-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 14%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ით არის გაზრდილი.
Snap-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 4%-ით — $1.07 მილიარდამდე შემცირდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $946.7 მილიონს მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედიის კომპანიას ციფრული რეკლამის სუსტი ბაზრის პირობებში უწევდა ოპერირება. Snap-ის ყოველდღიური აქტიურ მომხმარებელთა (DAU) ბაზა 14%-ით — 397 მილიონამდე გაიზარდა.
GAAP-ის საფუძველზე კი კომპანიამ $404.3 მილიონის მოცულობის საოპერაციო ზარალი დააფიქსირა და ეს მაჩვენებელი დაახლოებით გასული წლის იმავე კვარტლის შედეგს დაემთხვა.
Snap-ის კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე $0.02 შეადგინა (იგივე, რაც ერთი წლის წინ), თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $-0.04-ს.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ევან შპიგელმა განაცხადა: „აღფრთოვანებულები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც ჩვენი სარეკლამო პარტნიორებისთვის სარგებლის მოტანის კუთხით მივაღწიეთ. ასევე აღსანიშნავია დღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობის 397 მილიონამდე ზრდა და ფაქტი, რომ Snapchat+-ის გამომწერების რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა“.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ DAU 405-406 მილიონამდე გაიზრდება, თუმცა კომპანიაში აღიარეს, რომ სარეკლამო ბიზნესში წინაღობები არსებობს და მიიჩნევენ, რომ შემოსავალი $1.07-$1.13 მილიარდს შეადგენს. მენეჯმენტი ასევე ვარაუდობს, რომ Snap-ის კორექტირებული ზარალი ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე, $50-$100 მილიონს მიაღწევს.
Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10.70-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $10.48-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $15.00-ს, ხოლო მინიმალური — $6.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.30%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 23-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Teladoc
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის კომპანიამ — Teladoc-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 27%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 28%-ით არის მომატებული.
Teladoc-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 10%-ით — $652.4 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $649.2 მილიონი). ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ კომპანიამ ზარალი მნიშვნელოვნად შეამცირა. Teladoc-ის ზარალმა თითო აქციაზე $0.41 შეადგინა (პროგნოზი — $0.41), გასული წლის იმავე კვარტალში კი ზარალი $19.22-ს აღწევდა.
შემოსავლების გაზრდას ხელი რამდენიმე ფაქტმა შეუწყო. კომპანიის საკომისიო შემოსავალი წლიდან წლამდე 12%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო შემოსავალი — 23%-ით. გაუმჯობესების ყველაზე დიდი მიზეზი იყო ის, რომ Teladoc-მა მთლიანობაში არსებითად შეამცირა საოფისე სივრცეები.
რაც შეეხება მომავალს, Teladoc-ის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი $650-$675 მილიონს მიაღწევს, ხოლო ზარალი თითო აქციაზე $0.50-$0.40 იქნება.
რაც შეეხება სრულ 2023 წელს, Teladoc-ის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ წლის განმავლობაში შემოსავალი $2.6-$2.675 მილიარდს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $2.575-$2.675 მილიარდი) და ზარალი თითო აქციაზე $1.60-$1.25 იქნება (ძველი პროგნოზი — $1.70-$1.25).
Teladoc-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $29.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.10-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $25.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Teladoc-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7.50%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.