• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ოქტომბერი 25, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Coca-Cola, Spotify, Fiserv, Verizon Communications და 3M.

Coca-Cola

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Coca-Cola-მ ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული მრავალეროვნული კორპორაციის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 11%-ზე მეტით არის შემცირებული.

Coca-Cola-ს კორექტირებული ორგანული შემოსავალი წლიდან წლამდე 11%-ით — $12 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $11.44 მილიარდს. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.74 შეადგინა (პროგნოზი — $0.7).

ორი კვირის წინ ბაზარზე გავრცელდა მოსაზრება, რომ წონაში კლების მედიკამენტები, როგორიცაა Ozempic და Wegovy, მომხმარებლებს ნაკლები სასურსათო პროდუქტების ყიდვისა და ნაკლები კალორიების მოხმარებისკენ უბიძგებს.

აშშ-ში Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ ფარნერმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მედიკამენტები იწვევს „ზოგადი კალათის უმნიშვნელო კლებას. უბრალოდ ნაკლები პროდუქტები, ოდნავ მცირე კალორიები“.

აქედან გამომდინარე, ინვესტორებს დაბალი მოლოდინები ჰქონდათ და კომპანიამ მათი გადაჭარბება შეძლო.

Coca-Cola

გარდა ამისა, მენეჯმენტმა მთელი წლის პროგნოზები გაზარდა. ახლა Coca-Cola-ში მოელიან, რომ 2022 წლის განმავლობაში კორექტირებული ორგანული შემოსავალი 10%-11%-ით გაიზრდება. მარჟის გაუმჯობესებამ კორექტირებული EPS (ვალუტის კურსის ცვლილების გამოკლებით) წელიწადში 13%-14%-ით უნდა გაზარდოს.

ზოგიერთი ბაზარი, როგორიცაა ლათინოამერიკა, ინდოეთი და აზიის ნაწილი, ძლიერდება, ზოგ რეგიონში კი კომპანია შერეულ შედეგებს აფიქსირებს. საერთო ჯამში, Coca-Cola-ს ბრენდი ჯერჯერობით სტაბილურია და მენეჯმენტი შესანიშნავად ახერხებს ხარჯების კონტროლს, რათა მოგების მყარი ზრდა უზრუნველყოს.

Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $65.54-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.00-ს, ხოლო მინიმალური — $59.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Coca-Cola-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Spotify

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Spotify-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი აუდიო სტრიმინგის შვედური კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 108%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

Spotify-მ დააფიქსირა დაბალი საოპერაციო ხარჯები და უფრო მაღალი შემოსავალი, რამაც 32 მილიონი ევროს ოდენობით საოპერაციო მოგება გამოიწვია. ეს შედეგი კი ბევრად აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ 228 მილიონ ევროს.

Spotify-მ ისარგებლა თავისი პლატფორმის ახალი ფუნქციებით, რამაც წელს ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვში ძლიერი ზრდა გამოიწვია. კომპანია ახლა პროგრესირებს მზარდი მომხმარებლების ჯანსაღ მოგებად გარდაქმნის მიმართულებით, რაც ინვესტორების დადებით განწყობას ქმნის.

Spotify

Spotify-ის კვარტალში 21 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU) დაემატა, რაც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა მან მიიღო ძლიერი იმპულსი პრემიუმ (ფასიანი) აბონენტების ზრდაში მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში AI DJ გამოუშვა. ამასთან Spotify-მ ახლახან დაამატა ამ შეთავაზებას AI Voice Translation შერჩეული პოდკასტებისთვის. კომპანიის პრემიუმ გამომწერების რაოდენობა წლიდან წლამდე 16%-ით — $226 მილიონამდე გაიზარდა.

მენეჯმენტმა საოპერაციო მოგება მიაწერა დაბალ პერსონალის და მარკეტინგულ ხარჯებს. ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციის ახალ ფუნქციებში ინვესტირების შესაძლებლობა, რაც ხელს უწყობს გამომწერების რაოდენობის და ასევე ხარჯების შემცირებას, Spotify-ის ნათელ მომავალზე მიუთითებს.

Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $171.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $178.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $129.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 22 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Fiserv

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Fiserv-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი გლობალური ფინტექ კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაუმჯობესებული.

მესამე კვარტალში Fiserv-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 7.7%-ით გაიზარდა და $4.87 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.58 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა 108%-ით — $1.96-მდე მოიმატა (პროგნოზი — $1.93).

წლის პირველ სამ კვარტალში კომპანიის თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $2.72 შეადგინა, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ შედეგს.

Fiserv

მესამე კვარტლის წამახალისებელი მაჩვენებლების შემდეგ Fiserv-ის მენეჯმენტმა მთელი წლის პროგნოზები გაზარდა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ ორგანული შემოსავლების ზრდა 11%-ს შეადგენს. კორექტირებული EPS, სავარაუდოდ, $7.47-$7.52-ს მიაღწევს, რაც 15%-16%-იანი მატება იქნება. მანამდე მენეჯმენტი პროგნოზირებდა, რომ ორგანული შემოსავლები 9%-11%-ით მოიმატებდა, ხოლო EPS — 14%-16%-ით.

Fiserv-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $115.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $143.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $170.00-ს, ხოლო მინიმალური — $120.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Fiserv-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Verizon Communications

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Verizon Communications-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტელეკომუნიკაციების გიგანტის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის დაკლებული.

Verizon-ის მთლიანი შემოსავალი წლიდან წლამდე 2.6%-ით — $33.3 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $33.29 მილიარდი), რადგან უკაბელო აღჭურვილობებიდან მიღებულმა შემოსავალმა კვლავ დაიკლო, მაგრამ უკაბელო სერვისების შემოსავალი 2.9%-ით — $19.3 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან, კომპანია განაგრძობს აბონენტების დაკარგვას, მაგრამ კლების ტემპი გაუმჯობესდა.

წმინდა მოგება წლიდან წლამდე 2.8%-ით — $4.9 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა $1.32-დან $1.22-მდე დაიკლო. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.11-ს.

Verizon Communications

მესამე კვარტლის მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებთან ერთად, Verizon-ის მენეჯმენტმა მთელი წლის პროგნოზების ნაწილი გაზარდა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადები $18 მილიარდს მიაღწევს, რაც წინა პროგნოზს $1 მილიარდით აღემატება. გარდა ამისა, მენეჯმენტმა შეინარჩუნა კორექტირებული EPS-ის პროგნოზი — $4.55-$4.85 და უკაბელო სერვისის შემოსავლების ზრდის მითითება — 2.5%-4.5%.

Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $34.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $44.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Verizon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

3M

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, 3M-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამრეწველო პროდუქტებისა და გადაწყვეტების მწარმოებლისა და დისტრიბუტორის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით არის დაკლებული.

3M-ს ჯერ კიდევ უწევს სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგებთან გამკლავება, რაც კომპანიისგან რამდენიმე მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს. მიმდინარე წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ დასრულდა კომპანიასთან დაკავშირებული სასამართლო დავა, რომელიც ქიმიკატების გამოყოფას შეეხებოდა და 3M-ს გადასახადების დაფარვამდე $10.3 მილიარდის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის ხარჯების შემცირების მცდელობებს — მათ შორის, თანამშრომლების გათავისუფლების მრავალ რაუნდს, ხარჯების კონტროლს ქარხნებში და ეფექტურობის გაზრდის მიზნით გადადგმულ სხვა ნაბიჯებს — შედეგები მოაქვს.

3M-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 3.6%-ით — $8.31 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $7.98 მილიარდს. კორექტირების შემდეგ, რომელიც გამორიცხავს შემოსავალს PFAS-ებიდან, ტოქსიკური ქიმიკატების კლასიდან, რომელსაც 3M ეტაპობრივად ამოიღებს, კომპანიის შემოსავალმა $8.02 მილიარდი შეადგინა.

3M

ორგანული გაყიდვები დაეცა 3M-ის ბიზნესის ოთხივე სეგმენტში, გარდა ჯანდაცვისა. ამ უკანასკნელში ეს მაჩვენებელი 2.4%-ით გაიზარდა.

კორექტირებული EPS $2.60-დან $2.68-მდე გაუმჯობესდა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $2.34). კორექტირებული საოპერაციო მარჟა 160 საბაზისო პუნქტით — 23.2%-მდე გაიზარდა.

ინვესტორები ასევე კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ მენეჯმენტმა მოგების პროგნოზები გაზარდა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ კორექტირებული EPS $8.95-$9.15-ს შეადგენს (წინა პროგნოზი — $8.60-$9.10). მენეჯმენტმა მოკრძალებულად შეამცირა შემოსავლის პროგნოზები და ახლა მოსალოდნელია, რომ ორგანული გაყიდვები დაახლოებით 3%-ით შემცირდება.

3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $90.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $112.46-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $148.00-ს, ხოლო მინიმალური — $93.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი 3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას ნიშნავს რეპუტაციული რისკი?

შემდეგი

რას ნიშნავს რესტრუქტურიზაცია?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს რესტრუქტურიზაცია?

რას ნიშნავს რესტრუქტურიზაცია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved