გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Lululemon Athletica, DexCom, Microsoft, WK Kellogg და Snap.
Lululemon Athletica
გუშინ Lululemon Athletica-ს აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა და 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც სპორტული ტანსაცმლის საცალო მოვაჭრე S&P 500-ს შეუერთდა და ინდექსში Activision Blizzard ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი Microsoft-მა შეიძინა. მიმდინარე წლის განმავლობაში Lululemon-ის აქციების ფასი დაახლოებით 29%-ით არის გაუმჯობესებული.
პარასკევს პრესრელიზში, S&P Dow Jones Indices-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Lululemon ჩაანაცვლებს Activision Blizzard-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინდექსში — S&P 500-ში.
ამ სიახლემ Lululemon-ის აქციებს სტიმული მრავალი მიზეზის გამო მისცა. პირველ რიგში, ზრდა დაფიქსირდა იმის გამო, რომ გაცვლითმა სავაჭრო ფონდებმა (ETF), რომლებიც ფართო ბაზრის ინდექსების წარმადობას იმეორებს, ამ კომპანიის აქციები უნდა შეიძინონ, რაც, ბუნებრივია, ფასს ზრდის, რადგან მოთხოვნა მიწოდებას აღემატება.
Lululemon-ის აქციების სავაჭრო მოცულობა უჩვეულოდ მაღალი იყო. ბირჟის გახსნიდან დაახლოებით 6 საათის განმავლობაში Lululemon-ის თითქმის 9 მილიონმა აქციამ შეიცვალა მფლობელი. შედარებისთვის, სამთვიანი საშუალო დღიური მოცულობა მხოლოდ 1.25 მილიონი აქციას შეადგენს.
აქციების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ S&P 500-ის ინდექსში ჩართვა ბიზნესისა და აქციებისთვის ერთგვარი „დამტკიცების ბეჭედია“. მიუხედავად იმისა, რომ აქციის ინდექსში გაერთიანებისთვის გარკვეული საბაზისო კრიტერიუმები არსებობს, ამ გადაწყვეტილებას კომიტეტი იღებს და ცნობილი არ არის რაიმე ნათელი მიზეზი, თუ რატომ ემატება Lululemon თუ სხვა კომპანია ინდექსს.
Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $417.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $453.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $535.00-ს, ხოლო მინიმალური — $366.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lululemon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
DexCom
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლის — DexCom-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 31%-ზე მეტით შემცირდა.
საინვესტიციო ბანკის — Leerink-ის ანალიტიკოსებმა წამოიწყეს DexCom-ის შეფასება და კომპანიის აქციებს, ყიდვის რეკომენდაციასთან ერთად, $110-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭეს. პარასკევს დაფიქსირებულ დახურვის ფასთან შედარებით ეს მაჩვენებელი 44%-იან ზრდას გულისხმობს.
ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს DexCom-ის აქციების წარმადობის ბოლოდროინდელ სისუსტეს, რომელიც Novo Nordisk-ის Ozempic-ისა და Eli Lilly-ის Mounjaro-ს წარმატებებით იყო გამოწვეული. ეს მედიკამენტები დადგენილია დიაბეტის სამკურნალოდ, ზოგიერთ შემთხვევაში კი წონაში მნიშვნელოვან კლებას იწვევს.
ინვესტორები იმან შეაშფოთა, რომ თუ ეს პრეპარატები ასეთ დრამატულ შედეგებს მოიტანს, შეიძლება DexCom-ის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) გადაწყვეტები დაზარალდეს.
Leerink-ის კვლევამ აჩვენა, რომ ეს შიშები გადაჭარბებულია და ამ მედიკამენტებს DexCom-ზე შეზღუდული გავლენა ექნება. ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ DexCom ძლიერი ორნიშნა ზრდის ტემპის შენარჩუნებას შეძლებს.
DexCom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $79.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $136.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი DexCom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 73%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft
გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Microsoft-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 39%-ით არის გაუმჯობესებული.
Piper Sandler-ის ანალიტიკოსის — ბრენტ ბრასელინის საკვირაო ჩანაწერის თანახმად, Microsoft-ის ახლახან გამოცხადებული Copilot ფუნქცია მისი Microsoft 365 პროგრამული კომპლექტისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
ჯერ კიდევ ივლისში, Microsoft-მა წარმოადგინა ახალი შეთავაზება, რომელიც 365-ის მომხმარებლისთვის თვეში დამატებით $30 ეღირება. ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტი აცხადებდა, რომ ახალი მახასიათებელი გამოაჩენს „მუშაობის სრულიად ახალ გზას“, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მრავალი ბიზნეს დავალება მხოლოდ საკუთარი სიტყვების გამოყენებით შეასრულონ.
Microsoft ახალ პროდუქტში, რა თქმა უნდა, იყენებს ფართო ენობრივ მოდელებს (LLM), რომელიც მისი პარტნიორის OpenAI-ის მიერ არის შემუშავებული. ეს უკანასკნელი არის კომპანია, რომელიც დგას ChatGPT-ის უკან და 2023 წლის დასაწყისში მასში Micrrosoft-მა $13 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია ჩადო. ამ შესაძლებლობების Microsoft-ის საწარმოს პროგრამულ უზრუნველყოფასთან, უსაფრთხოებასთან და ქლაუდ შესაძლებლობებთან კომბინაციით კომპანიებს შეუძლიათ, საკუთარი მონაცემები Copilot-თან უსაფრთხოდ გააერთიანონ.
აღსანიშნავია, რომ Copilot ადრეულ საცდელ რეჟიმშია და მისი გამოშვება 1 ნოემბერს იგეგმება. ბრენტ ბრასელინის თანახმად, რომელიც Copilot 365 საცდელ ვებგვერდზე უნიკალურ ვიზიტებს აკვირდებოდა, აგვისტოდან სექტემბრამდე ტრაფიკი 181%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის ახალი შეთავაზების მიმართ ინტერესზე და ენთუზიაზმზე მიუთითებს. ეს მკვეთრი ზრდა შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ საწარმოები Copilot-ის გამოსაყენებლად ემზადებიან.
ანალიტიკოსმა Microsoft-ის აქციების სამიზნე ფასი $400-მდე გაზარდა.
გარდა ამისა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ვიდეო თამაშების სტუდიის — Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შესყიდვის გარიგება გასულ კვირას დახურა, რამაც შეიძლება კომპანიის შემოსავალზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა იქონიოს.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $333.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $398.34-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $440.00-ს, ხოლო მინიმალური — $298.10-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
WK Kellogg
უკვე ორი კვირაა, რაც Kellogg დაიყო ორ კომპანიად: WK Kellogg და Kellanova. პირველი მათგანი ჯერ კიდევ ვერ იმსახურებს მოწონებას უოლ სტრიტზე. გუშინ მისი აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა, რაზეც ანალიტიკოსის ნეგატიურმა შეფასებამ იმოქმედა.
Bank of America-ს ანალიტიკოსმა — პიტერ გალბომ WK Kellogg-ის აქციების შეფასება წამოიწყო. მან კომპანიის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი და $11.50-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია ნიშნულზე — $13.80-ზე, რომლითაც სულ რაღაც ორი კვირის წინ აქციებმა ბაზარზე მიმოქცევა დაიწყო, პიტერის ფასი ინვესტორებისთვის არც ისე შთამაგონებელია.
WK Kellogg-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $12.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $15.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი WK Kellogg-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.
Snap
გუშინ სოციალური მედიის კომპანიის — Snap-ის აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზები არაოფიციალურად საჯარო გახდა. თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის — ევან შპიგელის შენიშვნები Snap-ის 2024 წლის მიზნებს ასახავდა და ამან ბაზარზე მოწონება დაიმსახურა. მიმდინარე წლის განმავლობაში Snap-ის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.
მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ მთელი წლის განმავლობაში, 2023 წელთან შედარებით, სარეკლამო შემოსავალი 20%-ით გაიზრდება, ხოლო რეკლამის მიღმა წყაროებიდან გამომუშავებული შემოსავალი $500 მილიონს მიაღწევს. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის Snapchat+-ის გამომწერების რაოდენობა 14 მილიონს შეადგენს და Snap წლის განმავლობაში პოზიტიურ ფულად ნაკადებს გამოიმუშავებს.
თავის საჯარო განცხადებებში, Snap-ის მენეჯმენტი გამოწერებიდან მიღებულ და სარეკლამო შემოსავლებს ერთმანეთისგან არ გამოყოფს. თუმცა კომპანიამ 2023 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში დაახლოებით $2 მილიარდი გამოიმუშავა. და Snapchat+-ის მხოლოდ 4 მილიონი გამომწერის გათვალისწინებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შემოსავლიდან $100 მილიონზე ნაკლები გამოწერებზე დაფუძნებული იყო.
თუ ვივარაუდებთ, რომ Snap 2023 წელს რეკლამირებიდან $4 მილიარდის ოდენობით შემოსავალს გამოიმუშავებს, 20%-იანი ზრდა 2024 წელს კომპანიას $4.8 მილიარდს მოუტანს. თუ კომპანია გამომწერების ზრდის მიზანს მიაღწევს, მაშინ ის $500 მილიონის მოცულობის შემოსავლის გამომუშავებას შეძლებს და ჯამში შემოსავალი $5.3 მილიარდს მიაღწევს. ეს Snap-ისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება და სწორედ ამიტომ აღაფრთოვანა ამ სიახლეებმა ინვესტორები.
Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 24 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $9.84-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $15.00-ს, ხოლო მინიმალური — $6.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Snap-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 24 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 18-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.