გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Clearway Energy და Enbridge.
Amazon
გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Amazon-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის 51%-ით არის გაუმჯობესებული.
UBS-ის ანალიტიკოსმა — ლოიდ უოლმსლიმ კომპანიის აქციების სამიზნე ფასი $175-დან $180-მდე გაზარდა. მისი ნაბიჯი ნაწილობრივ განპირობებული იყო Amazon-ის მენეჯმენტის მიერ გასულ თვეში გაკეთებული განცხადებით, რომ კომპანია თავისი Prime Video სტრიმინგის სერვისის კონტენტში რეკლამების ინტეგრირებას დაიწყებს.
ლოიდი, რომელმაც Amazon-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, Prime Video-ის შემოსავალში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. რეკლამები ასევე გაზრდის კომპანიის მოგების მარჟას. გარდა ამისა, ანალიტიკოსმა პროგნოზი Amazon-ის 2024 წლის რეკლამის შემოსავლისთვის $55.8-დან $52.7 მილიარდამდე გაზარდა.
ლოიდი პოზიტიურად განწყობილი ერთადერთი ანალიტიკოსი არ არის. საინვესტიციო ბანკის — Goldman Sachs-ის პორტფელის სტრატეგმა — კორმან კონერსმა გამოაქვეყნა ახალი კვლევითი ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ რამდენიმე ტექნოლოგიური მეგა კაპიტალის მქონე (საბაზრო კაპიტალიზაცია — $200 მილიარდი და მეტი) კომპანია წარმოადგენს შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობას მათი აქციების ფასის ბოლოდროინდელი ვარდნის შემდეგ. ამ კომპანიების სია კი ასე გამოიყურება: Amazon, Apple, Microsoft, Alphabet, Nvidia, Tesla და Meta Platforms.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $129.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $176.02-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Clearway Energy
გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, სუფთა ენერგიის მწარმოებლისა და დეველოპერის — Clearway Energy-ის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 38%-ზე მეტით არის დაკლებული.
Clearway აშშ-ში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია, ელექტროენერგიის შეძენასთან დაკავშირებით, გრძელვადიან ხელშეკრულებებს აფორმებს კომუნალურ კომპანიებთან და კორპორატიულ მომხმარებლებთან, რაც ბიზნესს სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფს და დივიდენდებს აძლიერებს.
მაგრამ მაშინ, როდესაც საპროცენტო განაკვეთები იზრდება და მაღალი დივიდენდური ანაზღაურების მქონე აქციები ნაკლებად სარისკო ალტერნატივას გვთავაზობენ, Clearway-ს და სხვა მსგავსი სტრუქტურის მქონე ენერგეტიკულ კომპანიებს ნაკლები ყურადღება ექცევა. გუშინ Evercore ISI-ის ანალიტიკოსმა — მაიკლ ლონეგანმა Clearway Energy-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, თუმცა მან სამიზნე ფასი $34-დან $27-მდე შეამცირა.
მიუხედავად ამ ნაბიჯისა, მაიკლმა Clearway-ის უწოდა „მიმზიდველი ალტერნატივა“ სხვა ენერგეტიკულ კომპანიებთან შედარებით, რომლებიც უფრო რთულ პირობებში არიან. ანალიტიკოსი თვლის, რომ Clearway კარგად არის პოზიციონირებული, რათა შეინარჩუნოს და გაიზარდოს დივიდენდები.
Clearway Energy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $20.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $38.00-ს, ხოლო მინიმალური — $27.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Clearway Energy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 57%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Enbridge
გუშინ, ნეგატიური სიახლეების შემდეგ, კანადური მრავალეროვნული ენერგეტიკული კომპანიის — Enbridge-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის დაკლებული.
ნავთობის ფასები მთელი ზაფხულის განმავლობაში იზრდებოდა და ახლახან გადააჭარბა $90-ს ერთ ბარელზე. თუმცა გუშინ Citi-ს ანალიტიკოსებმა ნავთობის ღირებულების შესახებ ნეგატიური მოლოდინები გამოთქვეს.
Citi ახლა პროგნოზირებს, რომ მეოთხე კვარტალში ნავთობის ფასი ბარელზე $82-ს შეადგენს, ხოლო 2024 წელს საშუალო ფასი $74 იქნება. რა თქმა უნდა, გლობალური ეკონომიკის შენელება პერსპექტივის ნაწილია, მაგრამ Citi-ს სასაქონლო ანალიტიკის ხელმძღვანელმა — ედ მორსმა ასევე დაწერა, რომ საუდის არაბეთისა და რუსეთის გარდა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები მიწოდებას ზრდიან. მათ შორისაა აშშ, ბრაზილია, კანადა, გაიანა. ამასთან, ვენესუელა და ირანიც კი, რომლებზეც წარსულში სხვადასხვა სანქცია ვრცელდებოდა.
გარდა ამისა, გუშინ აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 4,683% შეადგინა. ფაქტობრივად, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ.
10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი ნეგატიურად იმოქმედებს აქციების ფასებზე, განსაკუთრებით მაღალი დივიდენდური სარგებლის, მაგრამ დაბალი ზრდის მქონე აქციებზე, როგორიც არის Enbridge. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ აქციებს ფიქსირებულ შემოსავლიანი საინვესტიციო ინსტრუმენტების მსგავსი თვისებები ახასიათებს.
გარდა ამ სიახლეებისა, ინვესტორებს აღელვებთ Enbridge-ის მენეჯმენტის ბოლო განცხადება, რომ კომპანია Dominion Energy-სგან ბუნებრივი აირის სამ ქარხანას შეიძენს. ეს მასიური $14 მილიარდის ღირებულების შესყიდვა გაზრდის Enbridge-ის ვალის ტვირთს. მაღალი დავალიანების მქონე კომპანიები კი დაუცველები იქნებიან, თუ გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები ზრდას განაგრძობს.
Enbridge-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $32.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $40.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $47.43-ს, ხოლო მინიმალური — $37.06-ს. საშუალო სამიზნე ფასი Enbridge-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 29%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.