გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Casey’s General Stores, Matrix Service, Cognyte Software, UPS და Oracle.
Casey’s General Stores
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Casey’s General Stores-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი მაღაზიების ქსელის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში, რომელიც რომელიც 31 ივლისს დასრულდა, შემოსავალი წლიდან წლამდე 13.1%-ით — $3.87 მილიარდამდე შემცირდა, რაც ოდნავ ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.91 მილიარდს. თუმცა Casey’s General-ის მოგება 9.5%-ით გაიზარდა და EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $4.52 შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $3.38).
Casey’s General-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დარენ რებელესმა კვარტალურ შედეგებს „შესანიშნავი დასაწყისი“ უწოდა, რადგან კომპანია იწყებს ახალ სამწლიან სტრატეგიულ გეგმას, რომელიც მენეჯმენტმა ივნისში დააანონსა. ეს გეგმა მოიცავს ფისკალური 2026 წლის ბოლომდე 350 მაღაზიის დამატებას. ამჟამად კომპანია 2,500-ზე მეტ ლოკაციას ფლობს. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია EBITDA-ს (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) წლიური 8%-10%-იანი ზრდის მიღწევა.
„უფრო ნორმალიზებული მაკრო ოპერაციული გარემოს პირობებში, გასულ კვარტალში Casey’s General-ის უნიკალური ბიზნეს მოდელის სიძლიერე სრულად გამოიკვეთა“ —დასძინა დარენმა.
კომპანიის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 5.4%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, Casey’s General-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის განმავლობაში კომპანია მინიმუმ 150 ახალი ლოკაციის გახსნას შეძლებს (წინა პროგნოზი — 110). გარდა ამისა, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ comps 3%-5%-ით გაიზრდება.
Casey’s General-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $266.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $269.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $285.00-ს, ხოლო მინიმალური — $231.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Casey’s General-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Matrix Service
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Matrix Service-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 43%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Matrix უზრუნველყოფს საინჟინრო, სამშენებლო და ტექნიკურ მომსახურებას ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობის ბაზრებისთვის, ფოკუსირებულია კომუნალური ინფრასტრუქტურის, გადამამუშავებელი ქარხნების, საცავებისა და ტერმინალის გადაწყვეტებზე. ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, კომპანიის შემოსავალმა $205.85 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $221.23 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე — $0.11 (პროგნოზი — $-0.09).
Matrix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ რ. ჰევიტმა განაცხადა: „უაღრესად კმაყოფილი ვარ გასული წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესით და აღფრთოვანებული ვარ კომპანიის პერსპექტივებით… მსხვილ კაპიტალურ პროექტებზე მუშაობის დაწყებასთან ერთად, ჩვენ შემოსავალზე ძლიერი ხილვადობა გვაქვს და ორიენტირებულნი ვართ მაქსიმალურ მომგებიანობაზე, რადგან მიმდინარეობს ტრანსფორმაცია, რომელმაც კომპანიის ხარჯების სტრუქტურის ოპტიმიზაცია გახადა შესაძლებელი“.
Cognyte Software
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Cognyte Software-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 24%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ით არის გაუმჯობესებული.
Cognyte Software საგამოძიებო ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა. ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტალში, რომელიც 31 ივლისს დასრულდა, მისი შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $77.1 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $73.87 მილიონს. კორექტირებულმა წმინდა ზარალმა $6.4 მილიონს მიაღწია, ანუ თითო აქციაზე — $0.09-ს (პროგნოზი — $-0.21).
Cognyte-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ელად შერონმა ეს შედეგები მიაწერა გარიგებებს როგორც არსებულ, ისე ახალ სტრატეგიულ კლიენტებთან, რომლებიც, მისი სიტყვებით, კომპანიის ინოვაციური ტექნოლოგიის სიძლიერეს და მის მიერ მიწოდებულ ღირებულებას აღიარებენ. მან ასევე განაცხადა, რომ AI-ის (ხელოვნური ინტელექტი) ბოლოდროინდელი განვითარება, Cognyte-ის მომხმარებელთა დიდ ბაზასთან კომბინაციაში, კომპანიას მომავალი ზრდისთვის ხელსაყრელ პოზიციებს უნარჩუნებს.
რაც შეეხება მომავალს, Cognyte-ის მენეჯმენტმა პროგნოზები გაზარდა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი $307 მილიონს შეადგენს (პლუს-მინუს 2%), ხოლო კორექტირებული ზარალი თითო აქციაზე — $0.33-ს. ძველი პროგნოზები, შესაბამისად, $303 მილიონი და $-0.53 იყო. გარდა ამისა, Cognyte-ის მენეჯმენტი მიზნად ისახავს მთელი წლის განმავლობაში ოპერაციებიდან პოზიტიური ფულადი ნაკადების გენერირებას.
UPS
UPS-მა თავისი ახალი შრომითი გარიგების ფინანსური ზემოქმედება გამოავლინა და ინვესტორები, დამატებითი ხარჯებით, ცოტათი შეშინებულები არიან. გუშინ ამანათების მიწოდების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც UPS-ის მენეჯმენტმა დეტალურად აღწერა კომპანიის ახალი შეთანხმება Teamsters-ის პროფკავშირთან.
მიმდინარე წლის ზაფხულში UPS ინვესტორების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან კომპანია ცდილობდა, თავიდან აეცილებინა სამუშაო ძალის გაფიცვა, რომელიც ოპერაციებს სერიოზულად შეაფერხებდა. UPS-მა და Teamsters-მა საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ამანათების კომპანიას ეს ძვირი დაუჯდა.
სამშაბათს UPS-ის მენეჯმენტმა ინვესტორებს ახალი შეთანხმების დეტალები გააცნო. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხუთწლიანი ხელშეკრულების განმავლობაში ხელფასები და შეღავათები ყოველწლიურად საშუალოდ 3.3%-ით გაიზრდება, ამ მატების მნიშვნელოვანი ნაწილი კი პირველ წელზე მოდის.
ხელფასები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება კონტრაქტის პირველ წელს, რომელიც ძალაში 1 აგვისტოს შევიდა. ხარჯები მოიცავს არა მხოლოდ ხელფასების ზრდას, არამედ პენსიისა და ჯანმრთელობის შეღავათების კორექტირებას, ასევე ახალ ანაზღაურებად შვებულებას.
„ჩვენ კმაყოფილები ვართ შედეგით ინფლაციის ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, ისტორიულ ტენდენციებთან და ამჟამინდელ სამუშაო გარემოსთან შედარებით“, — თქვა ფინანსურმა დირექტორმა, ბრაიან ნიუმანმა ინვესტორებთან საუბრისას.
ეს შეთანხმება მიმდინარე კალენდარული წლის მეორე ნახევარში UPS-ის ხარჯებს დაახლოებით $500 მილიონით გაზრდის.
UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.60-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $187.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $221.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Oracle
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Oracle-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა.
ფისკალურ პირველ კვარტალში Oracle-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $12.45 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა ოდნავ გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $12.44 მილიარდს.
ეს ზრდა განპირობებული იყო ქლაუდ შემოსავლის 30%-იანი მატებით $4.6 მილიარდამდე, რაც მოიცავდა ქლაუდ ინფრასტრუქტურის 66%-იან ზრდას $1.5 მილიარდამდე და ქლაუდ აპლიკაციების 17%-იან მატებას $3.1 მილიარდამდე.
კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი 13%-ით — $5.1 მილიარდამდე გაუმჯობესდა, ხოლო კორექტირებულმა საოპერაციო მარჟამ 41%-ს მიაღწია.
კორექტირებული EPS წლიდან წლამდე 16%-ით — $1.19-მდე გაიზარდა და ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.15-ს გადააჭარბა.
მიუხედავად ძლიერი შედეგებისა, Oracle-ის მენეჯმენტი მეორე კვარტალში შემოსავლების ზრდის შენელებას პროგნოზირებს. კომპანიაში მოელიან, რომ შემოსავალი 5%-7%-ით გაიზრდება $13 მილიარდამდე (ანალიტიკოსების პროგნოზი — $13.29 მილიარდი). გარდა ამისა, მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ კორექტირებული EPS $1.30-$1.34-ს შეადგენს, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს — $1.25-ს აჭარბებს.
Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $110.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $132.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $104.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.