გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Nvidia, OpenAI, T-Mobile, U.S. Cellular და Opera Limited.
Nvidia
გუშინ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასმა 7%-ით მოიმატა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 137%-ით არის გაუმჯობესებული.
კატალიზატორი, რომელმაც ჩიპების მწარმოებელსა და ხელოვნური ინტელექტის (AI) სპეციალისტზე პოზიტიურად იმოქმედა იყო სიახლე, რომ კიდევ ერთმა AI სტარტაპმა მილიარდობით დოლარი მოიზიდა, რაც, სავარაუდოდ, Nvidia-სთვის კარგი ამბავია.
xAI-ის, ილონ მასკის მიერ დაარსებული AI სტარტაპის, მენეჯმენტმა კვირას განაცხადა, რომ კომპანიამ, დაფინანსების ბოლო რაუნდში, $6 მილიარდი მოიზიდა. სტარტაპის წარმომადგენლებმა ბლოგპოსტის საშუალებით განაცხადეს, რომ ნაღდი ფულის ნაკადი გამოყენებული იქნება xAI-ის პირველი პროდუქტების ბაზარზე გასატანად, მოწინავე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და მომავალი ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების დასაჩქარებლად. X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ პოსტში კი ილონ მასკმა თქვა, რომ B სერიის დაფინანსების რაუნდი xAI-ის $18 მილიარდად აფასებს.
კომპანია, რომელიც გასულ ივლისში დაარსდა, Grok-ის შემქმნელია. ეს უკანასკნელი არის გენერაციული AI ჩეთბოტი, რომელიც OpenAI-ის ChatGPT-ს კონკურენციას უწევს. Grok ხელმისაწვდომია X-ზე და „მოდელირებულია Hitchhiker’s Guide to the Galaxy-ის მიხედვით, ასე რომ ის შექმნილია, რათა უპასუხოს თითქმის ყველაფერს და, რაც უფრო რთულია, სათანადო კითხვები თავად შემოგთავაზოთ“.
რა კავშირშია ეს ყველაფერი Nvidia-სთან? ეს არის სიგნალი იმისა, რომ AI-ში ინვესტირების გაგრძელების „მადა“ ჯერ კიდევ არსებობს. ინვესტორები წუხდნენ, რომ, შესაძლოა, AI-ზე მოთხოვნა შემცირდეს, მაგრამ xAI-სთან დაკავშირებული სიახლე გვეხმარება იმის ილუსტრირებაში, რომ ეს ასე არ არის.
გარდა ამისა, ვინაიდან xAI ChatGPT-ის კონკურენტი იქნება, ძირითად ენობრივ მოდელებს დასჭირდება უზარმაზარი გამოთვლითი სიმძლავრე, რათა Grok კონკურენტუნარიანი გახდეს. ვინაიდან სტარტაპი საკუთარ AI ჩიპებს არ ავითარებს, პროცესორების აბსოლუტური უმრავლესობის მიმწოდებელი, სავარაუდოდ, ინდუსტრიის ლიდერი — Nvidia იქნება. ეს კი პირდაპირ გაზრდის კომპანიის გაყიდვებს.
ეს სიახლე კი ემატება იმას, რომ ჩიპების მწარმოებელმა გიგანტმა რამდენიმე დღის წინ რეკორდული კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, ამასთან, აქციების დაყოფა და კვარტალური დივიდენდის ზრდა დააანონსა.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,139.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 39 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,185.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $870.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 39 ანალიტიკოსიდან 36-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
OpenAI
გუშინ Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი OpenAI-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ შექმნა უსაფრთხოების ახალი კომიტეტი და დაიწყო თავისი შემდეგი AI მოდელის ტრენინგი. კომიტეტის შექმნა განპირობებულია ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებასთან დაკავშირებული ეჭვებით.
ახალ კომიტეტს შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ ეჭვების შემცირებას, ასევე ღელვას, რომელიც შიდა არეულობის გამო რამდენიმე უფროსი მეცნიერის წასვლასა და OpenAI-ის ყოფილი „Superalignment“ გუნდის დაშლასთან არის დაკავშირებული.
OpenAI-მ განაცხადა, რომ კომპანიის საბჭომ შექმნა უსაფრთხოების კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობენ OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი — სემ ალტმანი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე — ბრეტ ტეილორი და საბჭოს წევრები — ადამ დ’ანჯელო და ნიკოლ სელიგმანი.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტი პასუხისმგებელია OpenAI-ის ყველა პროექტისთვის კრიტიკული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების შესახებ რეკომენდაციების მიღებაზე.
OpenAI-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ახლახან დაიწყეს კომპანიის მომავალი მძლავრი მოდელის გაწვრთნა. ისინი წინასწარმეტყველებენ, რომ შედეგად მიღებული სისტემები OpenAI-ის შესაძლებლობებს ახალ დონეზე აიყვანს.
T-Mobile & U.S. Cellular
გუშინ სატელეკომუნიკაციო გიგანტის — T-Mobile-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ $4.4 მილიარდის ღირებულების გარიგებით U.S. Cellular-ის „არსებითად ყველა“ უსადენო ოპერაციას შეიძენს.
კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ U.S. Cellular-ის მომხმარებლები მიიღებენ წვდომას T-Mobile-ის გაფართოებულ ქსელზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ უკანასკნელის მომხმარებლებს კი U.S. Cellular უზრუნველყოფს უკეთესი მოქმედების ზონით სოფლებშიც, სადაც ადრე მომსახურება სუსტი იყო.
T-Mobile დათანხმდა, შეიძინოს U.S Cellular-ის ფიზიკური საცალო მაღაზიები გარკვეული სპექტრის აქტივებთან ერთად. გარდა ამისა, კომპანიები დადებდნენ ხელშეკრულებას T-Mobile-ის მიერ დაახლოებით 2100 მობილური ანძის იჯარით გაცემის შესახებ.
T-Mobile-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკ სივერტმა განაცხადა, რომ ეს გარიგება სასარგებლო იქნება ორივე კომპანიის მომხმარებლებისთვის. მან ასევე დასძინა, რომ კონკურენტები იძულებულნი იქნებიან, გაერთიანებულ კომპანიას ფეხი აუწყონ, რითაც კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს.
U.S. Cellular-ის მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, შეინარჩუნონ მიმდინარე სერვისი ან T-Mobile-ის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე გადავიდნენ.
T-Mobile-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანიებში მოელიან, რომ გარიგება მომავალი წლის შუა პერიოდში დაიხურება — ეს დამოკიდებულია დასტურზე მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ გარიგება, სავარაუდოდ, მიმდინარე ფისკალურ წელს არ დაიხურება, T-Mobile-ში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის 2024 წლის პროგნოზებს არ ცვლიან.
T-Mobile-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $167.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $188.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $202.00-ს, ხოლო მინიმალური — $175.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი T-Mobile-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.5%-იან ზრდას გულისხმობს.
Opera Limited
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის გავრცელების შემდეგ, ინტერნეტ ბრაუზერის კომპანია Opera Limited-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის გაუმჯობესებული.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვარტალში Opera-მ შედარებით კარგი ფინანსური შედეგები დააფიქსირა, საბოლოოდ მისი აქციების ფასი შემცირდა AI მონაცემთა ცენტრზე სოლიდური ხარჯების გაწევის გამო. თუმცა გუშინ Opera-ს აქციების ფასი გაიზარდა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლის ფონზე.
გუშინ დილით პრესრელიზში Opera-ს მენეჯმენტმა დააანონსა თანამშრომლობა Alphabet-ის Google Cloud განყოფილებასთან. თანამშრომლობის შედეგად Opera Google-ის ახალი Gemini დიდ ენობრივ მოდელს (LLM) ჩართავს თავის ახალ Aria AI ბრაუზერში.
Aria არის მრავალ LLM-ზე დაფუძნებული ძრავა, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული მომხმარებლისა და ამოცანისთვის საუკეთესოდ შესაფერისი LLM-ის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ Gemini-ის თავდაპირველ გაშვებას ნამდვილად თან ახლდა რამდენიმე პრობლემა, Google-ს აქვს უზარმაზარი ფინანსური და ტექნიკური რესურსები — ბოლოს და ბოლოს ის არის კომპანია, რომელმაც მრავალი AI ტექნოლოგია შექმნა.
Opera-ში განაცხადეს, რომ Aria ხელმისაწვდომს გახდის ტექსტის გამოსახულებად და აუდიოდ გარდაქმნის ფუნქციებს, რომლებიც Gemini-ის მიერ არის შექმნილი.
პერ ვეტერდალმა, Opera-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა: „უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანიები თანამშრომლობენ. მოხარული ვართ, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში ამ კოლაბორაციის გაღრმავებას ვაანონსებთ“.
აღსანიშნავია, რომ Opera ფაქტობრივად კონკურენციას უწევს Google-ის Chrome ბრაუზერს, მაგრამ კომპანიები მაინც თანამშრომლობენ, რადგან, სავარაუდოდ, თითოეული მხარე ამ კოლაბორაციაში თავისთვის მომგებიან სცენარს ხედავს. Opera-ს 311 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ასეთი დიდი ბაზა Gemini-ის ზრდისთვის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
Opera-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $22.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $19.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Opera-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 50%-იან ზრდას გულისხმობს.
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $176.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $197.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $168.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.