გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Opera, Perion Network, Comcast და Warner Bros. Discovery.
Opera
გუშინ ინტერნეტ ბრაუზერის კომპანიის — Opera Limited-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან არსებობდა მოლოდინი, რომ ფირმა Apple-ის მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციაში (WWDC) ჩაერთვებოდა.
დღის დასაწყისში ზოგიერთი ინვესტორი ამ იდეას განიხილავდა X-ზე (ადრე ცნობილი როგორც Twitter), თუმცა არც ერთი კომპანიის მიერ არ გავრცელებულა მითითება პოტენციური თანამშრომლობის შესახებ. Apple-ის ღონისძიება დაიწყო და დასრულდა Opera-ს ხსენების გარეშე.
Opera დიდ ყურადღებას იქცევს
გასულ კვირაში Opera-მ დააანონსა AI თანამშრომლობა Alphabet-ის Google Cloud-თან. ტექნოლოგიური გიგანტის დიდი ენობრივი მოდელი (LLM) — Gemini AI ინტეგრირებული იქნება Opera-ს Aria AI ბრაუზერში.
Aria არის მრავალ LLM-ზე დაფუძნებული ძრავა, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული მომხმარებლისა და ამოცანისთვის საუკეთესოდ შესაფერისი LLM-ის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ Gemini-ის თავდაპირველ გაშვებას ნამდვილად თან ახლდა რამდენიმე პრობლემა, Google-ს აქვს უზარმაზარი ფინანსური და ტექნიკური რესურსები — ის არის კომპანია, რომელმაც მრავალი AI ტექნოლოგია შექმნა.
Aria ხელმისაწვდომს გახდის ტექსტის გამოსახულებად და აუდიოდ გარდაქმნის ფუნქციებს, რომლებიც Gemini-ის მიერ არის შექმნილი.
პერ ვეტერდალმა, Opera-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა: „უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანიები თანამშრომლობენ. მოხარული ვართ, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში ამ კოლაბორაციის გაღრმავებას ვაანონსებთ“.
სწორედ ამან განაპირობა Opera-ს აქციების ფასის ზრდა. Apple-მა გუშინ ახალი AI შესაძლებლობები დააანონსა და მანამდე ზოგიერთი ინვესტორი ვარაუდობდა, რომ შეიძლებოდა Opera-ს Apple-თანაც წამოეწყო თანამშრომლობა ისევე, როგორც Alphabet-თან.
აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო სიმართლე, Apple-მა წარადგინა ახალი AI შესაძლებლობები Siri-სთვის და კომპანიის ოპერაციული სისტემებისთვის, მაგრამ ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტს Opera არ უხსენებია.
ინვესტორები Opera-ს ყურადღებით აკვირდებიან
Opera-ს ბოლო თანამშრომლობას Alphabet-თან მოჰყვა TD Cowen-ის ანალიტიკოსის მიერ აქციებისთვის ყიდვის რეკომენდაციის შენარჩუნება და $25-ის ტოლი სამიზნე ფასის მინიჭება. ანალიტიკოსის ოპტიმიზმის ნაწილი გამომდინარეობს იქიდან, რომ Opera-მ თავის ბრაუზერში უფრო მეტი AI ფუნქციის ინტეგრირება შეძლო.
ცხადია, რომ Opera-ს მენეჯმენტი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გარკვეულ ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამს, რათა თავის ბრაუზერს სწრაფად განვითარებად ბაზარზე რელევანტურობა შეუნარჩუნოს. ინვესტორები კი კომპანიის ნაბიჯებს ყურადღებით აკვირდებიან.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Opera-ს აქციებს?
Opera-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ორივე მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Opera-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 55%-იან ზრდას გულისხმობს.
Perion Network
გუშინ Perion Network-ის აქციების ფასი 30%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიის ურთიერთობამ Microsoft-თან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. შედეგად, სარეკლამო ტექნოლოგიური კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო გაქრა.
წლის დასაწყისიდან Perion Network-ის აქციების ფასი დაახლოებით 72%-ით არის შემცირებული.
ცუდიდან უარესამდე
ისტორიულად, Perion, თავისი შემოსავლის დაახლოებით ნახევრის გამოსამუშავებლად, Microsoft Bing-ის ტრაფიკს ეყრდნობოდა, მაგრამ ამ ურთიერთობამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო აპრილში, რის შედეგადაც სარეკლამო კომპანიის აქციების ფასი ერთ დღეში დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
გუშინ დილით, Perion-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ურთიერთობა Bing-თან არსებითად შეწყდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Perion იყო ერთ-ერთი გამომცემელი, რომელიც გამოირიცხა Microsoft-ის საძიებო დისტრიბუციის ბაზრიდან.
შედეგად, Perion-ში ახლა მოელიან, რომ წლის მეორე ნახევარში Bing-თან დაკავშირებული შემოსავალი მთლიანი გამომუშავებული ფულის 5%-ს შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ Bing-თან შეთანხმება Perion-ის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის.
მომავლის პროგნოზები
Perion-მა მეორე კვარტლისთვის პროგნოზებიც შეამცირა. ახლა კომპანიაში მოელიან, რომ კვარტალური შემოსავალი $106-$108 მილიონს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება ძველ პროგნოზს — $118-$122 მილიონს. Perion-ის მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $6.5-$7.5 მილიონს შეადგენს (წინა პროგნოზი — $10-$12 მილიონი).
გარდა ამისა, Perion-მა მთელი წლისთვის შემოსავლის პროგნოზი $510-დან $490 მილიონამდე შეამცირა, ხოლო EBITDA-სი — $52-დან $48 მილიონამდე.
Perion-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტალ ჯეიკობსონმა თქვა: „Microsoft Bing-ის მიერ საძიებო დისტრიბუციის ბაზარზე განხორციელებული ბოლო ცვლილებები სამწუხაროა და მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჩვენს სარეკლამო ძიების ბიზნესზე“. თუმცა მან ასევე ხაზი გაისვა ზრდის რამდენიმე შესაძლებლობას, მათ შორის CTV-ს (დაკავშირებული ტელევიზორი), საცალო მედიასა და გარე ციფრულ რეკლამებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Perion-ის აქციებს?
Opera-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ორივე მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $16.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Opera-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 66.4%-იან ზრდას გულისხმობს.
Comcast & Warner Bros. Discovery
Comcast-ის NBCUniversal-მა და Warner Bros. Discovery-მ ხელი მოაწერეს მრავალწლიან ხელშეკრულებებს კანადურ უკაბელო, საკაბელო და გასართობ გიგანტთან — Rogers Communications, მისი მომხმარებლებისთვის პროგრამირების უზრუნველსაყოფად.
გუშინ Rogers-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ სექტემბერში კანადაში NBCUniversal-ის Bravo არხს გამოუშვებს და ქვეყანაში მისი ინგლისურენოვანი სატელევიზიო კონტენტის უფლებების მფლობელი გახდება.
2025 წლის იანვრიდან Rogers მომხმარებლებს ასევე შესთავაზებს Warner Bros. Discovery-ის კომპლექტს ინგლისურენოვან ამერიკული ცხოვრების სტილისა და საინფორმაციო ბრენდებს, როგორებიც არის HGTV და The Food Network.
ამერიკული და კანადური კონტენტის საუკეთესო მიქსი
Rogers Sports & Media-ს პრეზიდენტმა, კოლეტ უოტსონმა განაცხადა: „კომპანია ავითარებს ჩვენს ბიზნესს, რათა ასახოს მომხმარებლების სურვილები, აუდიტორიას მიაწოდოს ამერიკული და კანადური კონტენტის საუკეთესო ნაზავი“. მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები ასევე დაეხმარება Rogers-ს „განამტკიცოს თავისი პოზიცია, როგორც ძლიერმა კანადურმა მაუწყებელმა, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს უცხოურ სტრიმერებს“.
ხელშეკრულებების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები ამ კომპანიების აქციებს?
Comcast-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $39.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $47.87-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $55.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Comcast-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 23.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Warner Bros. Discovery-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $8.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $12.07-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $16.00-ს, ხოლო მინიმალური — $7.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Warner Bros. Discovery-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 49%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rogers Communications-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $38.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 11 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ორივე მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $52.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $58.13-ს, ხოლო მინიმალური — $45.78-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rogers Communications-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 37.3%-იან ზრდას გულისხმობს.