გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან IBM, AT&T, McDonald’s და Apple.
IBM
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, International Business Machines-მა (IBM) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში IBM-ის შემოსავალი წლიურად 2.1%-ით — $15.8 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $15.62 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) 30.2%-ით მოიმატა და $2.43-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.20-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $1.96 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.80).
მთლიანობაში, IBM-მა შესანიშნავი შედეგები გამოაქვეყნა გაიზარდა როგორც შემოსავალი, ისე მოგება, რაც ძირითადად კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სეგმენტით იყო განპირობებული.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ზრდა (%) |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $15.8 მილიარდი | $15.62 მილიარდი | $15.5 მილიარდი | 2.1% |
კორექტირებული EPS | $2.43 | $2.20 | $2.18 | 30.2% |
მთლიანი მოგება | $8.95 მილიარდი | არ არის ცნობილი | $8.50 მილიარდი | 5.3% |
თავისუფალი ფულადი ნაკადები (წლის დასაწყისიდან) | $4.5 მილიარდი | არ არის ცნობილი | $3.4 მილიარდი | 32% |
IBM-ის ბიზნესის მიმოხილვა
IBM არის ტექნოლოგიებისა და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ცნობილია AI პლატფორმებსა და ჰიბრიდულ ქლაუდ სისტემაზე ფოკუსირებით. ეს უკანასკნელი არის შერეული გამოთვლითი სისტემა, რომელშიც აპლიკაციები გაშვებულია სხვადასხვა გარემოში გამოთვლის, შენახვისა და სერვისების კომბინაციის გამოყენებით.
უკვე საუკუნეზე მეტია, რაც IBM არსებობს, ის ყოველთვის ადაპტირდება ცვალებად ბაზრებთან და ხშირად გამოირჩევა ლიდერობით.
IBM ახლა ფოკუსირებულია ჰიბრიდული ქლაუდ სისტემის და AI შესაძლებლობების გაფართოებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე და მოწინავე ინოვაციების ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელებაზე. კომპანია დიდ ინვესტიციას ახორციელებს კვლევებში და წინ უსწრებს ბაზრის ტენდენციებს ახალი პროდუქტებისა და გადაწყვეტების შემუშავებით, რომლებიც კლიენტების საჭიროებებს აკმაყოფილებს. წარმატების კრიტიკულ სფეროებში შედის მისი ლიდერობა პროგრამული უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურისა და ტალანტის განვითარებაში.
გასული კვარტლის აღსანიშნავი მიღწევები
გასულ კვარტალში IBM-ის წარმადობის ერთ-ერთი გამორჩეული სფერო იყო მისი პროგრამული უზრუნველყოფა, საიდანაც კომპანიის შემოსავალი წლიურად 7%-ით გაიზარდა. ავტომატიზაციის შემოსავალმა 15%-ით მოიმატა და Red Hat-მა, ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ, რომელიც IBM-მა შეიძინა, 7%-იანი ზრდა განიცადა.
ინფრასტრუქტურის სეგმენტმა ასევე აჩვენა აღმასვლა, მთლიანობაში 1%-იანი ზრდით და IBM Z-ის (მაინფრეიმ კომპიუტერული ხაზი) გაყიდვების 6%-იანი მატებით. ამავდროულად, IBM-მა საკონსულტაციო შემოსავლების 0.9%-იანი კლება დააფიქსირა, თუმცა, ვალუტის კურსის რყევების ეფექტის გამორიცხვის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 1.8%-ით გაუმჯობესდა.
IBM-ის მიმდინარე პარტნიორობებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტაბილური შემოსავლების ნაკადების ფორმირებასა და გლობალურ ბაზარზე კომპანიის წარმომადგენლობაში. პროგრესის მნიშვნელოვანი სფერო მოიცავს გაძლიერებულ პოზიციებს გენერაციულ AI-ში (genAI). IBM-მა ბიზნესებისთვის შექმნილი AI და მონაცემთა პლატფორმა — Watsonx ერთი წლის წინ გამოუშვა და მისი მომხმარებლების ხარჯები უკვე $2 მილიარდს აღემატება.
ინვესტიციები ინოვაციებში რჩება პრიორიტეტად — ხარჯები კვლევების, განვითარებისა და ინჟინერიის (R, D&E) მიმართულებით $1.84 მილიარდამდე გაიზარდა (გასული წლის იმავე კვარტალში — $1.69 მილიარდი). ეს ინვესტიცია მხარს უჭერს IBM-ის სწრაფვას ბიზნესის შედეგების ეფექტიანად წარმართვისკენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ძლიერი თავისუფალი ფულადი ნაკადების (FCF) გამომუშავება — ამ მაჩვენებელმა $4.5 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში FCF $3.4 მილიარდს გაუტოლდა. ეს მხარს უჭერს IBM-ის სტრატეგიულ მიზნებს და უზრუნველყოფს მოქნილობას კომპანიის ზრდის სფეროებში ინვესტიციების განსახორციელებლად, ხოლო აქციონერებისთვის — კაპიტალის დაბრუნებას.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, IBM-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული წლის განმავლობაში თავისუფალი ფულადი ნაკადები $12 მილიარდს მიაღწევს. მოსალოდნელია, რომ შემოსავლები საშუალო ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზრდება, თუმცა ვალუტის კურსის რყევებმა შეიძლება გარკვეული წინააღმდეგობები გამოიწვიოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები IBM-ის აქციებს?
IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $184.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $190.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $215.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი IBM-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.4%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AT&T
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, AT&T-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტელეკომუნიკაციების გიგანტის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში AT&T-ის შემოსავალი წლიურად მცირედით — $29.8 მილიარდამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $30.1 მილიარდს.
არც კომპანიის მოგება ყოფილა შთამბეჭდავი. AT&T-ის კორექტირებული EPS წლიურად 9%-ით — $0.57-მდე შემცირდა, რაც უოლ სტრიტის მოლოდინს შეესაბამებოდა. თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა მოგებამ თითო აქციაზე $0.49 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.05-ით ჩამორჩა.
თუმცა, როგორ ჩანს, ინვესტორები უფრო მეტად ფოკუსირდნენ აბონენტების რაოდენობისა და თავისუფალი ფულადი ნაკადების ზრდაზე.
2024 წლის მეორე კვარტალში AT&T-ის უსადენო სერვისს 419,000 აბონენტი დაემატა, რაც მკვეთრად აღემატება პროგნოზს — 285,000-ს. კომპანიის მენეჯმენტმა თავის პრესრელიზში აღნიშნა, რომ განაგრძობს მაღალი ღირებულების აბონენტების მოზიდვას და შენარჩუნებას, რომლებიც გამოიყენებენ როგორც უსადენო, ისე ბოჭკოვან სერვისებს.
AT&T-ის აქციონერები კმაყოფილები იყვნენ იმითაც, რომ კომპანიის FCF წლიურად 9.5%-ით — $4.6 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.2 მილიარდს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, AT&T-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული წლის განმავლობაში FCF $17-$18 მილიარდს მიაღწევს, რაც აღემატება წინა წლის შედეგს — $16.8 მილიარდს.
მეორე კვარტალში დაფიქსირებული FCF-ის ძლიერი ზრდა AT&T-ს დაეხმარება, მიუახლოვდეს ამ მიზანს და გააძლიეროს ინვესტორების ოპტიმიზმი იმის შესახებ, რომ კომპანია ძლიერ ფინანსურ მდგომარეობაშია, რათა დივიდენდების გადახდა გააგრძელოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები AT&T-ის აქციებს?
AT&T-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $21.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $29.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AT&T-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
McDonald’s
McDonald’s არის პოპულარული აქცია, რომელიც ხშირად იმსახურებს ქებას ბაზრის პროფესიონალების მხრიდან. ამის მინუსი ის არის, რომ ხანდახან, უმნიშვნელო ჩავარდნის შემთხვევაშიც კი, შეიძლება სწრაფი კვების გიგანტის აქციების ზრდა შეფერხდეს. სწორედ ეს მოხდა გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ.
გუშინ McDonald’s-ის აქციების ფასი მცირედით, თითქმის 0.3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის დაკლებული.
ანალიტიკოსის შეფასება
გუშინ UBS-ის ანალიტიკოსმა — დენის გეიგერმა McDonald’s-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $335-დამ $305-მდე შეამცირა. თუმცა ეს მაჩვენებელი McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი საფასო ნიშნულიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს.
გეიგერის ამ ნაბიჯის მიზეზი მაშინვე ნათელი არ იყო. თუმცა, ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ანალიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ორ დღეში მას შემდეგ, რაც McDonald’s-ის მენეჯმენტმა $5-იანი მენიუს გახანგრძლივება დააანონსა. შეთავაზება დაიწყო ივნისის ბოლოს და ოთხკვირიანი პერიოდის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ის საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა და კომპანიამ მისი გახანგრძლივება გადაწყვიტა.
მართალია, McDonald’s-ის გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ კომპანია თავისი მომხმარებლების სურვილებს პასუხობს, თუმცა საინტერესოა, როგორ ზემოქმედებს ასეთი ფასდაკლება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები McDonald’s-ის აქციებს?
McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $253.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $302.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $357.00-ს, ხოლო მინიმალური — $265.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple
ესპანურმა ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა Apple-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. ისინი ამტკიცებენ, რომ, შესაძლოა, iPhone-ის მწარმოებელი „არასამართლიან სავაჭრო პირობებს აწესებს დეველოპერებისთვის“, რომლებიც მის App Store-ს იყენებენ.
ეროვნული ბაზრებისა და კონკურენციის კომისიის (CNMC) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი გამოძიების საგანი ასეთია — ახორციელებს თუ არა Apple ანტიკონკურენტულ პრაქტიკას მესამე მხარის დეველოპერებზე.
მარეგულირებლების განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება Apple მთლიანი გლობალური ბრუნვის 10%-მდე თანხით დაჯარიმდეს.
„Apple გააგრძელებს მუშაობას ესპანეთის კონკურენციის ორგანოსთან, რათა გაეცნოს და უპასუხოს მათ ეჭვებს“ — განაცხადეს კომპანიის მწარმოებლებმა. „App Store-ში ყველა ესპანელი დეველოპერი თანაბარ კონკურენტულ გარემოში ოპერირებს“.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $219.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $236.32-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $180.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.