გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Xerox, McCormick, Humana, American Airlines Group და United Rentals.
Xerox
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Xerox-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა, სავაჭრო დღის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ასლგადამღები აპარატურის მწარმოებლის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 26%-ით გაუმჯობესდა.
ფისკალურ მეოთხე კვარტალში Xerox-ის შემოსავალი წლიურად 9%-ით — $1.77 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.79 მილიარდი). კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი 52%-ით — $0.43-მდე დაიკლო (პროგნოზი — $0.53). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილის შემთხვევაში კი კომპანიამ თითო აქციაზე $0.50-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს $1.13-ით ჩამორჩა.
დადებითი სიახლე ის არის, რომ Xerox-ის მენეჯმენტის თქმით, კომპანია, კორექტირებულ საფუძველზე, მოგებას დაუბრუნდა და მისი წარმომადგენლები მოელიან, რომ წელს კორექტირებული საოპერაციო მარჟა მინიმუმ 7.5%-ს შეადგენს. თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) უკვე აშკარად დადებითია, Xerox-მა 2023 წლის მეოთხე კვარტალში $379-ის მოცულობის ფულადი მოგება გამოიმუშავა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში — $649 მილიონი.
Xerox-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $17.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Xerox-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
McCormick
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, McCormick-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კვების კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით შემცირდა.
მეოთხე კვარტალში McCormick-ის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $1.75 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.8 მილიარდი). EPS-მა კი $0.85 შეადგინა (პროგნოზი — $0.79). GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS კი $0.81-იყო და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის პროგნოზს $0.01-ით გადააჭარბა.
კომპანიის სანელებლების სეგმენტის შემოსავალი წლიურად 7%-ით — $704.2 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო სეგმენტმა მხოლოდ 1%-ით — $1.05 მილიარდამდე მოიმატა, რაც მოიცავდა ფასების 4%-იან ზრდას და გაყიდული საქონლის მოცულობის 4%-იან შემცირებას.
McCormick-მა მომგებიანობის თვალსაზრისით სოლიდური გაუმჯობესება დააფიქსირა — მთლიანი მოგების მარჟა 320 საბაზისო პუნქტით — 40%-მდე გაიზარდა ხარჯების დაზოგვის პროგრამების წყალობით. გაყიდვების, ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 13%-ით — $390 მილიონამდე გაიზარდა, მაგრამ საოპერაციო შემოსავალი მაინც ასევე 13%-ით — $297 მილიონამდე გაუმჯობესდა.
McCormick-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $69.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $71.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $64.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი McCormick-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 7 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Humana
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Humana-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ჯანმრთელობის დაზღვევის გიგანტის აქციების ფასი თითქმის 12%-ით შემცირდა. გასული წლის მანძილზე ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 11%-ით დაიკლო.
მეოთხე კვარტალში Humana-ს შემოსავალი წლიურად 17.9%-ით — $26.42 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $25.6 მილიარდს. თუმცა Humana-მ თითო აქციაზე $0.11-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა (პროგნოზი — $0.76). შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიის EPS-მა $1.97 შეადგინა.
Humana-ს მენეჯმენტმა აღიარა, რომ იმედგაცრუებულია უფრო მაღალი სამედიცინო ხარჯების ტენდენციების გვიანი და მოულოდნელი განვითარებით. თუმცა კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ეს ტენდენციები ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ფენომენია და არ ცვლის ამ სექტორის გრძელვადიან მიმზიდველობას და Humana-ს პოზიციას მასში.
Humana-ს მმართველი გუნდის პრიორიტეტი უახლოეს პერსპექტივაში იქნება მარჟის აღდგენა და არა — წევრების რაოდენობით ზრდა. მენეჯმენტს აღარ სჯერა, რომ 2025 წლისთვის Humana $37-ის ოდენობით EPS-ის მიღწევას შეძლებს.
რაც შეეხება უფრო ახლო მომავალს, კომპანიაში მოელიან, რომ 2024 წელს Humana-ს შემოსავალი დაახლოებით $113 მილიარდს მიაღწევს (2023 წელს — $106.4 მილიარდი), ხოლო კორექტირებული EPS — $16-ს (გასულ წელს — $26.09). უოლ სტრიტის ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზები კი, შესაბამისად, $101.1 მილიარდს და $29.10-ს შეადგენს.
Humana-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $355.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $526.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $630.00-ს, ხოლო მინიმალური — $360.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Humana-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 48%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
American Airlines Group
გუშინ American Airlines Group-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში და ძლიერი პროგნოზები წარადგინა. გასული წლის განმავლობაში American Airlines-ის აქციების ფასი დაახლოებით 8%-ით გაუმჯობესდა.
პანდემიის დასრულების შემდეგ ამერიკელებმა აქტიურად დაიწყეს მოგზაურობა და, შესაბამისად, 2023 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში American Airlines-ის შედეგებში შენელების ნიშნები არ აღინიშნებოდა.
მეოთხე კვარტალში ავიაკომპანიის შემოსავალმა $13.06 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $13.02 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $0.29-ს (პროგნოზი — $0.11).
მთელი გასული წლის განმავლობაში კი American Airlines-მა თითქმის $53 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა კი $1.8 მილიარდი შეადგინა. გარდა ამისა, American Airlines-მა 2023 წელს ვალი $3.2 მილიარდით შეამცირა.
„American Airlines-ის გუნდმა 2023 წელს გამორჩეულად ძლიერ შედეგებს მიაღწია“ — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა — რობერტ ისომმა.
American Airlines-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მოთხოვნა 2024 წელსაც შენარჩუნდება. ავიაკომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე კვარტალში თითო აქციაზე $0.15-$0.35-ის ტოლი ზარალი დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიისთვის ეს წელიწადის ყველაზე „ნელი“ დროა. თუმცა მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის EPS $2.25-$3.25-ს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.25).
American Airlines Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $15.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი American Airlines Group-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
United Rentals
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, United Rentals-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი სამშენებლო და ზოგადად სამრეწველო ტექნიკის მეიჯარის აქციების ფასი თითქმის 13%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 61%-ით გაუმჯობესდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში United Rentals-ის შემოსავალი წლიურად 13%-ით — $3.73 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.63 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა 9%-ით — $11.26-მდე მოიმატა (პროგნოზი — $10.7). GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS $10.01 იყო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.63-ით ჩამორჩა. თითო აქციაზე მოგების ზრდას მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობის შემცირებამაც შეუწყო, მთლიანი მოგება კი წლიურად მხოლოდ 6%-ით გაიზარდა.
United Rentals-ის მოგების მარჟა წლიურად 120 საბაზისო პუნქტით — 19.4%-დან 18.2%-მდე შემცირდა.
მთლიანობაში კი 2023 წელს შემოსავალი 23%-ით — $14.3 მილიარდამდე გაიზარდა, წმინდა მოგება — 15%-ით, ხოლო EPS-მა 19%-ით მოიმატა და $35.28 შეადგინა. ასე რომ, მოგება არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც გაყიდვები და გაყიდვების ზრდა, როგორც ჩანს, მთლიანობაში ნელდება.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს შემოსავალი 4%-ით — $14.6-$15.2 მილიარდამდე გაიზრდება. United Rentals-ის წარმომადგენლებს მოგების მარჟის ან მოგების მკაფიო პროგნოზები არ წარმოუდგენიათ, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს ფულადი ნაკადები შესუსტდება. United Rentals-ის პროგნოზით, საოპერაციო ფულადი ნაკადები დაახლოებით $250 მილიონით — $4.45 მილიარდამდე შემცირდება. FCF კი $200 მილიონით დაიკლებს და $2.1 მილიარდს შეადგენს.
United Rentals-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $652.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $515.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $650.00-ს, ხოლო მინიმალური — $322.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი United Rentals-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.