გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Taiwan Semiconductor Manufacturing, AT&T, ASML Holding და DuPont de Nemours.
Taiwan Semiconductor Manufacturing
გუშინ ჩიპების მწარმოებლის — Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ით გაუმჯობესდა.
კომპანიამ გასულ სამშაბათს შესანიშნავი კვარტალური ანგარიში წარადგინა — შემოსავალმა $19.62 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $19.61 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $1.44 (პროგნოზი — $1.38).
გარდა ამისა, Taiwan Semiconductor Manufacturing-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2024 წელს შემოსავალი 20%-26%-ით გაიზრდება, რადგან ინდუსტრია განიცდის ციკლურ აჩქარებას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული.
გარდა ამისა, Semiconductor Industry Association (ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაცია) მოელის, რომ 2024 წელს ნახევარგამტარების გლობალური ბაზარი ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზრდება.
ამასთან ნახევარგამტარული აღჭურვილობის კომპანიის — ASML-ის გუშინდელმა კვარტალურმა ანგარიშმა ხელი შეუწყო ენთუზიაზმის გაღვივებას. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის შემოსავალი, სავარაუდოდ, 2023 წლის მაჩვენებელს გაუტოლდება, ASML-ში მოელიან, რომ 2024 მნიშვნელოვანი წელი იქნება 2025 წლის მნიშვნელოვანი ზრდისთვის მოსამზადებლად.
Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $116.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $138.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $125.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Taiwan Semiconductor Manufacturing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს.
AT&T
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, AT&T-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტელეკომუნიკაციების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. გასული წლის მანძილზე ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 9%-ით დაიკლო.
AT&T-ს კვარტალური შემოსავალი წლიურად 2.2%-ით — $32 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $31.46 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.54 შეადგინა (პროგნოზი — $0.56). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილი EPS კი $0.30 იყო, რაც უოლ სტრიტის პროგნოზებს $0.23-ით ჩამორჩა.
უსადენო სერვისებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 3%-ით გაუმჯობესდა.
მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ასევე სოლიდური იყო — კვარტალში კომპანიას 526,000 პოსტ-გადამხდელი გამომწერი (აბონენტები, რომლებიც გადასახადს ყოველთვიურად, სერვისის მიღების შემდეგ იხდიან) დაემატა.
გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში AT&T-ს თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCF) $16.8 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელს $2.8 მილიარდით აღემატება. მეოთხე კვარტალში კი FCF $6.4 მილიარდი იყო.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონ სტენკიმ განაცხადა: „ჩვენ მივაღწიეთ ზუსტად იმას, რის გაკეთებასაც 2023 წლისთვის ვგეგმავდით“.
რაც შეეხება მომავალს, AT&T-ს მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს კომპანიის უკაბელო სერვისების შემოსავალი 3%-ით გაიზრდება, ხოლო ფართოხაზოვანი სერვისების შემოსავალი — 7%-ით. AT&T-ს წარმომადგენლები ასევე პროგნოზირებენ, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 3%-ით მოიმატებს.
თუმცა ინვესტორები იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ AT&T-ს მენეჯმენტის ვარაუდით, კორექტირებული EPS $2.15-$2.25-მდე შემცირდება.
AT&T-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AT&T-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ASML Holding
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ASML Holding-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ლითოგრაფიული სისტემების მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ით გაუმჯობესდა.
ლითოგრაფიული სისტემები საკვანძოა ნახევარგამტარების წარმოებისთვის. 2023 წელს ბიზნესი შედარებით ნელი იყო, მაგრამ მეოთხე კვარტალში ის მნიშვნელოვნად აღდგა, რის გამოც ბაზარი ასე ოპტიმისტურად განეწყო.
მეოთხე კვარტალში ASML-ის შემოსავალი წლიურად 13%-ით — 7.2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — 6.87 მილიარდი ევრო). გარდა ამისა, კომპანიას ჰქონდა დაახლოებით 9.2 მილიარდი ევროს ღირებულების წმინდა ჯავშნები. შედარებისთვის, ეს იყო თითქმის იმდენი, რამდენიც წინა სამ კვარტალში ერთად. ASML-ის EPS-მა 5.21 ევრო შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი 4.76 ევრო).
ცნობილია, რომ ნახევარგამტარების ინდუსტრია ციკლურია და ASML-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — პიტერ ვინინკმა განაცხადა: „ინდუსტრია განაგრძობს მუშაობას ციკლის ბოლო ეტაპზე“. ამის გათვალისწინებით, კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ASML-ის 2024 წლის შემოსავალი დაახლოებით იგივე იქნება, რაც — 2023-ში. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთლიანი მარჟა ზომიერად შემცირდება.
ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $847.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $880.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $949.00-ს, ხოლო მინიმალური — $850.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს.
DuPont de Nemours
გუშინ DuPont de Nemours-ის აქციების ფასი 14%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ქიმიურმა კომპანიამ წლის დასასრულის წინასწარი შედეგები წარადგინა.
DuPont მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგების წარდგენას 6 თებერვლამდე არ აპირებს, მაგრამ გუშინ მენეჯმენტმა წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომპანიაში მოელიან, რომ კვარტალური შემოსავალი $2.9 მილიარდს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3 მილიარდი), ხოლო EPS — $0.85-$0.87-ს (პროგნოზი — $0.85).
2024 წლის პირველი კვარტლისთვის კი მენეჯმენტი მოელის, რომ შემოსავალი $2.8 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.63-$0.65-ს. ეს მაჩვენებლები ასევე ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად $3 მილიარდს და $0.88-ს შეადგენს.
როგორც ჩანს, კომპანიის ნახევარგამტარების ბიზნესი სტაბილიზაციის ეტაპზეა, მაგრამ არსებობს კითხვები სხვა ბაზრებთან დაკავშირებით.
DuPont-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $78.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $88.00-ს, ხოლო მინიმალური — $69.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი DuPont-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.