გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის StoneCo, AMD, Peloton და Gilead Sciences.
StoneCo
გუშინ, ანალიტიკოსის პოზიტიური შეფასების შემდეგ, ბრაზილიური საბანკო და ფინანსური მომსახურების კომპანიის — StoneCo-ს აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 91%-ით გაუმჯობესდა.
გუშინ დილით კლიენტებთან გაგზავნილ შენიშვნაში, ანალიტიკოსთა გუნდმა Goldman Sachs-დან ტიტო ლაბარტას ხელმძღვანელობით, StoneCo-ს აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $12-დან $21-მდე გაზარდა.
ანალიტიკოსმა გამოარჩია StoneCo, როგორც Goldman Sachs-ის საუკეთესო არჩევანი ბრაზილიის გადახდების ინდუსტრიაში. იგი ამტკიცებს, რომ კომპანია მზად არის უკეთესი შედეგის მისაღწევად, მთავრობის საბანკო ინიციატივების, საპროცენტო განაკვეთების კლებისა და ზრდის ტენდენციების სტაბილიზაციის კომბინაციის გათვალისწინებით. გუნდმა ასევე აღნიშნა, რომ StoneCo უფრო ეფექტიანად ახერხებს შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას და 2027 წლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სეგმენტის შემოსავალი, სავარაუდოდ, კომპანიის მთლიანი შემოსავლის 15%-მდე გაიზრდება.
StoneCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $21.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი StoneCo-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMD
გუშინ, უოლ სტრიტის ანალიტიკოსის შეფასების შემდეგ, Advanced Micro Devices-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 128%-ით გაუმჯობესდა და ამ მაჩვენებლით AMD-მ გასული წლის S&P 500-ის ტოპ 10-ში მე-7 ადგილი დაიკავა.
იმ ინვესტორებისთვის, ვინც იმედოვნებს, რომ გაიმეოროს Nvidia-ს წარმატება და ამისთვის შარშან ფული AMD-ში დააბანდა, საბროკერო ფირმა Northland Securities-ს რამდენიმე გამაფრთხილებელი რჩევა აქვს: ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია იქნება „ნამდვილად დიდი, უბრალოდ არც ისე დიდი, როგორც ინვესტორებს მიაჩნიათ“.
2023 წელს, ყველაზე მძლავრი ჩიპის მიღების მიზნით კომპანიების დიდი კონკურენციის ფონზე, ბევრმა ფირმამ იყიდა იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად სჭირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ AI ჩიპებზე მოთხოვნის ბუმი, რომელიც 2023 წელს დაიწყო, შესაძლოა, არ გაგრძელდეს ისე სწრაფად, როგორც ინვესტორები ფიქრობენ. ამის ნაცვლად, ჩიპების შეძენის პროცესი შეიძლება შენელდეს, რადგან კომპანიებს 2023 წელს დაგროვილი მარაგების ათვისება მოუწევთ.
პროგნოზები იმის შესახებ, თუ საით მიემართება ჩიპების ბაზრის ეს სეგმენტი, განსხვავებულია: TipRanks-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა Melius Research-ის პროგნოზი, რომ 2025 წლისთვის, AMD-ის მონაცემთა ცენტრის შემოსავალი წარმოუდგენელ $15.5 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $6 მილიარდი შეადგინა. თუმცა, StreetInsider.com-ის ინფორმაციით, Northland Securities-ში მიიჩნევენ, რომ, შესაძლოა, AMD-მ $16 მილიარდიანი ნიშნულის გადალახვა 2027 წლამდე ვერ შეძლოს.
Northland Securities-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ AMD-ის პოტენციალის დიდი ნაწილი უკვე ასახულია აქციების ფასში, ახლა კი დროა, ინვესტორებმა ამოისუნთქონ, შეაფასონ თავიანთი მოგება და დააკვირდნენ, წარიმართება თუ არა ყველაფერი ისე კარგად, როგორც იმედოვნებდნენ.
AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $168.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $151.03-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $105.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Peloton
გუშინ Peloton-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 23%-ზე მეტით შემცირდა.
Peloton Interactive არის ამერიკული სავარჯიშო აღჭურვილობისა და მედია კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ნიუ-იორკში. კომპანიის პროდუქტები მოიცავს სტაციონარულ ველოსიპედებს, სარბენ ბილიკებს და სახლის rower-ებს, რომლებიც აღჭურვილია ინტერნეტთან დაკავშირებული სენსორული ეკრანებით. მომხმარებლებს შეუძლიათ ამ ეკრანებზე, გამოწერის სერვისის საშუალებით, უყურონ ლაივ ვიდეოებს და მათ მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ ფიტნეს გაკვეთილებს.
კომპანიის აქციების წარმადობა ბოლო დროს არც ისე კარგი იყო, მაგრამ ბიზნესი დგამს სტაბილურ ნაბიჯებს უფრო მდგრადი მოდელის შესაქმნელად.
2023 წელს კომპანიამ გადაინაცვლა აპლიკაციის სააბონენტო მოდელზე, რაც შორდება აღჭურვილობებზე ორიენტირებულობას. Lululemon-თან და TikTok-თან პარტნიორობა იყო ბოლო ნაბიჯი ამ კონტენტის ფართო აუდიტორიისთვის მისაწოდებლად.
გასულ კვირას Peloton-ის მოწყობილობებზე ხელმისაწვდომი გახდა YouTube TV, ეს კი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვარჯიშის დროს ტელევიზორს უყურონ. ახლა Peloton-ის მოწყობილობებზე ხელმისაწვდომია YouTube TV, Netflix, Disney+ და NBA League Pass. შესაბამისად, მომხმარებლებს დიდი არჩევანი აქვთ.
YouTube TV-ის მსგავსი კონტენტის დამატება Peloton-ისთვის დამატებითი სარგებელია და კომპანიის აპარატურას უფრო ღირებულს ხდის მომხმარებლებისთვის. ახლა ჩნდება კითხვა, ითარგმნება თუ არა ეს გამომწერების რაოდენობის ზრდაში.
ინვესტორები კომპანიის პროგრესის შესახებ უფრო მეტს შეიტყობენ, როდესაც თებერვალში 2024 წლის ფისკალური მეორე კვარტლის შედეგები გამოქვეყნდება.
Peloton-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $6.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $7.51-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $4.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Peloton-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Gilead Sciences
გუშინ Gilead Sciences-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფილტვის კიბოს ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა — Trodelvy-მ კვლევის გვიანდელი ეტაპის მიზნებს ვერ მიაღწია.
Gilead-ის მენეჯმენტმა Trodelvy შეადარა კიბოს საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტს — docetaxel-ს და აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ Trodelvy-ის სასარგებლოდ გარკვეული გაუმჯობესება დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებიც ამ მედიკამენტს იღებდა, განსხვავება მნიშვნელოვანი არ იყო.
თუმცა Gilead-ის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა — მერდად პარსიმ განაცხადა, რომ მონაცემები კომპანიის გუნდს აღძრავს ნდობით Trodelvy-ის პოტენციალის მიმართ ფილტვის კიბოს კლინიკური განვითარების უფრო ფართო პროგრამაში გამოყენებისთვის.
კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტესტირების შედეგებს Gilead მარეგულირებელ ორგანოებთან განიხილავს.
Trodelvy-მ უკვე მიიღო დასტური აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) სარძევე ჯირკვლისა და უროთელიუმის კიბოს რამდენიმე ფორმის სამკურნალოდ. ეს არის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი, რომლის გაყიდვებიც მესამე კვარტალში წლიდან წლამდე 58%-ით — $283 მილიონამდე გაიზარდა.
Gilead-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $78.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $90.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $115.00-ს, ხოლო მინიმალური — $75.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Gilead-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.50%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 20 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.