გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Rivian, Calavo Growers, Impinj და JD.com.
Rivian
Rivian Automotive-მა 2024 წელი დაბალი სიჩქარით დაიწყო — ბოლო დღეებში მისი აქციები სტაბილურად კარგავს ღირებულებას. გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, ეს მაჩვენებელი თითქმის 6%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში კი Rivian-ის აქციების ფასი დაახლოებით 27%-ით გაუმჯობესდა.
გუშინ დილით Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა — ემანუელ როსნერმა Rivian-ის აქციების სამიზნე ფასი $29-დან $19-მდე შეამცირა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როსნერი მიიჩნევს, რომ ოთხშაბათის გახსნის ფასთან შედარებით, Rivian-ის აქციები მომდევნო 12 თვის განმავლობაში 11%-ით გაიზრდება.
ემანუელ როსნერი ხედავს რისკებს Rivian-ის მოცულობებისთვის 2024 წელს წარმოების ნელი ზრდისა და ქარხნების გახანგრძლივებული დახურვის გათვალისწინებით. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შეიძლება ამ შენელებამ სერიოზულად დააზიანოს Rivian-ის მარჟები და მოგება, ასევე გამოიწვიოს კომპანიისთვის დიდი დანაკარგები 2024 წლის მესამე კვარტლამდე. როსნერი ასევე ამტკიცებს, რომ Rivian-ს მაინც შეუძლია მეოთხე კვარტალში დადებით მთლიან მარჟას მიაღწიოს, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია უნაკლოდ იმუშავებს.
Rivian-ს რამდენიმე გამოწვევა შეექმნა მას შემდეგ, რაც მან 2021 წლის ბოლოს თავისი პირველი პიკაპი გამოუშვა. თუმცა კომპანიის მენეჯმენტი უფრო მეტად ცდილობდა ვითარების შეცვლას 2023 წელს და ეს მცდელობები შედეგებშიც აისახა. მაგალითად, Rivian-მა დაიწყო წარმოების გაზრდა და 2023 წელს 57,232 ელექტრომობილი გამოუშვა, რამაც გადააჭარბა მენეჯმენტის პროგნოზს — 54,000 ერთეულს. კომპანიამ წელიწადში ბაზარს 50,000-ზე ოდნავ მეტი ავტომობილი მიაწოდა.
მნიშვნელოვანია, რომ Rivian-ის წარმოებამ მეოთხე კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც ასახავს კომპანიის ძალისხმევას წარმოების გაზრდის მიზნით. ასევე გაუმჯობესდა Rivian-ის მთლიანი ზარალი თითო ავტომობილზე $30,648-მდე. ელექტრომობილების მწარმოებლის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე დადებით მთლიან მარჟას მიაღწევს.
თუმცა Rivian-მა ბაზარს მეოთხე კვარტალში 10%-ით ნაკლები ავტომობილი მიაწოდა მესამე მეოთხედთან შედარებით. ამ თანმიმდევრულმა ვარდნამ და მუდმივმა უფსკრულმა მისი წარმოებისა და მიწოდების მოცულობებს შორის, ინვესტორები შეაშფოთა და გააჩინა კითხვები Rivian-ის ავტომობილებზე მოთხოვნასთან, შეკვეთების შესრულების უნართან და პოზიტიური მარჟის მიღწევის პოტენციალთან დაკავშირებით. ინვესტორებს Rivian-ის პერსპექტივებზე უკეთესი წარმოდგენა შეექმნებათ 21 თებერვალს, როდესაც კომპანია კვარტალურ ანგარიშს და მთელი წლის მაჩვენებლებს წარადგენს.
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $17.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 49%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Calavo Growers
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Calavo Growers-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 8%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელი იყო.
Calavo Growers არის კომპანია, რომელიც დაფასოებულ ახალ ავოკადოს და სხვა საკვებ პროდუქტებს ყიდის.
2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $241.5 მილიონი შეადგინა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $271.63 მილიონი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.005 (პროგნოზი — $0.3467).
Calavo Growers-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპირებს, თავისი Fresh Cut ბიზნესი გაყიდოს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ უკვე აქვთ პოტენციური გარიგება, რომლის ღირებულებაც $100 მილიონს აღწევს. თუ პროცესები შეუფერხებლად გაგრძელდება, შეიძლება ეს გარიგება 2024 წლის მეორე კვარტალში დასრულდეს.
გასული წლის მარტში კომპანიის ძველი, გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორი — ლი კოული Calavo-ში ფისკალურ მეორე კვარტალში დაბრუნდა და მომგებიანობის აღდგენის პირობა დადო. როგორც ქვემოთ მოყვანილი გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში კომპანიის EPS შემცირდა.
კოულს სურს, კომპანიის ფოკუსი ავოკადოსა და გუაკამოლეზე დააბრუნოს, ნაცვლად დაბალი მარჟის მქონე შესაძლებლობებზე დროის ხარჯვისა. სწორედ ეს არის Fresh Cut ბიზნესის გაყიდვის მიზეზი.
Calavo Growers-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $27.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $37.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $45.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Calavo Growers-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა კი — ნეიტრალური რეიტინგი.
Impinj
გუშინ Impinj-ის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ძლიერი წინასწარი კვარტალური შედეგები წარადგინა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 17%-ზე მეტით შემცირდა.
Impinj რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის (RFID) მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელია.
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Impinj-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავალი $70 მილიონს გადააჭარბებს. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება გასული წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ შედეგს — $76.6 მილიონს, მაგრამ აჭარბებს მენეჯმენტის წინა პროგნოზს — $65.5-$68.5 მილიონს. გარდა ამისა, კომპანიაში მეოთხე კვარტლისთვის კორექტირებული EBITDA-ს პროგნოზი -$0.9-$0.7 მილიონიდან $2.5მილიონამდე გაზარდეს.
მენეჯმენტი ინვესტორებს დაჰპირდა მეტი დეტალების გამოვლენას, როდესაც კომპანია ფისკალური მეოთხე კვარტლის შედეგებს შემდეგი თვის დასაწყისში, 8 თებერვალს, ოფიციალურად გამოაქვეყნებს.
Impinj-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $91.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $89.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $120.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Impinj-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.5%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 6 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
JD.com
ელექტრონული კომერციის ჩინური გიგანტის — JD.com-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა, რადგან ჩინეთის ეკონომიკის შესახებ ნეგატიურმა სიახლეებმა კიდევ ერთხელ იმოქმედა კომპანიაზე. გარდა ამისა, უოლ სტრიტის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა JD.com-ის აქციების სამიზნე ფასი შეამცირა.
მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ოფიციალურად იტყობინება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2023 წელს 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეოთხე კვარტალში 4.1%-მდე შენელდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები, დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ნაწილთან შედარებით, უფრო სწრაფ ზრდას ასახავს, ისინი წარმოადგენს აშკარა შენელებას ჩინეთისთვის და ადასტურებს უარყოფით განწყობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქვეყნის სისუსტეს ხაზს უსვამს სხვა ინდიკატორებიც, მათ შორის ქარხნების წარმოების მაჩვენებლები და ეკონომისტების უმეტესობა თვლის, რომ ჩინეთი სეკულარული ზრდის შენელების პერიოდში შედის.
გარდა ამისა, Mizuho-მ JD.com-ის სამიზნე ფასი $40-დან $35-მდე შეამცირა, თუმცა კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა. ფირმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ისა და ჩინეთის ინტერნეტ სექტორებში მომხმარებელთა თავდაჯერებულობის დონეები მნიშვნელოვნად განსხვავდება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჩინეთში სამომხმარებლო ხარჯების შემცირებას მოელიან.
JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.12-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $27.38-ს. საშუალო სამიზნე ფასი JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 88%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.