გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, Alphabet და Citigroup.
Tesla
გუშინ ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია გაზრდის ხელფასებს სხვა ავტომწარმოებლის მიერ ანაზღაურებების ზრდის ტალღის ფონზე. ეს ყველაფერი კი პროფკავშირის — United Auto Workers-ის (UAW) მცდელობებმა გამოიწვია.
UAW-მ შეთანხმებას სამ დიდ ავტომწარმოებელთან — Ford, General Motors და Stellantis — 2023 წლის ნოემბერში მიაღწია ისტორიული ექვსკვირიანი გაფიცვის შემდეგ. ახალი ხელშეკრულებები ხელფასების 25%-იან ზრდას ითვალისწინებს.
UAW-მა მიზნად დაისახა, გადმოიბიროს თითქმის 150,000 მუშაკი (რომელიც პროფკავშირში არ არის გაწევრიანებული) შემდეგი კომპანიებიდან: Tesla, Toyota, Honda, Hyundai, Nissan, BMW, Mercedes-Benz, Subaru, Volkswagen, Mazda, Rivian, Lucid და Volvo. United Auto Workers-ის წარმომადგენლებმა მუშაკებს მოუწოდეს, პროფკავშირში გაერთიანების მიზნით, ხელი ელექტრონულ დოკუმენტებს მოაწერონ.
მას შემდეგ, ზოგიერთმა ავტომწარმოებელმა გაზარდა თანამშრომლების ხელფასები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროფკავშირის ორგანიზაციის მოქმედებას. Hyundai-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია 2024 წლიდან დაიწყებს მუშაკთა ანაზღაურების გაზრდას, რათა საათობრივი ხელფასი 2028 წლისთვის 25%-ით გაუმჯობესდეს. გარდა ამისა, Volkswagen-ის წარმომადგენლებმა კომპანიის ზოგიერთ მუშაკს ანაზღაურების 11%-იანი ზრდა შესთავაზა.
თავად Tesla-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს, იანვრიდან ნევადის ბატარეების ქარხანაში საათობრივი ანაზღაურება 10%-ით ან მეტით გაზარდოს.
ელექტრომობილების მწარმოებელზე პროფკავშირებისგან ზეწოლა სცდება შეერთებულ შტატებს, რადგან 2023 წლის ბოლოს შვედეთში, დანიაში, ფინეთსა და ნორვეგიაში მუშაკები გაიფიცნენ.
როგორც ჩანს, პროფკავშირებს, Tesla-ს მუშაკების გადაბირებისთვის წინ რთული ბრძოლა ელით, განსაკუთრებით იმის გამო, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი — ილონ მასკი, მტკიცედ გამოხატავს პროფკავშირების საწინააღმდეგო პოზიციებს.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $227.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $249.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet
გუშინ Google-ის მშობელი კომპანიის — Alphabet-ის აქციების ფასი მცირედით (-0.14%) შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google ახალ წელს ასობით თანამშრომლის გათავისუფლებით დაიწყებს, რადგან ტექნოლოგიური გიგანტი ხარჯებს ამცირებს.
Google-ის მენეჯმენტის თქმით, კომპანიაში ასობით როლი აღმოიფხვრება, რაც გავლენას იქონიებს რამდენიმე, მათ შორის ასისტენტების, გუნდზე.
„ჩვენ პასუხისმგებლობით ვახორციელებთ ინვესტიციებს კომპანიის უდიდეს პრიორიტეტებში და მნიშვნელოვან შესაძლებლობებში. ამ შესაძლებლობების გამოსაყენებლად საუკეთესოდ პოზიციონირებისთვის კი 2023 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში, ჩვენმა გუნდებმა დანერგეს ცვლილებები, რათა გამხდარიყვნენ უფრო ეფექტურები და, პრიორიტეტების გათვალისწინებით, უფრო ეფექტიანად ემუშავათ. ზოგიერთი გუნდი განაგრძობს ამ ტიპის ორგანიზაციული ცვლილებების დანერგვას, რაც მოიცავს გარკვეული როლების აღმოფხვრას. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა დაზარალებული თანამშრომლის მხარდაჭერას იმ პროცესში, როდესაც ისინი ეძებენ ახალ როლებს აქ, Google-ში და მის ფარგლებს გარეთ“ — განაცხადეს Google-ის წარმომადგენლებმა.
Alphabet Workers Union-ის (პროფკავშირი, რომელიც წარმოადგენს Google-ის თანამშრომლებს) წარმომადგენლებმა ამ ნაბიჯს „უაზრო“ უწოდეს და დასძინეს: „კომპანიამ უნდა შეწყვიტოს ჩვენი თანამშრომლების გათავისუფლება იმის ფონზე, რომ ის ყოველ კვარტალში მილიარდებს გამოიმუშავებს“.
Google-მა ბოლო ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 2023 წლის დასაწყისში, როდესაც კომპანიამ დაახლოებით 12,000 თანამშრომელი, ანუ მუშახელის დაახლოებით 6%, გაათავისუფლა.
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $142.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $154.90-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Citigroup
გუშინ ამერიკული საინვესტიციო ბანკის — Citigroup-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა მეოთხე კვარტლის მოსალოდნელზე მაღალი ხარჯების შესახებ განაცხადა, რაც დაკავშირებულია არგენტინასთან და რუსეთთან, ისევე როგორც საკუთარ რესტრუქტურიზაციასთან.
Citigroup მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებს დღეს წარადგენს. ოთხშაბათს კი კომპანიის მენეჯმენტმა მარეგულირებელ დოკუმენტში გამოყო $1.3 მილიარდის მოცულობის რეზერვები, რომლებიც დაკავშირებულია არგენტინაში სავალუტო ექსპოზიციასთან და რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობასთან. Citigroup-ის წარმომადგენლებმა ასევე გამოყვეს $780 მილიონის მოცულობის თანხა, რომელიც დაკავშირებულია აღმასრულებელი დირექტორის — ჯეინ ფრეიზერის მიერ წამოწყებულ რესტრუქტურიზაციასთან.
Citigroup-ის ფინანსურმა დირექტორმა — მარკ მეისონმა განაცხადა, რომ ბანკი საშუალოვადიანი მიზნების მიღწევის გზაზე რჩება.
Citigroup-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $52.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $58.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $85.00-ს, ხოლო მინიმალური — $43.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Citigroup-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგ, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.