გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Aehr Test Systems, iRobot და WD-40.
Aehr Test Systems
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Aehr Test Systems-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ნახევარგამტარების ტესტირებისა და საწარმოო მოწყობილობების მწარმოებლის აქციების ფასი დაახლოებით 17%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 32%-ით გაუმჯობესდა.
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს დასრულდა, Aehr Test Systems-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 45%-ით — $21.4 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $20.88 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ კი $6.7 მილიონი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.23 იყო (პროგნოზი — $0.19).
Aehr-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — გეინ ერიქსონმა ზრდა კომპანიის ნახევარგამტარების ტესტირებისა და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მოწყობილობების გამოცდის პროდუქტებზე მოთხოვნას მიაწერა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტრომობილების ბაზრის შენელებული მატება, როგორც ჩანს, უარყოფითად აისახება რამდენიმე მიმდინარე და ახალი მომხმარებლის შეკვეთების სინქრონულობაზე და სილიკონის კარბიდის მოწყობილობების სიმძლავრის დაგეგმილ გაზრდაზე. „სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენ არა სილიციუმის კარბიდის ბაზრის შემცირებას, არამედ მხოლოდ ზრდის ტემპის დროებით შენელებას მოველით” — დასძინა ერიქსონმა.
შედეგად, Aehr Test Systems-ის მენეჯმენტი ახლა ვარაუდობს, რომ ფისკალური 2024 წლის შემოსავალი $75-$85 მილიონს შეადგენს და ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდება კომპანიის წინა პროგნოზს — მინიმუმ $100 მილიონს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, Aehr-ის მენეჯმენტი რჩება დარწმუნებული კომპანიის პროდუქტებისა და მიზნობრივი ბაზრების სიცოცხლისუნარიანობაში.
Aehr Test Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 1 ანალიტიკოსი აფასებს, რომელიც მის აქციებს ყიდვის რეკომენდაციას და $25.00-ის ტოლ სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი Aehr Test Systems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 34.5%-იან ზრდას გულისხმობს.
iRobot
გუშინ iRobot-ის აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც ციფრულმა გაზეთმა — Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Amazon-ის მენეჯმენტი, რობოტი მტვერსასრუტების კომპანიის შეძენის პროცესში, ევროკავშირის (EU) ანტიმონოპოლიურ რეგულატორებთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
გასული წლის განმავლობაში iRobot-ის აქციების ფასი 19%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო Amazon-ის — დაახლოებით 81%-ით გაუმჯობესდა.
Amazon-ის მენეჯმენტმა iRobot-ის შეძენის გადაწყვეტილების შესახებ პირველად 2022 წლის აგვისტოში განაცხადა. თავდაპირველად ტექნოლოგიური გიგანტი iRobot-ის შესაძენად $1.7 მილიარდის, ანუ თითო აქციისთვის $61-ის გადახდას აპირებდა.
გარიგება უფრო ნელა განვითარდა, ვიდრე კომპანიების წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია და ევროპული მარეგულირებლები ანტიმონოპოლიურ გავლენას იკვლევდნენ. 2023 წლის 25 ივლისს კი iRobot-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია, მიმდინარე ოპერაციების დასაფინანსებლად, $200 მილიონის ოდენობით ვალს აიღებდა.
Amazon-ში მიიჩნიეს, რომ iRobot-ისთვის გადახდილი მთლიანი ფასი $200 მილიონით გაიზრდებოდა, რადგან გარიგების დახურვის შემდეგ, ეს დავალიანება Amazon-ზე გადავიდოდა. ამის გათვალისწინებით, ელექტრონული კომერციის გიგანტმა შეთავაზების ფასი $51.75-მდე შეამცირა, რაც კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, iRobot-ის ვალის დაგეგმილ ზრდას დიდწილად აანაზღაურებდა.
თუმცა ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ საკითხებს ზედამხედველობს, გასული წლის დასაწყისში შესყიდვის სიღრმისეული გამოძიება დაიწყო. კომისიის თქმით, 6 ივლისს დაწყებულმა სიღრმისეულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვის გარიგების წარმატებით დასრულებამ, შესაძლოა, რობოტი მტვერსასრუტების მწარმოებელი სხვა ბრენდები დააზარალოს.
ევროკომისიის მთავარი პროტესტი გარიგების წინააღმდეგ ის იყო, რომ Amazon-ს შეუძლია სხვა ბრენდებზე გავლენა იქონიოს მათი პროდუქტის საკუთარ ბაზარზე არ დაშვების, შემცირებულად წარმოჩენის ან ფასწარმოქმნის მხრივ. მარეგულირებლების განცხადებით, ელექტრონული კომერციის გიგანტს ასევე შეუძლია, საკუთარი პროდუქტებისთვის გამოიყენოს „კომერციულად მიმზიდველი“ ეტიკეტები, როგორიცაა “Amazon’s Choice” ან “Works With Alexa”.
გუშინ კი Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Amazon-სა და iRobot-ს დღის ბოლომდე უნდა წარედგინათ შეთავაზებები ევროკომისიისთვის (EC), რათა ევროკავშირის ბაზარზე Amazon-ის ბიზნესში ცვლილებები შეეტანათ. თუმცა ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტი აშკარად არ აპირებს, ამ ზეწოლას დაემორჩილოს.
შესყიდვის საბოლოოდ დასამტკიცებლად ან უარსაყოფად ევროკომისიის მიერ დაწესებული ვადა 2024 წლის 14 თებერვალია. ფაქტი, რომ Amazon-ის მენეჯმენტი დათმობებზე წასვლას არ აპირებს ზრდის მარეგულირებლების მიერ გარიგების ჩაშლის რისკს.
თუმცა, ამავდროულად, Reuters ადრე იტყობინებოდა, რომ ევროკომისიის იურისტები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ Amazon-ისთვის საპროტესტო განცხადების გაგზავნას, რადგან ამტკიცებდნენ, რომ შესყიდვა არ წარმოადგენდა საფრთხეს კონკურენტული გარემოსთვის. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ Amazon-ის მმართველი გუნდის აზრით, გარიგება მაინც მიიღებს დასტურს მარეგულირებლებისგან.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $154.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $183.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $220.00-ს, ხოლო მინიმალური — $145.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.4%-იან ზრდას გულისხმობს.
iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $30.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს — აქციებს ორივე მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს და $51.00-ის ტოლ სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი iRobot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 71.4%-იან ზრდას გულისხმობს.
WD-40
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, WD-40 Company-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 48%-ით გაუმჯობესდა.
WD-40 ძირითადად ყიდის საპოხ მასალებს. ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 12%-ით — $140.4 მილიონამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $134.4 მილიონს. მენეჯმენტის თქმით, ამ ზრდის 65% გაყიდვების უფრო მაღალი მოცულობის დამსახურებაა, რის გამოც ბაზარი ასე წახალისებულია ამ შედეგებით.
WD-40-მა დააფიქსირა ზრდა სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და პროდუქციის ხაზში. უფრო მეტიც, კომპანიის მომგებიანობა გაუმჯობესდა, მოგება წლიდან წლამდე 25%-ით — $17.5 მილიონამდე გაიზარდა, ანუ EPS $1.28 იყო (პროგნოზი $1.05).
მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტლის შედეგები კარგი იყო, WD-40-ის მენეჯმენტს მთელი წლის ფინანსური პროგნოზები არ გაუზრდია. კომპანიაში კვლავ მოელიან, რომ შემოსავალი წლიდან წლამდე 6%-12%-ით მოიმატებს, ხოლო მოგება $65-$70 მილიონს მიაღწევს.
WD-40-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $273.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. მათი საშუალო სამიზნე ფასი $188.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $289.00-ს, ხოლო მინიმალური — $88.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი WD-40-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან კლებას გულისხმობს.