პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Nike, On Holding, Ball Corporation, Rivian Automotive და Badger Meter.
Nike & On Holding
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nike-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 19%-ზე მეტით არის შემცირებული.
Nike-ის შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავი არ ყოფილა, მაგრამ ისინი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილი ინფლაციას ებრძვის და აშშ-ში დისკრეციულ საქონელზე სამომხმარებლო ხარჯები შემცირებულია.
სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა ასევე გაავრცელა გეგმები, მაღალი ფასების მხარდასაჭერად, მარაგების გამკაცრების შესახებ. შედეგად, შემოსავალი კვარტალში 2%-ით — $12.9 მილიარდამდე გაიზარდა, კომპანიის მითითებების შესაბამისად, მაგრამ ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $13.02 მილიარდს.
გაყიდვები გაიზარდა ყველა რეგიონში, გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა, მაგრამ ინვესტორები ელოდნენ უფრო ძლიერ ზრდას ჩინეთში, სადაც ამ მაჩვენებელმა წლიდან წლამდე 12%-ით მოიმატა.
Nike Direct-ის (პირდაპირ მომხმარებლებზე გაყიდვები) შემოსავალი 6%-ით — $5.4 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო საბითუმო შემოსავალი უცვლელი — $7 მილიარდი — დარჩა.
Nike-მა მარაგები 10%-ით — $8.7 მილიარდამდე შეამცირა, რადგან კომპანია ერთი წლის წინ მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვებთან დაკავშირებული მდგომარეობის გამოსწორებას განაგრძობს. მთლიანი მარჟა მხოლოდ 10 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 44.2% შეადგინა, რაც მენეჯმენტის მითითებებს აჭარბებს. ამასთან, გაყიდვების, ზოგადი და ადმინისტრაციული (SG&A) ხარჯები მოსალოდნელზე ნაკლებით — 5%-ით გაიზარდა $4.1 მილიარდამდე.
დაბალი საგადასახადო განაკვეთების წყალობით, GAAP-ის (საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები) საფუძველზე გამოთვლილმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) 1%-ით — $0.94-მდე მოიმატა, რამაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.75-ს.
Nike-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე ოდნავ გაიზრდება, ხოლო მთელი წლის განმავლობაში — საშუალო ერთნიშნა პროცენტული პუნქტით მოიმატებს.
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $96.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $121.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $88.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nike-ის კვარტალური ანგარიშის შემდეგ ფეხსაცმელების კომპანიის — On Holding-ის აქციების ფასიც გაიზარდა — 6%-ით. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 63%-ით არის გაუმჯობესებული.
კომპანიასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული სიახლე არ გავრცელებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, Nike-ის შედეგები და მენეჯმენტის კომენტარები On Holding-ის აქციებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ On Holding ჯერ კიდევ ბევრად მცირეა, ვიდრე გლობალური ლიდერი სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოებაში — Nike, ის სწრაფად იზრდება. On Holding-მა ბოლო კვარტალში შემოსავლების 52%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია გლობალური ეკონომიკის გამოწვევების გათვალისწინებით.
On Holding-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $28.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $35.49-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $48.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.40-ს. საშუალო სამიზნე ფასი On Holding-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ball Corporation
პარასკევს, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, Ball Corporation-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული.
Ball Corporation აწვდის ინოვაციურ, მდგრად ალუმინის შესაფუთ გადაწყვეტებს სასმელების, პირადი მოვლისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მომხმარებლებს, ასევე კოსმოსურ და სხვა ტექნოლოგიებს, სერვისებს კომერციულ და სამთავრობო მომხმარებლებს.
პარასკევს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Jefferies-ის ანალიტიკოსმა — ფილიპ ენჯიმ Ball Corporation-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი მცირედით — $63-დან $64-მდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი კომპანიის აქციების ამჟამინდელი ფასიდან თითქმის 30%-იან ზრდას გულისხმობს.
ანალიტიკოსმა ასევე პოზიტიურად არის განწყობილი Ball-ის მიერ თავისი Ball Aerospace განყოფილების გაყიდვის მიმართ. კომპანიის მენეჯმენტი გასულ თვეში დათანხმდა წინადადებას, რომლის თანახმადაც ის თავდაცვის სექტორის მთავარ მოთამაშეს — BAE Systems-ს Ball Aerospace-ს $5.6 მილიარდად მიჰყიდის. ფილიპი მიიჩნევს, რომ ამ გარიგებიდან მიღებული ფული Ball-ს მომავალ წელს აქციების გამოსყიდვის პროგრამის დაფინანსებაში დაეხმარება — კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Ball აქციონერებს დაუბრუნებს კაპიტალს, როგორც აქციების გამოსყიდვის, ასევე დივიდენდების გაცემის საშუალებით.
Ball Corporation-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $50.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $61.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.00-ს, ხოლო მინიმალური — $56.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ball Corporation-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian Automotive
პარასკევს ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის — Rivian Automotive-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ით არის გაუმჯობესებული.
Tesla ელექტრო პიკაპების ბაზარზე შესასვლელად ემზადება და, შესაძლოა, ამის ფონზე Rivian-ის აქციების ფასების შემცირება უფრო ლოგიკური იყო. თუმცა, როგორც Rivian-ის აღმასრულებელი დირექტორი — არჯეი სკარინჯი განმარტავს, ამ ბაზარზე Tesla-ს შემოსვლა მას ნამდვილად არ აწუხებს, რადგან „ჩვენი წარმატება არ მოითხოვს სხვის მარცხს, ან — პირიქით“.
ხუთშაბათს, Code Conference 2023-ზე Tesla-ს Cybertruck-ის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, Rivian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მომხმარებლების თვალსაზრისით Rivian-ის სატვირთო მანქანასა და Cybertruck-ს შორის მნიშვნელოვანი თანაკვეთები არ არსებობს. მან ისიც კი თქვა, რომ Tesla-მ შექმნა რაღაც გარეგნულად განსხვავებული Rivian-ის R1S ელექტრო ჯიპისა და R1T ელექტრო პიკაპისგან.
Tesla-ს Cybertruck-ისგან განსხვავებით, Rivian-ის ძვირადღირებული ელექტრომობილები ბევრად უფრო ახლოსაა ტრადიციულ SUV-ებთან და პიკაპებთან და მათ უფრო ტრადიციული ავტომობილების მოყვარულები ანიჭებენ უპირატესობას. Cybertruck-ს კი, მართლაც, საკმაოდ განსხვავებული ვიზუალი აქვს.
და გარეგნობის ამ განსხვავებაზე ფოკუსირებისას არჯეი, ალბათ, მართალია: ადრეული ამთვისებლები (ადამიანი, რომელიც ახალი საქონლის შეძენას ან ახალი ტექნოლოგიის გამოყენებას მისი გამოჩენისთანავე იწყებს) რომლებიც Cybertruck-ით არიან მოხიბლულები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არ მოიცავს Rivian-ის მომხმარებელთა ბაზას.
Rivian Automotive-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $24.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $28.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $44.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian Automotive-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Badger Meter
პარასკევს, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, Badger Meter-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 31%-ით არის გაუმჯობესებული.
საინვესტიციო ბანკის — Northcoast-ის შეფასებით, Badger Meter-ის აქციების ფასი, რომელიც ხუთშაბათს $155-ს აჭარბებდა, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ღირებულების 23%-ს დაკარგავს და $120-მდე შემცირდება.
რატომ გადადგეს Northcoast-ში ასეთი ნაბიჯი? ძნელი სათქმელია. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგების ორი ცალკეული დამკვირვებელი — StreetInsider და TheFly — შეფასების შემცირების ფაქტს ადასტურებენ, Northcoast-ის მსჯელობის შესახებ დამატებითი დეტალები არცერთ მომხსენებელს არ წარმოუდგენია. თუმცა შეგვიძლია, გარკვეული ვარაუდი გამოვთქვათ.
გასულ ხუთშაბათს Badger Meter-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს 19 ოქტომბერს წარადგენს და, სავარაუდოდ, ანალიტიკოსი შიშობს, რომ Badger-ის კვარტალური ანგარიში სუსტი იქნება.
ეს უსაფუძვლო შიში არ არის. გასული 52 კვირის განმავლობაში, წყლის მრიცხველი აღჭურვილობის პროვაიდერის აქციების ფასი 68%-ით გაიზარდა, რასაც გაყიდვებისა და შემოსავლების ძლიერმა მატებამ შეუწყო ხელი. ეს მაჩვენებლები ბოლო კვარტალში, შესაბამისად, 28%-ით და 33%-ით გაიზარდა.
ეს კარგი ამბავივით ჟღერს — და ასეც არის. გარდა ამისა, ანალიტიკოსები, რომლებიც კომპანიის აქციებს თვალყურს ადევნებენ, მესამე კვარტალში კიდევ უფრო სასიხარულო ამბებს პროგნოზირებენ. მათი მოლოდინით, Badger Meter-ის გაყიდვები 21%-ით — $179 მილიონამდე მოიმატებს, ხოლო მოგება — 33%-ით და თითო აქციაზე $0.81-ს შეადგენს. ამ მოლოდინების გამართლება კი, შეიძლება, კომპანიას საკმაოდ გაუჭირდეს.
Badger Meter-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $144.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $146.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $120.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Badger Meter-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.