პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, Adobe, Planet Fitness, Chewy და DexCom.
Meta Platforms
პარასკევს სოციალური ქსელების ვარსკვლავის — Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ნეგატიური სიახლეები, რომლებიც კომპანიის მნიშვნელოვანს სარეკლამო ბიზნესს შეეხება. ეს მიმართულება Meta-ს წლიური შემოსავლის 97.5%-ზეა პასუხისმგებელი.
როგორც ტექნოლოგიური ახალი ამბების ვებგვერდი — The Information იუწყება, Meta-ს წარმატება რეკლამის გაყიდვაში, პირველ რიგში, დამოკიდებულია მის უნარზე, მოარგოს რეკლამები თავისი Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლების ინტერესებს. მაგრამ მთელ მსოფლიოში, მთავრობები ზღუდავენ კერძო კორპორაციების მიერ ასეთი პერსონალური იდენტიფიცირებადი მონაცემების გამოყენებას. მაგალითად, ევროკავშირში მოქალაქეებს მიეცათ უფლება, რეკლამის შესაძლო ვარიანტების არჩევისას მიუთითონ, რომ მათ სურთ ნახონ რეკლამები, რომლებიც ითვალისწინებს მათ ასაკს, სქესს და „ძირითად მდებარეობას“.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ინდოეთი და ბრაზილია განიხილავენ პერსონალური მონაცემების გამოყენების შეზღუდვების დაწესებას. თუ ეს და სხვა ქვეყნები მიჰყვებიან იმ გზას, რომელსაც ევროკავშირი ადგას, შეიძლება მონაცემების დიდი ნაწილი, რომლებსაც Meta რეგულარულად აგროვებს, არამონეტიზირებადი გახდეს. ეს კი კომპანიის მთელ ბიზნეს მოდელს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
Reuters-ის ინფორმაციით, Meta-ს წარმომადგენლებმა უარყვეს გასულ კვირაში Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია WhatsApp-ზე რეკლამების დანერგვას გეგმავს.
ერთის მხრივ, WhatsApp-ის მონეტიზაცია იქნება ლოგიკური ნაბიჯი Meta-სთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად WhatsApp, კომპანიის სხვა ბიზნესებთან შედარებით, ბევრად ნაკლები წარმადობით ხასიათდება და ის Meta-ს წლიური შემოსავლის მხოლოდ 3%-ზეა პასუხისმგებელი. ცხადია, მენეჯმენტს სურს, გაზარდოს ეს რიცხვი, თუ ეს შესაძლებელია. მართლაც, გასულ წელს მარკ ცუკერბერგმა დაადასტურა, რომ WhasApp-ის მონეტიზაცია Meta-ს გაყიდვების ზრდის შემდეგ ტალღას წარმოქმნის. მეორე მხრივ, WhatsApp-ზე რეკლამების დანერგვამ შეიძლება გამოიწვიოს სამთავრობო ქმედებები, რომლებიც რეკლამირების შეზღუდვას ისახავს მიზნად, ასევე პოტენციურად გააღიზიანოს WhatsApp-ის მომხმარებლები.
ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, Meta-ს მენეჯმენტმა აქციონერების გაღიზიანება არჩია, რადგან WhatsApp-ზე რეკლამების განთავსების შესაძლებლობა უარყო. აქციონერებს შეიძლება არ მოეწონათ ეს გადაწყვეტილება, რადგან თითქოს Meta ხელს უშლის იმ მიმართულების განვითარებას, რომელიც მისი ბიზნესის ზრდის მთავარი მამოძრავებელი უნდა ყოფილიყო.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $300.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $376.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $435.00-ს, ხოლო მინიმალური — $285.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25.3%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Adobe
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Adobe-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 57%-ით არის გაუმჯობესებული.
Adobe-ის კვარტალურმა შემოსავალმა $4.89 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.87 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $4.09 (პროგნოზი — $3.97). გასული წლის იმავე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $4.13 მილიარდი იყო, ხოლო EPS — $3.40. პირველი მათგანი წლიდან წლამდე 10%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე — 20%-ით. ამ უკანასკნელს ხელი შეუწყო ფისკალურ მესამე კვარტალში 2.1 მილიონი აქციის გამოსყიდვამ.
Adobe-ის მუდმივი ზრდის ძირითადი ნაწილი მისი პროგრამული უზრუნველყოფის ქლაუდზე დაფუძნებულ ვერსიების გამოწერებიდან მოდის. კომპანიის წლიური განმეორებადი (გამოწერაზე დაფუძნებული) შემოსავლის მაჩვენებელი მისი ციფრული მედიის პროგრამული უზრუნველყოფისთვის ახლა $14.6 მილიარდს შეადგენს. ამავდროულად, Adobe-ის ციფრული გამოცდილების განყოფილებამ კვარტალში $1.23 მილიარდის მოცულობის გაყიდვები გამოიმუშავა (წლიდან წლამდე 11%-იანი ზრდა). აქედან $1.10 მილიარდი გამოწერებზეა დაფუძნებული.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, Adobe-ის აქციების ფასი მაინც შემცირდა.
ამ მიზეზებიდან პირველი არის პროგნოზები. მიუხედავად იმისა, რომ მენეჯმენტის მოლოდინის საშუალო მაჩვენებელი — $5 მილიარდი ანალიტიკოსების პროგნოზებს შეესაბამება, ხოლო ნავარაუდევი EPS — $4.10-$4.15 უოლ სტრიტის მოლოდინს — $4.06-ს აჭარბებს, როგორც ჩანს, ინვესტორები კიდევ უფრო ძლიერ შედეგებს მოელოდნენ. ისინი ასევე იმედგაცრუებულნი არიან Adobe-ის ახალი AI (ხელოვნური ინტელექტი) პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების საფასო ძალაუფლების ნაკლებობით, გასულ კვარტალში მენეჯმენტის პროგნოზთან შედარებით.
Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $529.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $602.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $660.00-ს, ხოლო მინიმალური — $435.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Adobe-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Planet Fitness
პარასკევს, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, Planet Fitness-ის აქციების ფასი დაახლოებით 16%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 35%-ზე მეტით არის დაკლებული.
პარასკევს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Planet Fitness-მა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელიც ლიდერულ პოზიციებზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ეხებოდა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, დირექტორთა საბჭოს წევრი — კრეიგ რ. ბენსონი დროებით აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას შეასრულებს, რადგან დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი —კრის რონდო ჩაანაცვლოს.
აქციონერები, როგორც წესი, მენეჯმენტის სტრუქტურის ზედა ნაწილში მოულოდნელი ცვლილებებით, უკმაყოფილონი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასთან დაკავშირებულ მოულოდნელ ცვლილებებს ზოგჯერ ცუდი ამბები მოჰყვება კომპანიის ან მომავალი აღმასრულებელი დირექტორის შესახებ. გარდა ამისა, კრის რონდო სპორტული დარბაზების ქსელს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
რონდო Planet Fitness-ის აღმასრულებელი დირექტორი 2013 წელს გახდა და მან კომპანიის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თუმცა ბოლო პერიოდში Planet Fitness-ის ზრდის დაფინანსება ძირითადად ვალით იყო განპირობებული. შესაძლოა სპორტული დარბაზის ქსელის დირექტორთა საბჭო უკმაყოფილო იყო რონდოს სტრატეგიისა და მოქმედებების ამ ან სხვა ელემენტებით.
კრის რონდოს წასვლა ყოფილი პრეზიდენტისა და საოპერაციო დირექტორის — ედვარდ ჰაიმსის მიერ მაისის ბოლოს თანამდებობის დატოვებას მოჰყვა. ჰაიმსმა კომპანიაში მხოლოდ ნახევარი წელი დაყო.
მიუხედავად აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წასვლისა, რონდო კომპანიას საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. გარდა ამისა იგი გააგრძელებს მუშაობას Planet Fitness-ის დირექტორთა საბჭოში და მომავალ წელს ხელახალი არჩევისთვის იქნება წარდგენილი.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს მაღალი რგოლის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ საითკენ მიემართება კომპანია.
Planet Fitness-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $50.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $74.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $87.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Planet Fitness-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 47.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Chewy
პარასკევს შინაური ცხოველების საკვების ელექტრონული კომერციის ლიდერის — Chewy-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა და 52-კვირიან მინიმუმს მიაღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ით არის დაკლებული.
როგორც მზარდი პოტენციალის აქცია, Chewy დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რომ მომხმარებლები განაგრძობენ შინაური ცხოველების ყიდვას და შემდეგ მათთვის უფრო მეტი პროდუქტის შეძენას. კომპანიის აქციებზე კი ნეგატიურად იმოქმედა მომხმარებელთა განწყობის შესახებ მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა.
პარასკევს, მიჩიგანის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა მომხმარებელთა განწყობის გამოკითხვის სექტემბრის შედეგები, რომლებიც მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა. გამოკითხვის მაჩვენებელმა 67.7 შეადგინა, რაც ერთი წლის წინანდელ შედეგს აღემატებოდა, მაგრამ შემცირდა აგვისტოს მაჩვენებელთან — 69.5-თან შედარებით და ასევე ჩამოუვარდებოდა ეკონომისტების პროგნოზს — 69-ს.
შედეგად, Chewy-ის აქციები ფასი 52-კვირიან მინიმუმამდე დაეცა და ამჟამად ეს მაჩვენებელი 2019 წლის IPO-ს ფასს — $22-საც კი ჩამოუვარდება.
Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $20.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $37.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $57.00-ს, ხოლო მინიმალური — $25.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chewy-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 88%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
DexCom
პარასკევს, ანალიტიკოსების ნეგატიური შეფასებების შემდეგ, სპეციალიზებული სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლის — DexCom-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის დაკლებული.
Raymond James-ის ანალიტიკოსმა — ჯეისონ ბედფორდმა ჯანდაცვის კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეინარჩუნა, თუმცა სამიზნე ფასი $154-დან $131-მდე შეამცირა.
გარდა ამისა, გასულ კვირას დანიელ ანტალფიმ UBS-დან DexCom-ის აქციებს ასევე შეუნარჩუნა ყიდვის რეკომენდაცია, მაგრამ სამიზნე ფასი უფრო მკვეთრად — $175-დან $138-მდე შეამცირა.
თუმცა, მთლიანობაში, ანალიტიკოსები, რომლებიც ამჟამად DexCom-ს თვალს ადევნებენ, ელიან ზრდას როგორც ამ, ასევე მომავალ წელს. ისინი პროგნოზირებენ, რომ 2023 წელს შემოსავალი თითქმის 22%-ით გაუმჯობესდება, ხოლო EPS — 43%-ით. 2024 წელს კი ეს მეტრიკები, ანალიტიკოსთა ვარაუდით, შესაბამისად, 20%-ით და 30%-ით გაიზრდება.
DexCom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $96.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $146.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $130.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი DexCom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 52%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.