პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Warner Bros. Discovery, Booking Holdings, Comfort Systems USA და Universal Insurance Holdings.
Warner Bros. Discovery
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Warner Bros. Discovery-მ სუსტი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით გაუმჯობესდა.
მას შემდეგ, რაც 2021 წელს Warner Bros. Discovery AT&T-ის WarnerMedia-სა და Discovery Communications-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა, კომპანია სათანადო წარმადობას ვერ აფიქსირებდა, რადგან მას ვალის ტვირთთან, მენეჯმენტის საეჭვო გადაწყვეტილებებთან და ზრდის ყოველგვარი სტრატეგიის ნაკლებობასთან უწევდა გამკლავება. მეოთხე კვარტლის ანგარიშმა კი ვერ შეძლო ინვესტორები დაერწმუნებინა, რომ მდგომარეობა შეიცვალა.
გასულ მეოთხედში შემოსავალი 7%-ით — $10.28 მილიარდამდე დაეცა და ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩა ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $10.34 მილიარდს. კომპანიის სტუდიების სეგმენტში შემოსავალი 17%-ით — $3.17 მილიარდამდე შემცირდა, ნაწილობრივ ჰოლივუდის გაფიცვების გამო. ქსელების სეგმენტში ამ მაჩვენებელმა 9%-ით — $5.04 მილიარდამდე დაიკლო, რადგან საკაბელო აბონენტები განაგრძობენ გამოწერების გაუქმებას. კომპანიის პირდაპირ მომხმარებელზე სტრიმინგის სეგმენტის შემოსავალი კი მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და $2.53 მილიარდი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო BluTV-ის შეძენამ.
Warner Bros. Discovery-ის კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 5%-ით — $2.47 მილიარდამდე შემცირდა. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი ზარალი თითო აქციაზე $0.16-მდე გაუმჯობესდა (გასული წლის იმავე კვარტალში — -$0.86), თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ჩამორჩებოდა უოლ სტრიტის პროგნოზს — -$0.07-ს.
აღმასრულებელმა დირექტორმა — დევიდ ზასლავმა ვალის შემცირებისა და ფულადი ნაკადების წარმოქმნის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შემოსავლებისა და მოგების ნეგატიური ტენდენციების გადასაფარად.
Warner Bros. Discovery-ს 2024 წლისთვის კონკრეტული პროგნოზები არ წარმოუდგენია, მაგრამ მენეჯმენტმა გამამხნევებელი შენიშვნები გააჟღერა და თქვა, რომ 2025 წლისთვის პირდაპირ მომხმარებელზე მიმართული სტრიმინგის EBITDA მინიმუმ $1 მილიარდს მიაღწევს. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ სარეკლამო ბიზნესი უმჯობესდება.
Warner Bros. Discovery-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.94-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Warner Bros. Discovery-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 62%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Booking Holdings
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Booking Holdings-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი ონლაინ მოგზაურობის და მასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებელი კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 76%-ით გაუმჯობესდა.
მეოთხე კვარტალში Booking Holdings-ის შემოსავალი წლიურად 18%-ით — $4.78 მილიარდამდე გაიზარდა, EPS-მა კი $6.28 შეადგინა. ანალიტიკოსების პროგნოზს ამ ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა.
ნომრების დაჯავშნის მაჩვენებელი წლიურად 9%-ით გაუმჯობესდა, ხოლო მთლიანი მოგზაურობის ჯავშნები 16%-ით — $31.7 მილიარდამდე გაიზარდა. Booking Holdings-ის ფინანსურმა დირექტორმა — დევიდ გულდენმა აღნიშნა, რომ ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელმა წლიურად ოდნავ მოიმატა, რაზეც გავლენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა იქონია.
გარდა ამისა, მენეჯმენტმა განაცხადა, რომ 28 მარტიდან იწყებს კვარტალური დივიდენდების გაცემას თითო აქციაზე $8.75-ის ოდენობით. პირველ დივიდენდურ ანაზღაურებას მიიღებენ ის ინვესტორები, რომლებიც 8 მარტის მდგომარეობით Booking Holdings-ის აქციონერთა სიაში იქნებიან.
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში ჯავშნები 4%-6%-ით გაუმჯობესდება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს კომპანიის ამ მაჩვენებელზე 1%-იანი ნეგატიური გავლენა ექნება.
Booking Holdings-ში ასევე განაცხადეს, რომ მთლიანი წლის ჯავშნები, სავარაუდოდ, 7%-ზე ოდნავ მეტით გაუმჯობესდება (ანალიტიკოსების პროგნოზი — 9.9%-იანი ზრდა). ფინანსურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ომის შედეგებს და კომპანიისთვის ვალუტის არახელსაყრელ კურსებს.
ხუთშაბათს, კვარტალური შედეგების გამოქვეყნებამდე, Booking Holdings-ის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
Booking Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $3,506.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $3,960.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $4,380.00-ს, ხოლო მინიმალური — $3,440.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Booking Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 25 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Comfort Systems USA
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Comfort Systems USA-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი სამშენებლო და სახლის მოვლის კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 79%-ით გაუმჯობესდა.
Comfort Systems კომერციული, სამრეწველო და ინსტიტუციური გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების (HVAC) და ელექტრობის საკონტრაქტო სერვისების გაერთიანებაა. მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 21%-ით მოიმატა და $1.36 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.33 მილიარდი). თითო აქციაზე მოგებამ კი $2.55 შეადგინა (პროგნოზი — $2.24).
მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი 26%-ით გაიზარდა, ხოლო საოპერაციო ფულადი ნაკადები დაახლოებით 112%-ით გაუმჯობესდა და $639.6 მილიონი შეადგინა.
„მეოთხე კვარტალში ჩვენი მექანიკური და ელექტრო ბიზნესები გაიზარდა და მარჟები გააუმჯობესა, რამაც კომპანიის წლიური შედეგები ახალ სიმაღლეებზე აიყვანა“ — თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ლეინმა. იგი მომავლის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი: „ძირითადი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და აღფრთოვანებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ ამ თვის დასაწყისში დამატებით ორი კომპანია შემოგვიერთდა. შედეგად, მივიჩნევთ, რომ ზრდას განვაგრძობთ და მიმდინარე წლის განმავლობაში ძლიერ საოპერაციო შედეგებს შევინარჩუნებთ“.
Universal Insurance Holdings
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Universal Insurance Holdings-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი სადაზღვევო კომპანიის აქციების ფასი 22%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 51%-ით გაუმჯობესდა.
გასული წლის მეოთხე კვარტალში Universal Insurance Holdings-ის შემოსავალი წლიურად თითქმის 14%-ით — $375.46 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $428.58 მილიონი) მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიები შედარებით მოკრძალებული 4%-ით — დაახლოებით $433 მილიონამდე გაუმჯობესდა.
Universal Insurance-ის კორექტირებული მოგება 43%-ით — $12.6 მილიონამდე შემცირდა, ანუ კორექტირებული EPS $0.43 იყო. თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — -$0.16-ს.
Universal Insurance Holdings-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ გასულ მეოთხედში კომპანიამ დაახლოებით 233,000 აქცია გამოისყიდა საერთო ღირებულებით — $3.6 მილიონი. აღსანიშნავია, რომ აქციების გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში Universal Insurance-ს ჯერ კიდევ $.1 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვა შეუძლია. გარდა ამისა, მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანიამ დააანონსა თავისი უახლესი კვარტალური დივიდენდი თითო აქციაზე $0.16-ის ოდენობით.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.