• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 2 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

თებერვალი 5, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 2 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Chevron, ExxonMobil, Nvidia, Clorox და Beazer Homes.

Chevron & ExxonMobil

პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Chevron-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნავთობკომპანიის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით შემცირდა.

მეოთხე კვარტალში Chevron-ის შემოსავალმა $48.18 მილიარდს მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $50.88 მილიარდს. კომპანიის მოგებამ კი $2.3 მილიარდი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $3.45 იყო (პროგნოზი — $3.2). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $1.22 შეადგინა და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზს $1.59-ით ჩამორჩა. Chevron-ის მოგება შემცირდა როგორც მესამე მეოთხედთან, ასევე 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. თუმცა, როგორც ჩანს, ბევრ ინვესტორზე პოზიტიურად იმოქმედა იმ სიახლემ, რომ კომპანია წლიურ დივიდენდებს 8%-ით გაზრდის.

მრავალი ინვესტორი, რომელიც ფულს Chevron-ის მსგავს ენერგეტიკულ კომპანიებში აბანდებს, დივიდენდურ შემოსავალს ეყრდნობა. და მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვარტალში მოგება შემცირდა, ნავთობკომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) $5 მილიარდიდან $8 მილიარდამდე გაიზარდა. ეს კი ინვესტორებს არწმუნებს, რომ Chevron დივიდენდების გადახდას და გაზრდას შეძლებს. საერთო ჯამში, 2023 წელს კომპანიამ აქციონერებს, აქციების გამოსყიდვისა და დივიდენდების საშუალებით, $26 მილიარდზე მეტი დაუბრუნა. 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით ეს 18%-იან ზრდას წარმოადგენს.

Chevron

გარდა ამისა, 2023 წელს Chevron-მა აშშ-ში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება 14%-ით გაზარდა. აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკ ვირტმა გასული წელიწადის შეჯამებისას განაცხადა: „2023 წელს Chevron-ის მიერ აქციონერებისთვის დაბრუნებული ნაღდი ფული, ასევე წარმოებული ნავთობი და ბუნებრივი აირი, კომპანიის ისტორიაში ნებისმიერი წლის შედეგს აღემატებოდა“.

Chevron-ის სხვა მნიშვნელოვანი სიახლე გასულ წელს იყო მისი გეგმა, შეეძინა კონკურენტი — Hess $53 მილიარდად. მენეჯმენტი ამ კომპანიის აქტივების გამოყენებას თავისი გრძელვადიანი წარმადობის გასაუმჯობესებლად გეგმავს.

პარასკევს კვარტალური ანგარიში კიდევ ერთმა ნავთობკომპანიამ — ExxonMobil-მა წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში მისი აქციების ფასი დაახლოებით 0.5%-ით შემცირდა. გასულ წელს კი ამ მაჩვენებელმა 9%-ზე მეტით დაიკლო.

ExxonMobil-ის კვარტალურმა შემოსავალმა $95.42 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $91.12 მილიარდი). მეოთხე კვარტალში ExxonMobil-ის მოგება წლიურად 40%-ით — $7.6 მილიარდამდე შემცირდა. კორექტირებულმა EPS-მა $2.48 (პროგნოზი — $2.2) შეადგინა. GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS კი $1.91 იყო და ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის პროგნოზს $0.13-ით ჩამორჩა. კომპანიის წლიური მოგება 35%-ით გაუმჯობესდა და $36 მილიარდს მიაღწია.

ExxonMobil-ის მოგებაზე ნეგატიურად იმოქმედა როგორც ნავთობის ფასების შემცირებამ, ასევე კალიფორნიაში აქტივების გაუფასურებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა.

თუმცა ნავთობკომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გაიანასა და აშშ-ის პერმის აუზში წარმოება წლიურად 18%-ით გაიზარდა, ხოლო მეოთხე კვარტალში გაწეული $7.8 მილიარდის მოცულობის კაპიტალური ხარჯების შედეგად მთელი წლის დანახარჯებმა მენეჯმენტის პროგნოზებს გადააჭარბა. 2023 წლის ოქტომბერში Pioneer Natural Resources-ის $60 მილიარდად შეძენა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს წარმოების გაზრდას დღეში თითქმის 1.3 მილიონ ბარელამდე.

ExxonMobil

ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $102.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $126.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $142.00-ს, ხოლო მინიმალური — $113.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ExxonMobil-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $152.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $176.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $190.00-ს, ხოლო მინიმალური — $148.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nvidia

პარასკევს ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა. ეს მოჰყვა მისი მთავარი მომხმარებლების — Meta Platforms-ისა და Amazon-ის მიერ ძლიერი კვარტალური ანგარიშების წარდგენას. სავაჭრო კვირის ბოლო დღეს ამ ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები, შესაბამისად, 20%-ით და 8%-ით გაუმჯობესდა.

როგორც ჩანს, ძლიერმა შედეგებმა ტექნოლოგიურ სექტორში პოზიტიური ციკლი წარმოქმნა და Nvidia-ს აქციების ფასი გაზარდა, რადგან ჩიპების მწარმოებელი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში მთავარი მიმწოდებელია და ეიფორია კვლავ აუმჯობესებს AI აქციების ფასებს.

პარასკევს კონკრეტულად Nvidia-სთან დაკავშირებული სიახლეც გავრცელდა. Bank of America-მ ჩიპების მწარმოებლის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $700-დან $800-მდე გაზარდა. ანალიტიკოსმა ვივეკ არიამ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მეოთხე კვარტლის ანგარიშში Nvidia-ს მაჩვენებლები პროგნოზებს 3%-5%-ით გადააჭარბებს და მენეჯმენტის მოლოდინებიც ძლიერი იქნება.

თუმცა პარასკევს Nvidia-ს აქციების ფასის გაუმჯობესების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო Meta-სა და Amazon-ის ძლიერი კვარტალური შედეგები, ისევე როგორც მათი კომენტარები ხელოვნური ინტელექტის შესახებ. Meta-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია წელს თავისი შემდეგი დიდი ენობრივი მოდელის — Llama 3-ის გამოშვებას გეგმავს. კომპანია აგრესიულად ყიდულობს Nvidia-ს ახალ GPU-ებს და მმართველი გუნდი ამბობს, რომ 350,000 H100-ის შეძენას გეგმავს.

Nvidia

ამავდროულად, Amazon-ში განაცხადეს, რომ კომპანია გვთავაზობს გამოთვლითი ნიმუშების ყველაზე ფართო კოლექციას Nvidia-ს ჩიპების საშუალებით.

Nvidia-ს პოზიცია ბაზარზე ახლა იმდენად ძლიერია, რომ მისი მომხმარებლები კომპანიას რეკლამას უწევენ. Nvidia-ს პროდუქტების ფლობა ხელოვნური ინტელექტის ბუმის ამ ეტაპზე მნიშვნელოვან აქტივად ითვლება.

ჩიპების მწარმოებელი მეოთხე კვარტლის ანგარიშს 21 თებერვალს წარადგენს. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ Nvidia-ს კვარტალური შემოსავალი წლიურად 209%-ით — $18.7 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო EPS $4.17-ს შეადგენს.

Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $662.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 38 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $678.26-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,100.00-ს, ხოლო მინიმალური — $560.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 38 ანალიტიკოსიდან 34-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Clorox

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Clorox-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი სამომხმარებლო პროდუქტების გიგანტის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით გაუმჯობესდა.

ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში, რომელიც 2023 წლის 31 დეკემბერს დასრულდა, Clorox-ის შემოსავალი წლიურად 16%-ით — $1.99 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.8 მილიარდი). კორექტირებული EPS გაორმაგდა და $2.16-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.10). GAAP-ის მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი მხოლოდ $0.75 შეადგინა და უოლ სტრიტის პროგნოზს $0.31-ით ჩამორჩა.

Clorox-ის მაჩვენებლების ზრდის საფუძველი ხელსაყრელი ფასებისა და გაყიდვების უფრო მაღალი მოცულობების ერთობლიობა იყო. ამ უკანასკნელზე იმოქმედა კომპანიის მიერ მომხმარებელთა მარაგების აღდგენამ ფართოდ ცნობილი კიბერშეტევის შემდეგ, რომელიც გასულ აგვისტოში განხორციელდა.

Clorox

რაც შეეხება მომავალს, Clorox-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული ფისკალური 2024 წლისთვის შემოსავალი დაბალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება (ძველი პროგნოზი — საშუალო ან მაღალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ვარდნა). ასევე მოსალოდნელია, რომ კორექტირებული EPS $5.30-$5.50-ს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $4.30-$4.80).

Clorox-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $156.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $170.00-ს, ხოლო მინიმალური — $143.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Clorox-ის აქციების ამჟამინდელი ფასის თითქმის უცვლელად დატოვებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Beazer Homes

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Beazer Homes-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი სახლების სამშენებლო კომპანიის აქციების ფასი თითქმის 8%-ით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 165%-ით გაუმჯობესდა.

ფისკალურ პირველ კვარტალში, რომელიც 2023 წლის 31 დეკემბერს დასრულდა, Beazer-ის შემოსავალი წლიურად 13.1%-ით — $386.8 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $414.89 მილიონი). წმინდა მოგება კი ოდნავ ჩამორჩა $31 მილიონს, ანუ GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS $0.70 იყო (პროგნოზი — $0.71).

Beazer-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — ალან მერილმა განაცხადა, რომ კვარტალური შედეგები ძლიერი იყო მიუხედავად ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში იპოთეკური განაკვეთების კლებისა. მან დასძინა, რომ წლის განმავლობაში შეკვეთები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Beazer Homes

მართლაც, ახალმა შეკვეთებმა წლიურად 70.7%-ით — 823-მდე მოიმატა.

Beazer Homes-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $36.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Beazer Homes-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 2 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

Ferrari-ის ძლიერი კვარტალური ანგარიში და მოსალოდნელი კონტრაქტი ლუის ჰემილტონთან

შემდეგი

Apple Vision Pro უკვე გაყიდვაშია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Apple Vision Pro უკვე გაყიდვაშია

Apple Vision Pro უკვე გაყიდვაშია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved