გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის ABM Industries, Opera და Photronics.
ABM Industries
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ABM Industries-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ობიექტების მომსახურების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 18%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში ABM Industries-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 4%-ით — $2.1 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.03 მილიარდი). კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $1.01 შეადგინა (პროგნოზი — $0.92). ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების მიხედვით გამოთვლილი EPS წლიდან წლამდე 32%-ით — $0.96-მდე გაიზარდა (პროგნოზი — $0.31).
ABM Industries-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სკოტ სალმირსმა წმინდა მოგების გაუმჯობესება მიაწერა ძლიერი მოგების მარჟას, ხაზი გაუსვა კომპანიის შესანიშნავ საოპერაციო წარმადობას საავიაციო და ტექნიკური გადაწყვეტების, წარმოების, დისტრიბუციისა და განათლების სეგმენტებში. სკოტის თქმით, კომერციული უძრავი ქონების ბიზნესს მეტი სირთულე შეექმნა.
საბოლოოდ ასეთი მეოთხე კვარტლით დასრულდა წარმატებული წელი, რომელშიც გაყიდვების მოკრძალებულმა 4%-იანმა ზრდამ მოგების 11%-იანი მატება გამოიწვია.
რაც შეეხება მომავალს, ABM Industries-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს კომპანიის კორექტირებული EPS $3.20-$3.40-ს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 2024 წელს მოგება დაახლოებით 9%-ით შემცირდება.
ABM Industries-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $52.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ნეიტრალურ რეიტინგს ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $46.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $49.00-ს, ხოლო მინიმალური — $43.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ABM Industries-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12%-იან შემცირებას გულისხმობს.
Opera
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ციფრული კონტენტის კომპანიის — Opera-ს აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 106%-ით არის გაუმჯობესებული.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — ერიკ შერიდანმა წამოიწყო Opera-ს აქციების შეფასება ყიდვის რეკომენდაციით და $16.50-ის ტოლი სამიზნე ფასით. გუშინდელი ზრდის შემდეგაც კი ეს ნიშნული კომპანიის აქციების ფასიდან დაახლოებით 33%-იან მატებას გულისხმობს.
ერიკ შერიდანმა ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც Opera-ს მენეჯმენტმა ნახევარწლიური დივიდენდი დააანონსა. კომპანია თავის აქციონერებს თითო აქციაზე $0.40-ს გადაუხდის. დივიდენდი გაიცემა 2024 წლის 9 იანვარს იმ ინვესტორებზე, რომლებიც 3 იანვრის მდგომარეობით Opera-ს აქციონერთა რიგებში იქნებიან.
ამ კომპანიის მიერ დივიდენდების გაცემა ჯერ კიდევ სიახლეა. Opera-მ ნახევარწლიური დივიდენდების გადახდა მხოლოდ გასულ ივნისში დაიწყო და მისი ოდენობა თავდაპირველადაც $0.40-ს შეადგენდა.
Opera-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $23.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Opera-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 63%-იან ზრდას გულისხმობს.
Photronics
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Photronics-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნახევარგამტარების დასამზადებელი მოწყობილობების მწარმოებლის აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 57%-ით არის გაუმჯობესებული.
Photronics-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 8%-ით — $227.47 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $224 მილიონი). კორექტირებულმა EPS-მა $0.6 შეადგინა (პროგნოზი — $0.53). GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი EPS კი წლიდან წლამდე 20%-ით — $0.72-მდე გაიზარდა, რამაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს $0.19-ით გადააჭარბა.
მთელი წლის EPS (GAAP-ის მიხედვით გამოთვლილი) 5%-ით — $2.03-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, Photronics-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი $217-$225 მილიონს მიაღწევს. თუ ორიენტირად ამ დიაპაზონის შუა წერტილს ავიღებთ, გამოვა, რომ წლიდან წლამდე შემოსავალი დაახლოებით 5%-ით გაიზრდება.
გარდა ამისა, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ კორექტირებული EPS $0.45-$0.53-ს შეადგენს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი — $0.49 ორზე მეტჯერ აღემატება გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — $0.23-ს.
Photronics-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $26.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 1 ანალიტიკოსი აფასებს. იგი აქციებს ყიდვის რეკომენდაციას და $32.00-ის ოდენობით სამიზნე ფასს ანიჭებს. ეს მაჩვენებელი Photronics-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს.