გუშინ საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის MercadoLibre, Microsoft, Alphabet და Meta Platforms.
MercadoLibre
გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, სამხრეთ ამერიკული ელექტრონული კომერციის კომპანიის — MercadoLibre-ს აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 31%-ზე მეტით არის გაზრდილი.
გუშინ Bank of America-ს ანალიტიკოსმა — რობერტ ფორდ აგილარმა MercadoLibre-ს აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი მკვეთრად — $1680-დან $1350-მდე შეამცირა.
რობერტის ამ ნაბიჯის მიზეზი ბრაზილიაში ახალი ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის რეგულაციების ნაკრებია. $50-მდე ღირებულების ტრანზაქციები 17%-იან დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ) ექვემდებარება, თუმცა ისინი 60%-იანი იმპორტის ტარიფისაგან გათავისუფლებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს გარკვეულ გაუმჯობესებას წინა რეჟიმთან შედარებით, რომელიც ასეთ შესყიდვებზე აწესებდა როგორც დღგ-ს, ასევე იმპორტის ტარიფს ანალიტიკოსმა დაწერა: „MercadoLibre-ს ბრაზილიური სავაჭრო ბაზა, დიდწილად, კონკურენციას უწევს გადასახადებისგან გათავისუფლებულ ტრანსსასაზღვრო შეთავაზებებს… ჩვენი აზრით, $50-მდე ღირებულების ტრანზაქციებზე 60%-იანი იმპორტის ტარიფის გაუქმება წაახალისებს ახალ მონაწილეებს, გაააქტიურებს არსებულ არხებს და მოიზიდავს უფრო დიდ ინვესტიციებს“.
MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1087-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1550-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1700-ს, ხოლო მინიმალური — $1350-ს. საშუალო სამიზნე ფასი MercadoLibre-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 43%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 8 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft და Alphabet
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლეების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტების — Microsoft-ისა და Alphabet-ის აქციების ფასი, შესაბამისად, დაახლოებით 2%-ით და თითქმის 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან Microsoft-ის აქციების ფასი 38%-ზე მეტით არის გაზრდილი, ხოლო Alphabet-ის — თითქმის 31%-ით.
კომპანიებზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებდა. The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამაფრთხილებელი სიგნალი გაისმა ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ. ასევე ცნობილი გახდა, რომ მსხვილი საფონდო ინდექსი, რომელსაც როგორც Microsoft, ასევე Alphabet ეკუთვნის, ხელახლა უნდა დაბალანსდეს.
გუშინ დილით The Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ქლაუდ გამოთვლების რამდენიმე ექსპერტზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ ქლაუდ ინფრასტრუქტურა შესაძლოა არ იყოს საკმარისი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების სწრაფი ზრდისთვის.
ამ ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით, სტატიის ავტორმა დაწერა „დღეს არსებული ქლაუდ ინფრასტრუქტურის მხოლოდ მცირე ნაწილია რეალურად შექმნილი ამის მხარდასაჭერად“.
როგორც Microsoft-მა, ასევე Alphabet-ის Google-მა მტკიცედ შეაღწია AI სივრცეში. პირველი არის მსხვილი ინვესტორი კერძო OpenAI-ში (ChatGPT აპლიკაციის შემქმნელი), ხოლო მეორე ავითარებს ეგრეთ წოდებულ „AI ექსპერიმენტს“, სახელწოდებით Bard.
ამასთან ცნობილი გახდა, რომ Nasdaq 100 ინდექსი ხელახლა დაბალანსდება. ინდექსში გაერთიანებული აქციები არ შეიცვლება, თუმცა მათი წონასწორობა განახლდება. Microsoft და Alphabet იმ „დიდებულ შვიდეულს“ შორისაა, რომელიც ამჟამად ინდექსის წონის 50%-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი არ არის, თუ როგორ შეიცვლება წონასწორობა, შესაძლებელია, Microsoft-ის, Alphabet-ის ან თუნდაც ორივეს გამორჩეულობა შემცირდეს.
Nasdaq-ის წარმომადგენლების თქმით, კორექცია ორშაბათს, 24 ივლისს, სავაჭრო დღის დაწყებამდე განხორციელდება.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $332-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $350.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $420.00-ს, ხოლო მინიმალური — $232.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $116.5-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $133.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms
გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 136%-ით არის მომატებული.
გამოშვებიდან მხოლოდ 5 დღის განმავლობაში Meta Platforms-ის Threads 100 მილიონ გამომწერამდე გაიზარდა. გუშინ დილით TechCrunch-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Threads-ის სხვა მაჩვენებლებიც შთამბეჭდავი იყო: 2 მილიონი დარეგისტრირება გაშვებიდან ორი საათის შემდეგ, 5 მილიონი გამომწერი ოთხი საათის შემდეგ და 10 მილიონი შვიდი საათის შემდეგ. როგორც ჩანს, ახალი პლატფორმისადმი ენთუზიაზმი მართლაც დიდია.
ხუთ დღეში 100 მილიონი ახალი მომხმარებლით Threads-მა აჯობა ChatGPT-ს და ისტორიაში ყველაზე სწრაფად ათვისებული აპლიკაცია გახდა. შედარებისთვის, 100 მილიონი მომხმარებლის მისაღწევად ChatGPT-ს ორი თვე დასჭირდა.
მეორეს მხრივ, Threads ახლა მომხმარებლებს უფრო ნელი ტემპით იზიდავს. როგორც TechCrunch-მა განაცხადა, საინტერესოა, ამ პირველი 100 მილიონი მომხმარებლიდან რამდენს შეინარჩუნებს პლატფორმა, ხოლო მათი მონეტიზაცია ნამდვილი გამოწვევა იქნება.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $294-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 39 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $304.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $220.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 39 ანალიტიკოსიდან 35-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.