ბაზრის მეთვალყურეები ელოდებიან უფრო მეტ სიგნალებს ინფლაციის კლების შესახებ, იმ იმედით, რომ ფასების ზეწოლის მუდმივი ვარდნა ფედერალურ რეზერვს (Fed) საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ უბიძგებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მეტ ინფორმაციას მიიღებენ პარასკევს, როდესაც პირადი სამომხმარებლო ხარჯების (PCE) ინდექსის მაჩვენებლები გამოქვეყნდება.
ინვესტორები ასევე მიიღებენ განახლებებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რადგან მიმდინარე კვირაში Nvidia აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს, Micron Technology კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს, ხოლო Salesforce აქციონერთა კრებას გამართავს.
ამ კვირაში კვარტალურ ანგარიშებს სხვა ცნობილი კომპანიებიც წარადგენენ: Nike, FedEx, Walgreens Boots Alliance, General Mills და Levi Strauss & Co.
PCE
მიმდინარე კვირაში ბაზრის მეთვალყურეები ყურადღებას მიაქცევენ რამდენიმე მაჩვენებელს, რათა გაიგონ, მიუთითებს თუ არა ისინი ეკონომიკური აქტივობის უწყვეტ შენელებასა და ინფლაციური წნეხის შემსუბუქებაზე.
პირადი მოხმარების ხარჯების (PCE) ინდექსის მაისის მონაცემები ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ეს არის ინფლაციის საზომი, რომელსაც Fed დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ფედერალური სარეზერვო ბანკის წარმომადგენლების აზრით, მიზანშეწონილი არ იქნება საპროცენტო განაკვეთების დიაპაზონის შემცირება, სანამ არ გამოჩნდება მეტი დამადასტურებელი ნიშანი, რომ ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2%-სკენ მტკიცედ მიემართება.
PCE-ის აპრილის მონაცემებმა აჩვენა, რომ სამომხმარებლო ფასები აპრილში თვიურად 0.3%-ით გაიზარდა. წლიურად კი ამ ინდექსმა 2.7%-იანი აღმასვლა დააფიქსირა. მას შემდეგ, 12 ივნისს, გამოქვეყნდა სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ანგარიში, რომელმაც აჩვენა, რომ მაისში აშშ-ში ინფლაცია უცვლელი იყო.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აშშ-ში მაისში მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI), აპრილთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა. ძირითადი PPI, რომელიც საკვებისა და ენერგეტიკის არასტაბილურ სეგმენტებს გამორიცხავს, უცვლელი დარჩა. საქონელზე გადახდილი ფასები მაისში 0.8%-ით შემცირდა, რაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ფასების ყველაზე დიდი ვარდნაა. მომსახურების ფასები კი უცვლელი დარჩა.
ხუთშაბათს კი პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მესამე რევიზია გამოქვეყნდება. უახლესმა გადახედვამ ეკონომიკური ზრდა 1.3%-მდე შეამცირა.
სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები
მიმდინარე კვირაში ინვესტორები მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას AI ინდუსტრიის რამდენიმე წამყვანი კომპანიისგან.
ოთხშაბათს Nvidia-ს აღმასრულებლები უმასპინძლებენ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრას. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში Nvidia-ს აქციების შესანიშნავი ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ $3 ტრილიონს გადააჭარბა, რადგან ის თავისი AI პროდუქტებით დიდ ინტერესს იწვევს.
გარდა ამისა, ასევე ოთხშაბათს Micron Technology კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, AI კვლავ ყურადღების ცენტრში იქნება ხუთშაბათს, რადგან Salesforce აქციონერთა კრებას ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ მეორე კვარტლისთვის გამოაქვეყნა მოსალოდნელზე უარესი პროგნოზები მიუხედავად იმისა, რომ ის AI პროდუქტების ზრდის სტიმულირებაზე იყო ფოკუსირებული.
Salesforce-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი $9.2-$9.25 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.35 მილიარდს.
მთელი წლის შემოსავლისთვის კი კომპანიაში შეინარჩუნეს ძველი პროგნოზი — $37.7-$38 მილიარდი.
პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას Salesforce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარკ ბენიოფმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქისგან დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. მან თქვა: „ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობის დასაწყისი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თავიანთ კლიენტებს სრულიად ახალი გზით დაუკავშირდნენ“.
ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ამანათების გადაზიდვის გიგანტი — FedEx კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს — ბოლო ანგარიშის წარდგენისას კომპანიის მენეჯმენტმა $5 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსა. ხუთშაბათს, ბაზრის დახურვის შემდეგ, კი კვარტალურ ფინანსურ მონაცემებს სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელი — Nike გაგვაცნობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.