თუ თქვენთვის სასურველ ნივთს ფიზიკურ მაღაზიაში ან ონლაინ საცალო მოვაჭრისგან ყიდულობთ, თქვენ ჩართული ხართ ლეგალურ ვაჭრობაში, რომელსაც ზოგჯერ „თეთრ ბაზარს“ უწოდებენ.
ამის საპირისპიროდ, ტერმინი „შავი ბაზარი“ აღწერს არალეგალური პროდუქტების ან ლეგალური საქონლის არალეგალური გზით ყიდვა-გაყიდვას.
რა არის შავი ბაზარი?
შავი ბაზარი წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ლეგალური არ არის. ეს შეიძლება ეხებოდეს პროდუქტებისა და სერვისების, მათ შორის ნარკოტიკების, იარაღის ყიდვა-გაყიდვას. შავი ბაზარი ასევე შეიძლება მიესადაგებოდეს ლეგალურ ნივთებს, რომლებიც არალეგალური გზით იყიდება — მაგალითად, ბილეთების ხელახალი გაყიდვა, გარკვეული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა და ა. შ.
რა გავლენა აქვს შავ ბაზარს ეკონომიკაზე?
შავი ბაზრის მასშტაბების ზუსტად გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ, მაგალითისთვის, ნავარაუდევია, რომ აშშ-ში ის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 12%-ს შეადგენს.
შავი ბაზრის უფრო გავრცელებულ აქტივობებს შორის არის ნარკოტიკების და ყალბი საქონლის გაყიდვა, ასევე, ბილეთების გადაყიდვა, მაგრამ ის ასევე შეიძლება მოიცავდეს ადამიანებით ვაჭრობას და იარაღის კონტრაბანდას.
შავ ბაზრებს არაერთი უარყოფითი ეფექტი აქვს. პირველ რიგში, ისინი მთავრობებს საგადასახადო შემოსავალს ართმევს. შავი ბაზრის ტრანზაქციები არ იბეგრება და არ აღირიცხება შემოსავლად, რადგან ისინი, როგორც წესი, ნაღდი ფულის გამოყენებით ხორციელდება ყოველგვარი დოკუმენტების გაფორმების გარეშე.
გარდა ამისა, აქ მოვაჭრე პირები ბაზრის წილს ართმევენ კანონმორჩილ მეწარმეებს. მაგალითად, თუ ვინმე მომხმარებლებს მომსახურებას საჭირო სერტიფიკატის გარეშე სთავაზობს, ის გვერდს უვლის მარეგულირებელ სისტემას და აზარალებს იმ ბიზნესმენებს, ვინც კანონს იცავს.
რატომ არსებობს შავი ბაზრები?
როგორც წესი, შავი ბაზრები არსებობს კანონებისა და რეგულაციების გამო, რომლებიც კრძალავს გარკვეულ პროდუქტებს, მიუხედავად იმისა, რომ მათზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს.
შავი ბაზრები ასევე შეიძლება მიმზიდველი იყოს გამყიდველებისთვის, რადგან აქ საქონელი განსაკუთრებით ძვირად იყიდება. იქიდან გამომდინარე, რომ შავი ბაზრის მონაწილეები ეწევიან უკანონო საქმიანობას და საკუთარ თავზე იღებენ მაღალ რისკს, მათ მიერ გაყიდული საქონლის ღირებულება, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია. ეს ქმნის გარკვეულ სტიმულს შავ ბაზარზე გაყიდვისთვის და ართულებს აქ მიმდინარე აქტივობების აღმოფხვრას.
მაშინაც კი, თუ კონკრეტულ გამყიდველებს დააპატიმრებენ ან ფიზიკური ბაზარი დაიხურება, შავ ბაზარზე ახალი გამყიდველების გამოჩენის შანსი დიდია მაღალი მოგების გამომუშავების პოტენციალის გამო.
შავი ბაზრის მაგალითი
აშშ-ის ისტორიაში შავი ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი გვხვდება 1920-1933-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში ალკოჰოლის წარმოება, ტრანსპორტირება და გაყიდვა უკანონო იყო.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ალკოჰოლი აიკრძალა, ის მაინც იყიდებოდა შავი ბაზრის მეშვეობით. ამ აკრძალვამ გაამდიდრა ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები, რომლებიც გამომუშავებული ფულით ბიზნესებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე ზემოქმედებდნენ.
1932 წლისთვის ამერიკელმა პოლიტიკოსებმა გააცნობიერეს, რომ აკრძალვა წარუმატებელი აღმოჩნდა და დიდი დეპრესიის დროს საგადასახადო შემოსავლების გაზრდა კარგი პერსპექტივა იყო. მიღებულ იქნა 21-ე შესწორება, რომელმაც შეცვალა მე-18 შესწორება — შედეგად ალკოჰოლი კვლავ კანონიერი გახდა.