აღმავლობა (ექსპანსია) არის ეკონომიკური ციკლის ფაზა, როდესაც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ზედიზედ ორი ან მეტი კვარტლის განმავლობაში იზრდება და ფსკერიდან პიკს აღწევს. ექსპანსიას, როგორც წესი, თან ახლავს დასაქმების, მომხმარებელთა ნდობისა და კაპიტალის ბაზრების ზრდა. ამ მოვლენას ეკონომიკურ აღდგენასაც უწოდებენ.
ეკონომიკური აღმავლობის გააზრება
ეკონომიკური ზრდა და დაცემა არ არის სრულიად შემთხვევითი, აუხსნელი ფენომენი. ითვლება, რომ ეკონომიკა მიჰყვება გარკვეულ ციკლს, რომელიც დროთა განმავლობაში მეორდება. ამ პროცესს ეკონომიკური ციკლი ეწოდება და ის ოთხ განსხვავებულ, იდენტიფიცირებად ფაზად იყოფა:
- აღმავლობა: ეკონომიკა გამოდის რეცესიიდან. ფულის სესხება იაფია, ბიზნესები კვლავ აგროვებს საწარმოო ინვენტარს და მომხმარებლები ხარჯვას იწყებენ. მშპ და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება, უმუშევრობა მცირდება და კაპიტალის ბაზრები ზოგადად კარგად მუშაობს.
- პიკი: ექსპანსიის ფაზა საბოლოოდ აღწევს პიკს. მაღალი მოთხოვნა ზრდის საქონლის ფასს და ეკონომიკური მაჩვენებლები მოულოდნელად მატებას წყვეტს.
- შეკუმშვა: ეკონომიკური ზრდა იწყებს შესუსტებას. მოთხოვნის შემცირების გამო კომპანიები წყვეტენ ახალი კადრების დაქირავებას და შემდეგ, ხარჯების შემცირების მიზნით, სამუშაო ძალის ნაწილს ათავისუფლებენ.
- ფსკერი: ეკონომიკა მიემართება ფსკერისკენ და საბოლოოდ გზას ხსნის აღდგენისკენ.
ეკონომისტები, პოლიტიკოსები და ინვესტორები ყურადღებით სწავლობენ ბიზნეს ციკლებს. წარსულის ეკონომიკური ციკლების ნიმუშების გაანალიზება პოტენციური სამომავლო ტენდენციების პროგნოზირებაში და საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ.
ეკონომიკური აღმავლობის ფაზა საშუალოდ დაახლოებით 4-5 წელი გრძელდება, მაგრამ ზოგადად ამ სტადიამ შეიძლება 10 თვიდან 10 წლამდე გასტანოს.
მნიშვნელოვანი საკითხები
წამყვანი ინდიკატორები, როგორიცაა საწარმოში დასაქმებულების მიერ ნამუშევარი საშუალო კვირეული საათები, უმუშევრობის შესახებ განაცხადები, სამომხმარებლო საქონლის ახალი შეკვეთები და მშენებლობის ნებართვები, იძლევა მინიშნებებს იმის შესახებ, ექნება თუ არა ადგილი ექსპანსიას ან შეკუმშვას ახლო მომავალში.
თუმცა, ეკონომისტები და ანალიტიკოსები ზოგადად თანხმდებიან, რომ არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც საუკეთესოდ განსაზღვრავს კორპორატიულ მოგებას და ზოგადი ეკონომიკის მდგომარეობას: კაპიტალური დანახარჯები (CapEx) — ფული, რომელსაც კომპანიები ახალი აქტივების შენარჩუნებაზე, გაუმჯობესებასა და შეძენაზე ხარჯავენ და საპროცენტო განაკვეთები.
საკრედიტო ციკლი
როდესაც ეკონომიკას ამაღლება სჭირდება, პოლიტიკის შემქმნელები ცდილობენ შეამცირონ სესხის აღების ხარჯები, წაახალისონ ბიზნესები და მომხმარებლებს მეტი ხარჯვისკენ უბიძგონ. როდესაც ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს ამცირებს, დაზოგვა ხელსაყრელი აღარ არის და ეკონომიკური აღმავლობის ეტაპი იწყება. ფული თავისუფლად მიედინება ეკონომიკაში, კომპანიები იღებენ სესხებს გაფართოების დასაფინანსებლად, დასაქმების პერსპექტივები უმჯობესდება და მომხმარებელთა ხარჯები საგრძნობლად იზრდება.
საბოლოო ჯამში, იაფი ფულის ნაკადები და შემდგომი ხარჯების ზრდა ინფლაციის მატებას გამოიწვევს, რაც ცენტრალურ ბანკებს საპროცენტო განაკვეთების ამაღლებისკენ უბიძგებს. შედეგად, მომხმარებლების ხარჯვის მოტივაცია მცირდება და ეკონომიკური ზრდა სუსტდება. კომპანიების შემოსავლები იკლებს, აქციების ფასები მცირდება და ეკონომიკა კვლავ შეკუმშვის ფაზაში გადადის.
კაპიტალური დანახარჯების ციკლი
რამდენიმე ეკონომისტი, მათ შორის ირვინგ ფიშერი, აღნიშნავს, რომ ციკლები მოძრაობს ტანდემში კომპანიების მცდელობებთან, ფეხი აუწყონ მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად მოთხოვნას. როდესაც ეკონომიკა იზრდება, მომხმარებლები მეტად არიან ყიდვაზე ორიენტირებულები და სესხის აღების ხარჯები მცირეა, კომპანიების მმართველი გუნდები კი წარმოებას ზრდიან.
თავდაპირველად, ეს იწვევს უფრო მაღალ გაყიდვებს და შესანიშნავ ანაზღაურებას ინვესტირებულ კაპიტალზე (ROIC). მოგვიანებით, კონკურენცია მძაფრდება და თამაშში სიხარბე ერთვება. საბოლოოდ, მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, ფასები ეცემა, ადრეული ჭარბი სესხების დაფარვა რთულდება და კომპანიებს პერსონალის გათავისუფლების გარდა სხვა გზა არ რჩებათ.