მოგება თითო აქციაზე (EPS) არის მაჩვენებელი, რომელსაც ინვესტორები ხშირად იყენებენ აქციების ან კომპანიის შესაფასებლად, რადგან ის მიუთითებს ბიზნესის მომგებიანობაზე თითო აქციის საფუძველზე. EPS-ის გამოსათვლელად კომპანიის წმინდა გამოგებას უნდა გამოვაკლოთ პრივილეგირებულ აქციონერებზე (პრივილეგირებული აქციების მფლობელი ინვესტორები) გაცემული დივიდენდები და მიღებული მაჩვენებელი აქციების რაოდენობაზე გავყოთ. წმინდა მოგება არის ის ფული, რომელიც კომპანიას საანგარიშო პერიოდში რჩება მას შემდეგ, რაც ის შემოსავლიდან ყველა ფულად და უნაღდო ხარჯს გასწევს. ამ სიდიდეს პრივილეგირებული აქციონერების დივიდენდებიც უნდა გამოვაკლოთ, რადგან მათ დივიდენდურ ანაზღაურებაზე სახელშეკრულებო უფლებები გააჩნიათ.
კომპანია თავის EPS-ს წარმოადგენს როგორც წლიურ (10-K), ისე კვარტალურ (10-Q) ანგარიშებში. მენეჯმენტს შეუძლია, მიღებული მოგება აქციონერებზე გადაანაწილოს ან ამ თანხის ბიზნესში რეინვესტირებას მიმართოს.
EPS-ის გამოთვლის მაგალითი
დავუშვათ, ბოლო ფისკალური წლის განმავლობაში X კომპანიის წმინდა მოგებამ $4,500,000,000 შეადგინა, ხოლო ამ პერიოდში მისი აქციების რაოდენობა 445,000,000 იყო. კომპანიის ბალანსი კი მიუთითებს იმაზე, რომ მას პრივილეგირებული აქციები არ გამოუშვია, შესაბამისად, წმინდა მოგებას არაფერს ვაკლებთ, უბრალოდ $4,500,000,000 უნდა გავყოთ 445,000,000-ზე და გამოვა, რომ საანგარიშო პერიოდში EPS დაახლოებით $10.11 იყო.
EPS-ის შეზღუდვები
EPS-ის აქციების ან კომპანიის შესაფასებლად გამოყენების ძირითადი შეზღუდვა არის ის, რომ ამ მაჩვენებლის გამოთვლისას წმინდა მოგება გამოიყენება. EPS-ში გათვალისწინებულია უნაღდო დანახარჯები, როგორიცაა ცვეთა და ამორტიზაცია, კაპიტალური დანახარჯების ცვალებადმა ბუნებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ კომპანიის წმინდა მოგება სხვადასხვა საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს მრავალი განსხვავებული არასაოპერაციო ხარჯი, როგორიცაა გადასახადები და ვალის მომსახურების დანახარჯები და ისინი წმინდა მოგებაზე ზემოქმედებს. კომპანიის წმინდა მოგება ზუსტად არ ასახავს მის ფულად ნაკადებს ან ბიზნესის სიჯანსაღეს.
გარდა ამისა, კომპანიების მმართველ გუნდებს შეუძლიათ EPS მაჩვენებლებით მანიპულირება აქციების რაოდენობის შეცვლის გზით. აქციების გამოშვება, დაყოფა და გამოსყიდვა ცვლის მნიშვნელს, რის შედეგადაც მთლიანი ტოლობაც იცვლება.
EPS მაჩვენებლების გამოყენება ყველაზე სასარგებლოა სხვა მეტრიკებთან კომბინაციაში. ორი ყველაზე გავრცელებულია P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი, რომელიც კომპანიის თითო აქციის ფასს მის EPS-ს ადარებს და ROE (უკუგება კაპიტალზე), რომელიც კომპანიის წმინდა მოგებას აქციონერთა კაპიტალთან აფარდებს.
ძირითადი EPS vs განზავებული EPS
განზავებული EPS, ზემოთ აღწერილი ძირითადი მეტრიკისგან განსხვავებით, ყველა პოტენციურ აქციას ითვალისწინებს. განზავებული EPS-ის გამოსათვლელად, ფინანსური ინსტრუმენტები, როგორიცაა კონვერტირებადი დავალიანება და თანამშრომელთა ოფციონები (ხშირად გამოიყენება კაპიტალის მოსაზიდად და თანამშრომლების მოტივაციისთვის) გამოშვებული აქციების რაოდენობას უნდა დაემატოს.
მოდით გამოვთვალოთ განზავებული EPS ზემოთ განხილული X კომპანიისთვის. დავუშვათ, ფირმამ თანამშრომლებს გადასცა 6,500,000 ოფციონი, რის შედეგადაც მთლიანი აქციების რაოდენობა 451,500,000-მდე გაიზარდა. ამ შემთხვევაში იგივე წმინდა მოგება, ანუ $4,500,000,000 უნდა გავყოთ 451,500,000-ზე და გამოვა, რომ განზავებული EPS დაახლოებით $9.97-ს შეადგენს.
კომპანიის შეფასების მოდელებში გამოიყენება სრულად განზავებული EPS, რადგან ის უფრო კონსერვატიული მაჩვენებელია. დროთა განმავლობაში აქციების რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით სწრაფად მზარდი კომპანიებისთვის, რომლებიც აქციების გამოშვების შესაძლებლობებს გაფართოებისთვის იყენებენ.
ჩვეულებრივი EPS vs კორექტირებული EPS
კომპანიები ხშირად აქვეყნებენ EPS მაჩვენებლებს ისე, რომ წმინდა მოგებაში არ არის გათვალისწინებული ერთჯერადი მოგება ან ხარჯები (მაგალითად, ბიზნეს ერთეულის გაყიდვები ან სტიქიური უბედურების შედეგად მიღებული ზარალი). ამას კორექტირებული EPS ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის კორექტირებული EPS შეიძლება მისი მუშაობის უფრო ზუსტი მაჩვენებელი იყოს, ზოგიერთი ფირმა ამ მეთოდს „აგრესიულად“ იყენებს და კორექტირებული EPS-ის ხელოვნურად გასაზრდელად თაღლითურ გზებსაც მიმართავს.
რა არის კარგი EPS?
კარგი EPS განისაზღვრება ნაკლებად თითო აქციაზე მოგების აბსოლუტური მნიშვნელობით და უფრო მეტად მისი წლიური ცვლილებით. კომპანიის EPS-ის აბსოლუტური მნიშვნელობა ყოველწლიურად უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ ასევე უნდა დაჩქარდეს მისი ზრდის ტემპი.
კომპანიის EPS შეიძლება დროის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებული იყოს მოგების ან აქციების საერთო რაოდენობის ცვალებადობის ან ორივე ფაქტორიდან გამომდინარე. კომპანიას შეუძლია თავისი EPS გააუმჯობესოს წმინდა მოგების გაზრდით ან აქციების რაოდენობის შემცირებით (აქციების გამოსყიდვის გზით).