ეკონომიკური კოლაფსი არის ეროვნული, რეგიონული ან ტერიტორიული ეკონომიკის რღვევა, რომელიც, როგორც წესი, კრიზისის პერიოდს მოჰყვება. ეკონომიკური კოლაფსი ხდება ეკონომიკური შეკუმშვის, დეპრესიის ან რეცესიის მძიმე ვერსიის დაწყებისას და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი, რაც გარემოებების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ეკონომიკური კოლაფსი შეიძლება სწრაფად დადგეს მოულოდნელი მოვლენის გამო, ასევე მას შეიძლება წინ უძღოდეს რამდენიმე მოვლენა ან ნიშანი, რომელიც ეკონომიკის სისუსტეზე მიუთითებს.
ეკონომიკური კოლაფსის გააზრება
ეკონომიკური კოლაფსი ექსტრაორდინარული მოვლენაა, რომელიც სულაც არ არის სტანდარტული ეკონომიკური ციკლის ნაწილი. ის შეიძლება მოხდეს ციკლის ნებისმიერ მომენტში, გადაიზარდოს შეკუმშვის და რეცესიის ფაზაში. სრული ეკონომიკური ციკლი ასეთია: ეკონომიკური აღმავლობა, ანუ ექსპანსია, პიკი, შეკუმშვა და რეცესია. მიუხედავად იმისა, რომ კოლაფსი უფრო სავარაუდოა ეკონომიკაში, რომელიც უკვე ვარდნის ფაზაშია, „შავი გედის“ მოვლენებმა ან გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებმა შეიძლება კოლაფსი ციკლის ნებისმიერი წერტილში გამოიწვიოს.
შეკუმშვისა და რეცესიებისგან განსხვავებით, ეკონომიკური კოლაფსისთვის შეთანხმებული საერთო კურსი არ არსებობს. ამის ნაცვლად, ეს ტერმინი წარმოადგენს იარლიყს, რომელიც შეიძლება ეკონომისტებმა და სახელმწიფო მოხელეებმა ფაქტობრივი მოვლენიდან თვეების ან წლების შემდეგ გამოიყენონ.
ეკონომიკურ კოლაფსზე რეაგირება
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა მაინც განიცდის კოლაფსს, არსებობს ძლიერი სტიმული მთავრობებისთვის, შეაჩერონ ან შეამცირონ ეკონომიკური კოლაფსის სიმძიმე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით. ეკონომიკურ კოლაფსს ხშირად ინტერვენციისა და ფისკალური ზომების რამდენიმე ტალღით ებრძვიან. მაგალითად, ბანკებმა შეიძლება შეზღუდონ თანხების გატანა, შესაძლოა, მილიარდები იქნას შეტანილი ეკონომიკაში საბანკო სისტემის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია, მთელი ვალუტა გადაფასდეს ან თუნდაც შეიცვალოს. მიუხედავად მთავრობის მცდელობებისა, ზოგიერთი ეკონომიკური კოლაფსი იწვევს ხელისუფლების სრულ დამხობას, ეკონომიკური კოლაფსზე და მის წინააღმდეგ მიღებულ არაეფექტურ ზომებზე პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.
ეკონომიკურ კოლაფსს თითქმის ყოველთვის მოჰყვება მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მომავალში მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილებისკენ არის მიმართული. ეს ცვლილებები, როგორც წესი, ეყრდნობა კოლაფსის შემდგომ ანალიზს, რომელიც მიზნად ისახავს ამ არასასურველი მოვლენისკენ მიმავალი ძირითადი ფაქტორების იდენტიფიცირებას და მომავალში ამ რისკების შემცირების მიზნით, კანონმდებლობაში კონტროლის მექანიზმების ინტეგრირებას. დროთა განმავლობაში, ეს ფინანსური კონტროლი შეიძლება შესუსტდეს, რაც ბაზრის სარისკო ქცევის რეგულირების შერბილებას გამოიწვევს, რადგან ეკონომიკური კოლაფსის შესახებ ხსოვნა ქრება.
ისტორიული მაგალითები
ისტორიის მანძილზე ეკონომიკური კოლაფსის მრავალი მაგალითი არსებობს. თითოეულ მათგანს, როგორც წესი, თავისი განსაკუთრებული გარემოებები და ფაქტორები გააჩნია, თუმცა ზოგიერთი შემთხვევა ამ კუთხით მსგავსია. ხშირად ეს ფაქტორები შერეულია ბევრ მაკროეკონომიკურ გარემოებასთან, რომლებიც შეკუმშვისა და რეცესიის დროს იჩენს თავს, როგორიცაა ჰიპერინფლაცია, სტაგფლაცია, საფონდო ბირჟის კრახი, ხანგრძლივი bear market, დაუბალანსებელი საპროცენტო და ინფლაციის განაკვეთები. რა თქმა უნდა, ეკონომიკური კოლაფსი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ექსტრაორდინარულმა ფაქტორებმა, როგორებიც არის მთავრობის დამღუპველი პოლიტიკა, ომი, შიმშილი და ა. შ.
შეერთებულ შტატებში, 1930-იანი წლების დიდი დეპრესია რჩება ეკონომიკური კოლაფსის მთავარ მაგალითად, როგორც ყველაზე დიდი ზიანის, ასევე ხანგრძლივობის თვალსაზრისით. 1929 წლის საფონდო ბირჟის კრახი კოლაფსის მთავარი კატალიზატორი იყო, მაგრამ ამას დაემატა მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და სისტემური სისუსტეები. აშშ-ის ეკონომიკის მრავალწლიან ეკონომიკურ კოლაფსს მოჰყვა მარეგულირებელი რეფორმები, რომლებიც საინვესტიციო და საბანკო ინდუსტრიებზე ზემოქმედებდა. ბევრი ეკონომისტი ამ კოლაფსში ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებში მთავრობის ჩართულობის ნაკლებობას ადანაშაულებდა.
ასევე სხვადასხვა ეკონომიკური კოლაფსის მაგალითები მოიცავს საბჭოთა კავშირს, ლათინურ ამერიკას, საბერძნეთს, არგენტინას და ა. შ. საბერძნეთისა და არგენტინის შემთხვევაში ეკონომიკური კოლაფსი სუვერენული ვალის სერიოზულმა პრობლემებმა გამოიწვია. ორივე ქვეყანაში ამ მდგომარეობამ განაპირობა ამბოხება, ვალუტის კურსის ვარდნა, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის ზრდა და, საბოლოოდ, მთავრობის შეცვლა.
2020 წლის COVID-19-ის პანდემია, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა გარეგანი შოკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ ვარდნას იწვევს.