საფონდო ბირჟაზე ინვესტირება შეიძლება ზოგი ადამიანისთვის სტრესული გამოცდილება იყოს. კონკრეტული აქციების ზედმეტად ადრე ყიდვით რისკავთ, რომ გადაწყვეტილებას ინანებთ, თუ მათი ფასი დაეცემა. ხოლო თუ ყიდვას დააყოვნებთ და საბოლოოდ ფასი გაიზრდება, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობით გამოწვეული სინანული დაგეუფლებათ. თუმცა არსებობს ერთი სტრატეგია, რომელიც შეიძლება ასეთი სიტუაციაში დაგეხმაროთ.
ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება არის სტრატეგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ზემოთ ნახსენები რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს პოზიციების დროთა განმავლობაში „აშენების“ წყალობით. ეს მეთოდი რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაში დაგეხმარებათ. ამ სტრატეგიით მოქმედებისას გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ ინვესტიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და სხვა, თქვენთვის კომფორტული, შუალედებით ჩადოთ. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. აქციებს ყიდულობთ როგორც მაქსიმალური ფასების, ასევე მათი ვარდნის პირობებში, რათა საბოლოოდ ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.
ეს სტრატეგია უფრო გასაგები რომ გახდეს, მოდით, პრაქტიკული მაგალითი განვიხილოთ. დავუშვათ, საფუძვლიანი კვლევის ჩატარების შემდეგ დაადგინეთ, რომ კომპანია X თქვენთვის მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობაა და გსურთ, მასში $10,000 დააბანდოთ. თუმცა შეამჩნიეთ, რომ ამ კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდება და არ ხართ დარწმუნებული, რომ მოცემულ მომენტში მათში გადახდილი ფასი თქვენთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ კომპანია X-ში ახლავე $10,000 დააბანდოთ, შეგიძლიათ, მასში, მომდევნო 5 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად $2,000 ჩადოთ.
რატომ მუშაობს ეს სტრატეგია?
ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება მუშაობს, რადგან ის გვათავისუფლებს გარკვეული ემოციური სტრესისგან, რომელიც თან ახლავს ინვესტირების პროცესს. განსაზღვრული გრაფიკის დაცვის შემთხვევაში არ მოგიწევთ აქციების ყოველდღიური ფასის მონიტორინგი.
დავუბრუნდეთ ჩვენს პრაქტიკულ მაგალითს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დავუშვათ, ზედიზედ 5 თვის განმავლობაში ყოველთვიურად X კომპანიის $2,000-ის ღირებულების აქციებს ყიდულობთ. მოდით, ასევე ვთქვათ, რომ ინვესტირების დღეებში X კომპანიის აქციების ფასები, შესაბამისად, ასეთია: $50, $40, $20, $40 და $50. ამ ხუთი თვის განმავლობაში, აქციების ფასი მივიდა ისევ იმ ნიშნულამდე, საიდანაც ჩვენი პატარა „საინვესტიციო მოგზაურობა“ დაიწყო. თუმცა ამ დროის განმავლობაში ფასი მნიშვნელოვნად მერყეობდა.
თქვენი ტრანზაქციები აი ასე გამოიყურება :
თვე | ინვესტიციის ოდენობა | თითო აქციის ფასი | შეძენილი აქციების რაოდენობა |
---|---|---|---|
1 | $2,000 | $50 | 40 |
2 | $2,000 | $40 | 50 |
3 | $2,000 | $20 | 100 |
4 | $2,000 | $40 | 50 |
5 | $2,000 | $50 | 40 |
ჯამი | $10,000 | $35.71 (საშუალო) | 280 |
გაითვალისწინეთ, რომ ამ მაგალითში, X კომპანიაში პირველ დღესვე $10,000-იანი ინვესტიცია რომ ჩაგედოთ, საბოლოოდ თქვენს პორტფელში მისი 200 აქცია იქნებოდა. ასე რომ, ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიით თქვენ იმავე თანხით მეტი აქციის შეძენა შეძელით. ცხადია, ეს ყოველთვის ასე არ მოხდება. თუ აქციების ფასი მუდმივად გაიზრდება, საბოლოოდ თქვენ უფრო ნაკლებ აქციას მიიღებთ.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ესა თუ ის საინვესტიციო სტრატეგია კარგად მუშაობს მაშინ, როდესაც აქციებს სწორად არჩევთ. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოებას შეუძლია, შეგიმსუბუქოთ სტრესის დონე, მაგრამ კომპანიები თავად უნდა შეარჩიოთ. შეგიძლიათ ეს სტრატეგია გამოიყენოთ ნებისმიერი ინვესტიციისთვის, იქნება ეს აქცია, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, თუ ETF (საბირჟო ვაჭრობის ფონდი).
ზოგადად, ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგია საუკეთესოდ მუშაობს bear market-ის პერიოდში და იმ ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, რომლებსაც ფასების მკვეთრი ცვლილებები ახასიათებს.