ბიზნესის უმეტესობა ცდილობს, მაქსიმალურად გაზარდოს შემოსავალი ან მოგება, მაგრამ წარმადობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი (KPI) არის საშუალო შემოსავალი თითო მომხმარებელზე (ARPU), რომელიც შემოსავლისა და მოგების მთავარი მამოძრავებელია. შესაძლოა, ARPU უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე — მთლიანი შემოსავალი, რადგან ის აჩვენებს, რომ კომპანია შემოსავალს უბრალოდ ახალი მომხმარებლების დამატების ხარჯზე (შესაძლოა ფასდაკლებით) არ ზრდის.
რა არის ARPU?
ARPU არის მარტივი ფინანსური მეტრიკა, რომელსაც ინვესტორები და ბიზნეს მენეჯერები იყენებენ იმის გასაზომად, თუ საშუალოდ რა მოცულობის შემოსავალი მოაქვს თითო მომხმარებელს ბიზნესისთვის მოცემულ პერიოდში, მაგალითად, წელიწადში, კვარტალში ან თვეში.
ამ მაჩვენებლის გამოსათვლელად მთლიანი შემოსავალი უნდა გაყოთ იმ მომხმარებლების რაოდენობაზე, რომელიც კომპანიას საანგარიშო დროის პერიოდში ჰყავდა.
როგორ გამოიყენება ARPU?
ARPU-ს ბიზნესების ფართო სპექტრი იყენებს. თუმცა, როგორც სიტყვა „user“ მიგვანიშნებს, მას ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიები ეყრდნობიან.
ეს მაჩვენებელი სასარგებლოა გამოწერაზე დაფუძნებული ან სოციალური მედიის კომპანიისთვის, რომლისთვისაც მომხმარებელი ღირებულების ძირითად ერთეულს წარმოადგენს. ARPU არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეტრიკა იმის გასაზომად, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიმუშავებს ბიზნესი ფულს ამ მომხმარებლებისგან.
საცალო ბიზნესში ამ მაჩვენებლის მსგავსია გაყიდვები კვადრატულ ფუტზე, ხოლო სარესტორნო სეგმენტში — გაყიდვების საშუალო მოცულობა თითო ლოკაციაზე. ეს ორივე მეტრიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებენ ეს ბიზნესები თავიანთ სივრცეებს.
ყველა სხვა თანაბარ პირობებში, ერთსა და იმავე ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესებიდან უფრო მაღალი ARPU-ს მქონე, როგორც წესი, უფრო ძლიერია. მაგალითად, Meta Platforms-ის Facebook-ის ARPU ბევრად მაღალია, ვიდრე მისი კონკურენტების, როგორებიც არის Snapchat და Pinterest.
რატომ არის ARPU მნიშვნელოვანი?
ARPU-ს შეუძლია ინვესტორებს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს. მაგალითად, ამ მაჩვენებლის ზრდა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ძირითადი ბიზნესი უმჯობესდება. ARPU ასევე კარგი მეტრიკაა იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა მოვლენა (მაგალითად, ინფლაცია ან მაღალი საპროცენტო განაკვეთები) კომპანიაზე.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ARPU ერთი ბიზნესის მეორესთან შესადარებლად და ზოგიერთი ფინანსური ანგარიშგება ასევე საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, საშუალოდ რა მოგება მიიღო კონკრეტულმა კომპანიამ ერთი მომხმარებლისგან.
ARPU გთავაზობთ განტოლების ნახევარს, რომელიც საჭიროა იმის გასაგებად, თუ რა შემოსავალი აქვს ბიზნესს — მეორე ნახევარი მომხმარებელთა რაოდენობაა.
ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვანია. თუმცა, კონკრეტული ინდუსტრიების შემთხვევაში, ARPU-ზე დაკვირვება უფრო მეტს მოგვცემს, ვიდრე — მომხმარებლების რაოდენობაზე. როგორც წესი, სოციალური მედიის კომპანია ფულს რეკლამირებიდან გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში შემოსავლის გაუმჯობესება უფრო მარტივია ARPU-ს გაზრდით, ვიდრე — ახალი მომხმარებლების დამატებით.
სოციალურ მედიაში ARPU არის ასახვა იმისა, თუ რა ღირებულებას იღებენ რეკლამის განმთავსებლები პლატფორმისგან. მომხმარებელთა ბაზის გაზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ პლატფორმების უმეტესობას ზრდის ზედა ზღვარი აქვს, რადგან კონკრეტული სერვისით ადამიანების შეზღუდული რაოდენობაა დაინტერესებული.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.