არსებობს უამრავი კონგიტური მიკერძოება, რომელმაც შეიძლება ინვესტორი შეცდომაში შეიყვანოს — მათ შორის არის „ღუზის ეფექტიც“. შესაძლოა, მან მნიშვნელოვნად გაართულოს ისეთი ფინანსური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მოცემულ მომენტში ჩვენთვის საუკეთესოა.
რა არის „ღუზის ეფექტი“ ინვესტირებაში?
„ღუზის ეფექტი“ არის კონცეფცია ქცევით ეკონომიკაში — ის აღწერს პირს, რომელიც ფინანსურ გადაწყვეტილებას არარელევანტური მონაცემების საფუძველზე იღებს. ეს მონაცემი არის წამყვანი იმ შემთხვევაშიც, თუ ინდივიდს, მის მხარდასაჭერად, რაიმე რეალური ინფორმაცია არ გააჩნია.
„ღუზის ეფექტი“ ხშირად იჩენს თავს მაშინ, როდესაც საქმე გაქვთ შესყიდვასთან ან ფინანსურ გადაწყვეტილებასთან, რომლის შეფასებაც ადვილი არ არის. როცა ადამიანი ამ ხაფანგში ებმება, ის ეყრდნობა მონაცემებს, რომლებიც რელევანტური ჩანს და მათ ახალი ფინანსური თეზისის შესაქმნელად იყენებს. ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ინვესტორებისთვის მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდეს — „ღუზის ეფექტი“ შეიძლება საკმაოდ ძვირადღირებული შეცდომა გახდეს.
„ღუზის ეფექტის“ მაგალითები
მოდით, განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც „ღუზის ეფექტის“ არსის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება.
მაგალითი 1. გსურთ, ანტიკვარულ მაღაზიაში შეიძინოთ უნიკალური ავეჯი ფიქსირებული ბიუჯეტით — $1,000. პოულობთ ნივთს, რომელიც, თქვენი აზრით, იდეალური იქნება თქვენი საჭიროებისთვის, მაგრამ მისი ფასი $1,500-ს შეადგენს. ანტიკვარულ ავეჯში გამოცდილება არ გაგაჩნიათ, მაგრამ იარლიყზე მითითებული რიცხვი გაფიქრებინებთ, რომ ნივთი $1,500 უნდა ღირდეს. ახლა კი ეს თანხა ხდება თქვენთვის ფიქსატორი, ანუ „ღუზა“.
თუ მფლობელთან მოლაპარაკებას ეცდებით და საბოლოოდ ნივთს $1,250-ად შეიძენთ, დაიჯერებთ, რომ ხელი კარგ გარიგებას გამოჰკარით, რადგან თქვენმა ტვინმა, პოტენციურად მცდარი მონაცემების საფუძველზე, გადაწყვიტა, რომ ნივთის ღირებულება $1,500 იყო. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში, თქვენ ყიდულობთ რაღაცას საკუთარი თავისთვის, ასე რომ, შინაგანი ღირებულება გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ინვესტირების შემთხვევაში.
მაგალითი 2. თქვენი მეგობარი აღფრთოვანებულია XYZ კომპანიით, რადგან უკვე თვეებია, რაც ბირჟაზე მისი აქციების ფასი მკვეთრად იზრდება. საბოლოოდ თქვენც გადაწყვიტეთ, რომ ინვესტიცია ჩადოთ, რადგან მეგობრის თქმით, ფასი გამუდმებით მატულობს და შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თქვენ ყიდულობთ აქციებს — თითოს $100-ად, რაც თქვენი „ღუზა“ ხდება.
სამწუხაროდ, საკუთარი კვლევა არ ჩაატარეთ და გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მეგობრის რჩევას დაეყრდენით. აქციების ფასი $85-მდე მცირდება, მაგრამ თქვენი „ღუზა“ კვლავ $100-ზეა დაფიქსირებული. ამიტომ უმოქმედოთ ხართ, მიუხედავად იმისა, რომ არ იცით, რა იწვევს ვარდნას. თქვენი ტვინი, „ღუზის ეფექტიდან“ გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ XYZ კომპანიის აქცია მინიმუმ $100 ღირს.
ერთი თვის შემდეგ ფასი $65-მდე მცირდება და თქვენ კვლავ ელით ნიშნულის მაღლა აწევას. ძალიან დიდხანს რჩებით ამ ხაფანგში, საბოლოოდ აქციებს $50-ად ყიდით და თქვენი ინვესტიციის 50%-ს კარგავთ.
როგორ შეძლებთ „ღუზის ეფექტის“ სათქვენოდ გამოყენებას?
„ღუზის ეფექტმა“ შეიძლება დიდი ზიანი მოგაყენოთ, მაგრამ, თუ საკმარისად საზრიანი ხართ, მისი გაცნობიერება პირიქით, სარგებელს მოგიტანთ. როდესაც თქვენ ყიდით ნივთს, მაგალითად ანტიკვარულ ავეჯს, რომლისთვისაც ჩვენს პირველ მაგალითში ზედმეტად ძვირი გადაიხადეთ, შეგიძლიათ თავდაპირველად მას რეალურზე მაღალი ფასი დაადოთ — ბევრი ადამიანი ამას პრაქტიკაში იყენებს.
„ღუზის ეფექტის“ თავიდან აცილება
როგორც ინვესტორმა, უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, რათა „ღუზის ეფექტი“ თავიდან აიცილოთ. ქვემოთ მოცემულია ძირითადი რჩევები, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ:
- ჩაატარეთ საკუთარი კვლევა და საფუძვლიანად შეისწავლეთ საინვესტიციო შესაძლებლობები;
- თუ ინვესტიცია თქვენს კრიტერიუმებს არ შეესაბამება, „არას“ თქმა უნდა შეძლოთ;
- დააკვირდით მთლიან ბაზარს და არა მხოლოდ კონკრეტულ ინდუსტრიას ან კომპანიას.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.