ტერმინი Fortune 500 აღნიშნავს აშშ-ში 500 უმსხვილესი კომპანიის სიას, რომელსაც ყოველწლიურად ჟურნალი Fortune ადგენს. კომპანიების რანჟირება ხდება მათი შესაბამისი ფისკალური წლების შემოსავლების მიხედვით. ეს სია, საჯაროდ ხელმისაწვდომი საშემოსავლო მონაცემების საფუძველზე, მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო კომპანიებს. Fortune 500 სიაში მოხვედრა კომპანიებისთვის პრესტიჟის საკითხს წარმოადგენს.
Fortune 500-ის გააზრება
ჟურნალი Fortune 1929 წელს ჰენრი რობინსონ ლუსის მიერ დაარსდა. მისი პირველი ნომერი მომდევნო წელს გამოიცა და მას შემდეგ Fortune მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს გამოცემა გახდა.
ჟურნალმა ყველაზე წარმატებული ამერიკული კომპანიების (როგორც საჯარო, ისე კერძო) პირველი სია, 1955 წელს შეადგინა. ის შექმნა რედაქტორმა ედგარ პ. სმიტმა, რათა ამერიკული ბიზნეს სეგმენტის ზომა და ძალაუფლება გაეზომა. თავდაპირველად ამ სიას Fortune Industrial 500 ეწოდებოდა.
Fortune 500-ის კვლევა მოიცავს საჯარო და კერძო კომპანიებს, რომლებიც დაფუძნებულნი არიან და მოქმედებენ შეერთებულ შტატებში და წარადგენენ ფინანსურ ანგარიშგებას სამთავრობო უწყებებში.
Fortune 500 სიიდან გამორიცხულია კერძო კომპანიები, რომლებიც არ წარადგენენ ფინანსურ ანგარიშგებას სამთავრობო უწყებებში, ასევე უცხოური კორპორაციები, სხვა კომპანიების მიერ კონსოლიდირებული ამერიკული კომპანიები და ისინი, რომლებიც მიმდინარე ფისკალური წლის მინიმუმ სამი კვარტლის განმავლობაში სრული ფინანსური ანგარიშგების წარდგენას უგულებელყოფენ.
Fortune 500 სიის არსებობის ისტორიის მანძილზე მასში 1,800-ზე მეტი ამერიკული კომპანია მოხვდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი სიის შემდეგ Fortune 500 მნიშვნელოვნად შეიცვალა.
Fortune 500 სია ხშირად შეიძლება იყოს მეტყველი ნიშანი იმისა, თუ რამდენად ძლიერია ეკონომიკა ან ჰქონდა თუ არა ადგილი ეკონომიკურ აღდგენას ცუდი წარმადობის წლების შემდეგ.
Fortune 500-ის ისტორია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Fortune 500 სიის შექმნის იდეა წამოვიდა ედგარ პ. სმიტისგან, რომელიც Fortune-ის მმართველი რედაქტორის თანაშემწე იყო. სმიტის იდეამ მოწონება დაიმსახურა და ის პოპულარული წლიური სიის საფუძვლად იქცა. თავდაპირველი Fortune 500 სიები მოიცავდა მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებდნენ წარმოების, სამთო მოპოვებისა და ენერგეტიკის სექტორებში, რაც მრავალი ცნობილი კომპანიისთვის ამ სიაში ჩართვას ზღუდავდა. Fortune 500 სიაში ადგილის უზრუნველსაყოფად კომპანიას წლიურად მინიმუმ $49.7 მილიონის მოცულობის შემოსავალი უნდა გამოემუშავებინა. პირველ, 1955 წლის Fortune 500 სიაში General Motors (GM) იყო საუკეთესო კომპანია, რომლის წლიური შემოსავალიც $9.8 მილიარდს შეადგენდა.
Fortune 500-მა უდიდესი ცვლილება განიცადა 1995 წელს. ახალ სიაში კვლავ შედიოდა კომპანიები წარმოების, სამთო მოპოვებისა და ენერგეტიკული ინდუსტრიებიდან, მაგრამ ის ასევე მოიცავდა ფირმებს მომსახურების სექტორიდან. ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა Fortune 500 სიის მომავალზე.