ინვესტიციის კონცეფციამ, შესაძლოა, გონებაში ჩამოგიყალიბოთ სურათი უოლ სტრიტზე მოღვაწე საქმიან სამოსში გამოწყობილი მამაკაცისა, რომელსაც მოულოდნელი ფინანსური უბედურების დასაფარად საკმარისი ფინანსური რესურსები გააჩნია. თუმცა, პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ინვესტირების დასაწყებად ექვსნიშნა ხელფასი არ გჭირდებათ.
იმან, თუ რამდენი (უფრო სწორად რამდენად ცოტა) ფული გაქვთ ინვესტირების დასაწყებად, არ უნდა შეგაჩეროთ. მაშინაც კი, თუ მხოლოდ ცოტაოდენი თავისუფალი ფულადი სახსრები გაგაჩნიათ, თქვენ მხოლოდ საინვესტიციო გეგმა და ამ საქმისადმი თავის მიძღვნა გჭირდებათ. ყოველივე ამის შემდეგ, სიმდიდრის დაგროვება მხოლოდ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას გულისხმობს.
ინვესტიციისთვის ფულის დაზოგვის დასაწყებად ერთ-ერთი უტყუარი გზა არის 50/30/20-ის წესის დაცვა. ამ სტატიაში გაიგებთ ყველაფერს, რაც ამ წესის შესახებ უნდა იცოდეთ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ინვესტირებისთვის.
რა არის 50/30/20-ის წესი?
50/30/20-ის წესი თქვენს შემოსავალს (გადასახადების გადახდის შემდეგ) სამ კატეგორიად ყოფს:
- 50% აუცილებელი საჭიროებებისთვის (მაგ. სასურსათო პროდუქტები, ქირავნობის ან იპოთეკის გადახდა, მანქანის დაზღვევა, ჯანდაცვა, სტუდენტური სესხის გადახდა, კომუნალური მომსახურება და ა. შ.)
- 30% თქვენი სურვილებისთვის (მაგ. ფინჯანი ყავა ყოველ დილით, Netflix-ის ანგარიში, Spotify Premium, განტვირთვა შაბათ-კვირას და ა. შ.)
- 20% დანაზოგისა და ინვესტირებისთვის (ბანკის შემნახველი ანგარიში, IRA (ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში) შენატანები, ინვესტირება საფონდო ბირჟაზე და ა.შ.)
დასაწყებად, უნდა განსაზღვროთ თქვენი შემოსავალი, რომელიც გადასახადებისა და დაზღვევის საფასურის გადახდის შემდეგ რჩება. ზუსტი თანხის განსაზღვრის შემდეგ, შეგიძლიათ ის 50/30/20-ის წესის მიხედვით გაანაწილოთ.
როგორ შეძლებთ 50/30/20-ის წესის დაცვას?
თქვენი შემოსავლის 50%-ის აუცილებელი საჭიროებებისთვის, 20%-ის – სურვილებისთვის, ხოლო 20%-ის – დანაზოგებისა და ინვესტირებისთვის გადანაწილება, შეიძლება, შეუძლებელი ჩანდეს. მაგრამ, ისევ და ისევ, ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება და ძველი სახიფათო გზების დარღვევა მთავარია.
- შეზღუდეთ თქვენი საჭიროებები
რა თქმა უნდა, თქვენ აუცილებლად უნდა გასწიოთ ხარჯებზე აუცილებელ საჭიროებებზე და ამას ვერ გაექცევით, მაგრამ არსებობს გზები, რომლითაც ზოგიერთი მათგანის შემცირებას შეძლებთ.
მაგალითად, სასურსათო პროდუქტებს ყოველ კვირა ყიდულობთ და სხვაგვარად შეუძლებელია, თუმცა შეგიძლიათ უფრო იაფი პროდუქტები შეარჩიოთ ან იმ მაღაზიაში წახვიდეთ, რომელშიც უფრო დაბალი ფასებია. შესაძლოა, დროა შეიძინოთ უფრო ხელმისაწვდომი დაზღვევის პაკეტი და კარგი იქნება თუ თქვენს საკრედიტო ბარათზე გადახდების ზედა ზღვარს დააწესებთ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: აუცილებელია ეს გადახდები მომდევნო თვესაც ასეთი მაღალი იყოს?
- პრიორიტეტების მიხედვით დაახარისხეთ თქვენი სურვილები
რა თანხის დაზოგვას შეძლებდით, თუ ყავას, კაფეში ყიდვის ნაცვლად, ყოველ დილით სახლში მოამზადებდით? ანალოგიურად, სმარტფონის რამდენი ისეთი აპლიკაციისთვის იხდით გადასახადს, რომელსაც თითქმის არ იყენებთ? ნამდვილად გჭირდებათ ამ თვეში ახალი ფეხსაცმელი თუ მომავალ თვემდე მოცდა შეგიძლიათ?
ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურვილები გვერდზე უნდა გადადოთ, უბრალოდ განსაზღვრეთ რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის, დაუსვით საკუთარ თავს კითხვები და გაიაზრეთ, რა არის ის რასაც ყიდულობთ, მაგრამ რეალურად არ გჭირდებათ.
- დარჩენილი თანხა დააბანდეთ
მას შემდეგ, რაც დაფარავთ ყველა საჭირო ხარჯს და სურვილებსაც დაიკმაყოფილებთ, შეგიძლიათ, დარჩენილი თანხით (რომელიც თქვენი შემოსავლის 20%-ს უნდა შეადგენდეს) ინვესტიცია ჩადოთ. შესაძლოა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ მცირე თანხა იყოს, მაგრამ არა უშავს. მცირედით დაწყება ბევრად უკეთესია ვიდრე ამ საქმის გადადება.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფასიან ქაღალდში, ფონდში თუ სხვა საინვესტიციო შესაძლებლობებში ფულის დაბანდებისთვის დაწესებულია თანხის მინიმალური ზღვარი (მინიმალური თანხა ან აქციების მინიმალური რაოდენობა), თქვენ მაინც გაქვთ შესაძლებლობა ინვესტირება მცირედი თანხით დაიწყოთ. დამწყები ინვესტორებისთვის, შეიძლება, რთული იყოს ამ მინიმალური ზღვრის წესის შესრულება, რადგან თუნდაც ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს მხოლოდ ერთ ფონდში ინვესტირებას. მაგრამ არსებობს რამდენიმე ვარიანტი დაბალი მინიმალური ზღვრით ან საერთოდ ზღვრის გარეშე, რაც ინვესტიციას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. მაგალითად, ზოგიერთი ურთიერთდახმარების ფონდი უფლებას მოგცემთ შესყიდვა სულ რაღაც $5-ით განახორციელოთ.
ყოველივე ამის შემდეგ, შეიძლება დაგჭირდეთ სარეზერვო ფონდის შექმნა. ეს იმისთვის, რომ თქვენს ინვესტიციებს ზრდის საშუალება მისცეთ და იმავდროულად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები გაგაჩნდეთ.
როგორც კი დანაზოგი გექნებათ, შეგიძლიათ გრძელვადიან ფინანსურ უსაფრთხოებაზე ფოკუსირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიცია უფრო სარისკოა, ვიდრე დანაზოგი, პირველი მათგანის საშუალებით თქვენი ფულის გაზრდის უფრო მეტი პოტენციალი არსებობს.
50/30/20-ის წესის მაგალითი
დავუშვათ, გადასახადების გადახდის შემდეგ, თქვენი ყოველთვიური შემოსავალი არის 5,000 ლარი. 50/30/20-ის წესის თანახმად, თქვენი შემოსავალი ასე ნაწილდება:
- 50% = ₾2,500 აუცილებელი საჭიროებებისთვის
- 30% = ₾1,500 სურვილებისთვის
- 20% = ₾1,000 დანაზოგებისა და ინვესტირებისთვის
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 50/30/20-ის წესს, შესაძლოა, სერიოზული კორექცია დასჭირდეს, რაც ხშირად მსხვერპლს ან კომპრომისს ნიშნავს. თქვენზეა დამოკიდებული გადადგამთ თუ არა ნაბიჯებს საჭიროებებისა და სურვილების შემცირების კუთხით.
საბოლოო ჯამში 50/30/20-ის წესი არის მხოლოდ კონცეფცია, რომელიც უნდა გვახსოვდეს, რათა საინვესტიციო გეგმის ერთგულნი დავრჩეთ. შესაძლოა თქვენთვის 70/20/10 უკეთ მუშაობდეს ან სრულიად სხვა პროპორციები აირჩიოთ. მთავარი აზრი ის არის, რომ შეადგინოთ გეგმა და მას მიჰყვეთ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.