გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Oracle, Johnson Controls და Rivian Automotive.
Oracle
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Oracle-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის აქციების ფასი 12%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის გაუმჯობესებული.
ამ ფისკალური წლის მეორე კვარტალში, რომელიც 30 ნოემბერს დასრულდა, Oracle-ის შემოსავალი წლიდან წლამდე დაახლოებით 5%-ით — $12.94 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $13.05 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 11%-ით მოიმატა და $1.34 შეადგინა (პროგნოზი — $1.33). ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS $0.89 იყო, რაც უოლ სტრიტის საშუალო პროგნოზს შეესაბამებოდა.
Oracle-ის ქლაუდ სერვისებისა და ლიცენზიების მხარდაჭერის შემოსავალი კვარტალში წლიდან წლამდე მხოლოდ 12%-ით — $9.6 მილიარდამდე გაიზარდა. ზრდის ეს დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმას, რასაც ქლაუდ სეგმენტში მოღვაწე საუკეთესო მოთამაშეები აფიქსირებენ, მათ შორის Amazon, Microsoft და Alphabet.
მეორე მხრივ, Oracle-ის მენეჯმენტი ამბობს, რომ მოთხოვნა ქლაუდ ინფრასტრუქტურასა და გენერაციულ სერვისებზე შთამბეჭდავი ტემპით იზრდება და ეს ხელშემწყობი ფაქტორი შემდგომში გაყიდვებს გაზრდის. მომსახურების მიწოდების დარჩენილი ვალდებულებები (ეს მეტრიკა ასახავს სერვისებს, რომლებიც კონტრაქტით გათვალისწინებულია, მაგრამ ჯერ არ არის მიწოდებული და რეალიზებული, როგორც შემოსავალი) კვარტლის ბოლოს $65 მილიარდზე მეტს შეადგენდა. Cerner-ის ჯანდაცვის განყოფილების გამოკლებით, ეს ვალდებულებები წლიდან წლამდე 11%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, Oracle-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე ფისკალურ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 6%-8%-ით გაიზრდება. Cerner-ის ჯანდაცვის განყოფილების შედეგების გამოკლებით, შემოსავალი, სავარაუდოდ, 8%-10%-ით მოიმატებს. ამავდროულად, ქლაუდ სეგმენტის შემოსავალი 26%-28%-ით გაიზრდება (Cerner-ის გამოკლებით). კორექტირებული EPS, სავარაუდოდ, დაახლოებით 13%-ით გაუმჯობესდება და $1.35-$1.39-ს შეადგენს.
Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $101.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $131.97-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $104.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Oracle-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Johnson Controls
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Johnson Controls-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 6%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის დაკლებული.
Johnson Controls კომერციული და საცხოვრებელი შენობების გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების (HVAC) მწარმოებელია.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში Johnson Controls-ის შემოსავალმა $6.9 მილიარდი შეადგინა, ხოლო EPS-მა — $1.05. ეს ორივე მაჩვენებელი ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $7.1 მილიარდი და $1.09 იყო.
გაყიდვები კომპანიის Global Products განყოფილებაში წლიდან წლამდე 2%-ით შემცირდა, რაც საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნის კლებით იყო გამოწვეული. Johnson Controls-ის Building Solutions-ის სეგმენტებისთვის გაყიდვები 7%-ით შემცირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რადგან სამონტაჟო ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედა სისუსტემ ჩინეთის ბაზარზე. Building Solutions-ის გაყიდვები 8%-ით გაიზარდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 7%-ით — ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინო ამერიკაში.
Johnson Controls-ის მენეჯმენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მეოთხე კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნება გადაიდებოდა კიბერშეტევის გამო, რომელიც პირველად 23 სექტემბერს გამოვლინდა. მარეგულირებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ინციდენტმა შეფერხებები გამოიწვია კომპანიის სისტემის იმ ნაწილებში, რომლებიც მხარს უჭერს ან უზრუნველყოფს ფინანსურ ანგარიშგებაში გამოყენებულ მონაცემებს. პრობლემების გადასაჭრელად კი მნიშვნელოვანი დრო და ყურადღება იყო საჭირო.
რაც შეეხება მომავალს, Johnson Controls-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს EPS დაახლოებით $3.65-$3.80-ს შეადგენს. ანალიტიკოსების პროგნოზი კი $3.96-ს აღწევს.
Johnson Controls-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $53.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $68.73-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $58.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Johnson Controls-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 29%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Rivian
გუშინ ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის — Rivian Automotive-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 5%-ით არის გაუმჯობესებული.
დიდი სიახლე, რომელმაც გუშინ Rivian-ის აქციების ფასის კლება გამოიწვია, იყო ის, რომ Ford-მა მომავალი წლისთვის ელექტრო F-150 Lightning-ისთვის წარმოების პროგნოზები გაანახევრა. კვირაში 3200 Lightning პიკაპის წარმოების ნაცვლად, Ford-ის მენეჯმენტი ახლა იანვრიდან კვირის განმავლობაში 1600 ერთეულის გამოშვებას მოელის.
იმის გათვალისწინებით, რომ Lightning ამჟამად Rivian-ის R1T სრულად ელექტრო პიკაპის უახლოესი კონკურენტია, ეს შეიძლება Rivian-ისთვის სასიხარულო ამბავიც კი იყოს. თუმცა Ford-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია წარმოების მოცულობას მომხმარებელთა მოთხოვნასთან შესაბამისობისთვის ამცირებს. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოთხოვნის წინაღობები Rivian-ის პიკაპებსაც შეექმნება.
Rivian-ის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ წელს დაახლოებით 54,000 ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. ეს მოიცავს კომპანიის სამი ავტომობილის ხაზს, რომლებიც შედგება პიკაპის, R1S SUV-ისა და ელექტრო კომერციული მიწოდების ფურგონისგან. მენეჯმენტს ჯერ არ დაუანონსებია წარმოების მოცულობის გეგმები 2024 წლისთვის, მაგრამ ზარალის შესაჩერებლად კომპანიას წარმოებისა და გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდა სჭირდება.
Ford-ის წარმომადგენლების განცხადება კი ნიშნავს, რომ კომპანიამ მომავალ წელს დაახლოებით 80,000 F-150 Lightning სატვირთო ელექტრომობილი უნდა აწარმოოს.
Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.